Skip to main content

თუნუქის ყუთი

იმ ზაფხულს ექვსი წლის შევსრულდი, იმ დღეებში კი დედაჩემის მშობლიურ სახლში ვისვენებდით. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები... ცხადია, პაპა დათა და ბებია ნუცა - ყველა იქ იყო. პაპაჩემის სახლი დიდი სახლია, კარგი სახლი. ახლა მომვლელი აღარავინაა და ვერანდება იქაურობა, მაგრამ მაშინ სოფელში საუკეთესო სახლი იყო ნამდვილად. ჩემი და ჩემზე უმცროსია ერთი წლით, ანუ მაშინ ხუთი წლისა იქნებოდა. ერთი ბიძაშვილი ერთი წლით უფროსია და, შესაბამისად, შვიდი წლის გამოდის. მისი და, ჩემი მეორე ბიძაშვილი, ჩემზე ცხრა წლით უფროსია და, მაშასადამე, მაშინ თხუთმეტი წლისა იქნებოდა უკვე. იმ დღეს კიდევ ერთი ახლო ნათესავი იყო სტუმრად, ასევე ჩვენხელა შვილით. ისიც შვიდი წლისა იქნებოდა მაშინ.

1980 წლის ზაფხული იდგა და მთელი ეს დიდი ოჯახი ზაფხულის ნეტარებით იყო მოცული. მშობლები, შვილები - ყველა ვისვენებდით. ყოველ საღამოს სტუმრები მოდიოდნენ. პაპაჩემი, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ოჯახის ქალები პაპაჩემის ხელმძღვანელობით, ყოველ საღამოს დიდ სუფრას შლიდნენ, იყო გაუთავებელი ჭურჭლის წკრიალი და საჭმლის წვა და ხარშვა. საღამოს - დაღამებამდე ქეიფი, სიცილი, მხიარულება. ჩვენც, ბავშვები, დავქროდით აღმა-დაღმა, ხან სად შევეხეტებოდით, ავძვრებოდით, გადავძვრებოდით, შევძვრებოდით და ხან - სად. არავინ არაფერს გვიშლიდა, ვის ეცალა ჩვენთვის. ბავშვებს არ მოშივდეთ, არ გაიოფლონ, არ გაცივდნენ, რამე არ მოიტეხონ, არ იჩხუბონ - ეს საზრუნავები ისე გვარდებოდა, რომ საერთო მხიარულებას არავინ წყდებოდა.

პაპაჩემის უზარმაზარ სახლში საინტერესო გასართობი ძალიან ბევრი იყო. მდინარე, პნევმატური თოფები, ათასგვარი საინტერესო ნივთით გამოტენილი ძველი კარადები, თაობების დაგროვილი სათამაშოები, ულამაზესი გერმანული თოჯინები, რომლებიც ახლაც მახსოვს, ველოსიპედები, პედლებიანი მანქანაც კი! ამას ემატებოდა ყვავილებითა და დიდრონი ხეებით სავსე ულამაზესი ბაღი, სადაც შეგეძლო დამალულიყავი, ხეზე ამძვრალიყავი და, ბოლო-ბოლო, ხილი იმდენი გეჭამა, სანამ სუნთქვა შეგეკვრებოდა.

როგორც ვთქვი, ყველგან თავისუფლად დავძვრებოდით. მაგრამ იყო ერთი ოთახი, რომელიც მუდამ დაკეტილი იყო. მისი ფანჯრები გამოდიოდა მეორე სართულის დიდ ვერანდაზე, რომელიც სწორედ ის ადგილი იყო, სადაც დათა პაპა ყოველდღე სუფრას ფენდა, მაგრამ ეს ოთახი გაღებული არავის გვინახავს. ფანჯრებს სქელი ფარდები ფარავდა, შიგნითაც მუდამ ბნელოდა და, სიმართლე რომ ვთქვათ, იქ შესვლა აზრადაც იშვიათად მოგვსვლია. ერთი-ორჯერ ვიკითხეთ და პასუხად მივიღეთ, რომ გასაღები პაპამ სადღაც დაკარგა. ჩვენც თავი დავანებეთ.

იმ დღეს ბავშვები ვერანდაზე ვერთობოდით. შუადღე იყო, საღამომდე სუფრა არ გაიშლებოდა, ამიტომ ხელს არავინ გვიშლიდა. უცებ, ქვემოდან ჩემი ცხრა წლით უფროსი ბიძაშვილი ამოვიდა და გასაღებების დიდი ასხმულა ამოიტანა, სადღაც ვიპოვეო.

