Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2014

თუნუქის ყუთი

იმ ზაფხულს ექვსი წლის შევსრულდი, იმ დღეებში კი დედაჩემის მშობლიურ სახლში ვისვენებდით. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები... ცხადია, პაპა დათა და ბებია ნუცა - ყველა იქ იყო. პაპაჩემის სახლი დიდი სახლია, კარგი სახლი. ახლა მომვლელი აღარავინაა და ვერანდება იქაურობა, მაგრამ მაშინ სოფელში საუკეთესო სახლი იყო ნამდვილად. ჩემი და ჩემზე უმცროსია ერთი წლით, ანუ მაშინ ხუთი წლისა იქნებოდა. ერთი ბიძაშვილი ერთი წლით უფროსია და, შესაბამისად, შვიდი წლის გამოდის. მისი და, ჩემი მეორე ბიძაშვილი, ჩემზე ცხრა წლით უფროსია და, მაშასადამე, მაშინ თხუთმეტი წლისა იქნებოდა უკვე. იმ დღეს კიდევ ერთი ახლო ნათესავი იყო სტუმრად, ასევე ჩვენხელა შვილით. ისიც შვიდი წლისა იქნებოდა მაშინ. 1980 წლის ზაფხული იდგა და მთელი ეს დიდი ოჯახი ზაფხულის ნეტარებით იყო მოცული. მშობლები, შვილები - ყველა ვისვენებდით. ყოველ საღამოს სტუმრები მოდიოდნენ. პაპაჩემი, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ოჯახის ქალები პაპაჩემის ხელმძღვანელობით, ყოველ საღამოს დიდ სუფრას შლიდნენ, იყო გაუთავებელი ჭურჭლის წკრიალი და საჭმლის წვა და ხარშვა.