მახსოვს სცენა: წინ ხათუნა დგას და ცდილობს, ამ კარებს რომელიმე გასაღები მოარგოს, უკან მისი ძმა დათო, მერე მე, მერე ორი თამარი - ჩემი და და ჩვენი ნათესავი, რომელიც იმ დღეს სტუმრად იყო მოსული. ასე რიგში ჩამწკრივებულები ველოდებით, როდის გაიღება კარი და ჩვენი უკანასკნელი ცნობისწადილიც დაკმაყოფილდება! რამდენიმე ცდის შემდეგ კარი მართლაც გაიღო და ყველა ამ ოთახში აღმოვჩნდით.

თავდაპირველი შთაბეჭდილებით სრულიად იმედგაცრუებულნი დავრჩით. დიდი ბებიის, ეკატერინე ფურცელაძის, ოთახი პრაქტიკულად ცარიელი იყო. იდგა მხოლოდ ერთი საწოლი და ძველებური მომცრო კომოდი. ზემოთ სხვენში ასასვლელის ხუფი დავინახეთ. ეს იყო და ეს! საწოლი ინტერესს არ იწვევდა, სხვენში კი ვერ ავიდოდით, ამიტომ ყველა ერთად მივადექით ამ კომოდს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, კომოდიც ცარიელი იყო, მხოლოდ მის ერთ უჯრაში წავაწყდით თუნუქის მოზრდილ ყუთს, რომლის გახსნაც ძალიან გაგვიჭირდა. ეტყობა, წლების განმავლობაში თუნუქის ფირფიტები ერთმანეთს შეზრდოდა და დიდი ჯაფა დაგვჭირდა, სანამ რამეს მოვუხერხებდით. ბოლოს, როგორც იქნა, ეს ყუთიც გავხსენით.

***

ახლა რომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი რაღაც ზღაპარს, ანდა საგმირო ეპოსის პროლოგებს ძალიან ჩამოგავს, თუმცა არც ამაშია რამე გასაკვირი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყუთში რაც ვნახეთ, იმან სამუდამოდ განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. მანამდე არ მესმოდა, რატომ მოადგებოდა ხოლმე მამაჩემს ცრემლი, როდესაც ისტორიაზე იწყებდა ლაპარაკს, ან რატომ დაუყვირა ერთხელ თავის რამდენიმე მეგობარს, დაპყრობილები ვართო და მაგიდას ისე დაარტყა მუშტი, რომ თეფშები ჰაერში აყარა და ნამსხვრევებადღა დაცვივდა იატაკზე. არ მესმოდა, რატომ იყო ჩვენი დიდი ბებიის საფლავი ეულად: სად იყო მისი მეუღლე, რომლის მოსახელეც იყო ბიძაჩემი? ეს ბავშვური ფიქრები ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ მალევე მიმივიწყებია - არც იმდენად მნიშვნელოვან კითხვებად მეჩვენებოდა.

ამ ყუთმა ყველა ისტორია გააცოცხლა. თუმცა მაშინ, იმ პატარა ოთახში, ბევრი ვერაფერი გავიგეთ. აქ იყო წერილები და სურათები. მათ შორის ის სურათი, რომელიც შემდეგ თავდაცვის აკადემიის რექტორობისას, კაბინეტში დავკიდე და, შესაძლოა, ახლაც იქ კიდია. ფოტოზე გამოსახულია ქაქუცა და ოცდაექვსი შეფიცული, ალბათ პირველი წუთები, როცა საფრანგეთის ერთი პატარა ქალაქის ქარხანას მიაღწიეს დროებით თავის შესაფარებლად. ფოტოზე ყველა ერთადაა.


ამ ყუთში იყო ის სურათიც, რომელიც ახლაც გვერდით მიდევს. ეს იყო ჩემი დიდი პაპის, დათა პაპას მამის, შალვას წერილები და სურათები, ემიგრაციიდან ოცი წლის განმავლობაში გამოგზავნილი ქაღალდები, რომლებმაც ჩემთვის მაშინ ძალიან დიდი ისტორია გააცოცხლა.

***

ჩემი დიდი პაპა, შალვა ჯავრიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 26 შეფიცულიდან ერთ-ერთი იყო. ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა და დამარცხების შემდეგ სტამბოლშიც ერთად წავიდნენ, შემდეგ კი საფრანგეთს მიაშურეს. მის ისტორიას ახლა არ მოვყვები, მაგრამ ის დღე, როდესაც დაკეტილი ოთახის კომოდში თუნუქის დიდი ყუთი ვიპოვეთ, პირველი შემთხვევა იყო, როცა შალვას არსებობის შესახებ გავიგე.

პაპაჩემი, ბებიაჩემი, ჩვენი მშობლები - ყველა ძალიან შეშფოთდა როცა ამ ყუთითა და კითხვებით ჩამოვაკითხეთ პირველ სართულზე. მაშინვე შიგნით შეგვიყვანეს, კარები გამოკეტეს და ჯერ სიტყვებს ეძებდნენ, რომ როგორმე აეხსნათ, რა წერილები და ფოტოები იყო ეს, შემდეგ კი პაპაჩემმა მოგვმართა: „მამაჩემის წერილებია შვილებო, დიდი კაცი იყო, ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებთ, მაგრამ ახლა ეს იცოდეთ, რომ არსად სიტყვა არ წამოგცდეთ. პატარები ხართ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს მშობლებს დაღუპავთ, თუ ენას ვერ გააჩერებთო.“ ეს კი გვითხრა, მაგრამ ჩვენი ნდობა ძალიან ძნელი იყო, ამიტომ დიდად დაფიქრებული და გულდამძიმებული გავიდა იმ ოთახიდან.

ყუთი დედაჩემმა შეინახა სადღაც იქვე, მერე რა მოხდა არ მახსოვს, მაგრამ კითხვებზე აღარავინ გვცემდა პასუხს. უფროსებმა თემა დახურეს.

მე ცნობილი ვიყავი როგორც უსაშველოდ ცნობისმოყვარე და აბეზარი ბავშვი და არცთუ უსაფუძვლოდ. ამიტომ, ეს შემთხვევა რამდენ კითხვას აღმიძრავდა, თავად წარმოიდგინეთ. რამდენიმე დღეში მამაჩემი დავიმარტოხელე და საშველი აღარ მივეცი. „რატომ მალავთ“, „რატომ დაგღუპავსეს ყუთი“, „რატომ არ ასვენია შალვა ეკატერინესთან ერთად“, „რატომ არ კიდია მისი სურათი კედელზე“, „რატომ აქამდე არაფერს გვეუბნებოდით“, „რატომ“, „რატომ“, „რატომ“...

მაშინ იყო, რომ დამიჯდა მამაჩემი და ყველაფერი მითხრა რაც იცოდა. მომიყვა რუსების მიერ საქართველოს დაპყრობაზე, ომზე თურქეთთან, სომხეთთან, გაქცეულ მთავრობასა და დარჩენილ მებრძოლებზე, აჯანყებასა და დამარცხებაზე, ემიგრაციაზე, გაჭირვებაზე, ოჯახის წევრების დევნაზე.... ერთი სიტყვით, ყველაფერი მითხრა, რაც იმ გრძელ საღამოს შეეძლო, დაეტია.

დღემდე ვფიქრობ, რომ დღეს ვინც ვარ, სწორედ მაშინ დავიბადე. დავიბადე მამაჩემის მონაყოლიდან და მისი ძალიან მადლიერი ვარ, რომ ექვსი წლის ბავშვს მენდო და ყველაფერი გამანდო. ტყუილს ვერ მეტყოდა - ამისთვის არ მზრდიდა. ამისი შეგნება კიდევ უფრო მიძლიერებს მის პატივისცემას.

***

მანამდე სერიოზულად მხოლოდ სიკვდილზე მიფიქრია. ისიც იმიტომ, რომ რამდენიმე თვით ადრე ჩემი სხვა დიდი პაპა გარდაიცვალა. ბებიაჩემი მარიამის მამა, უსაყვარლესი და უმშვიდესი კაცი - კოლა პაპა, რომელიც ოთხმოცდათექვსმეტი წლისა მიაბარეს მიწას. ძალიან ძნელი იყო სიკვდილის აღქმა. მახსოვს, დავწვებოდი ხოლმე ღამე დასაძინებლად და ვცდილობდი, წარმომედინა, რას ნიშნავს, აღარ არსებობდე. წარმოსახვა ძლიერი მქონდა და ერთხელაც ისე შორს შევტოპე,რომ უწონობა ვიგრძენი. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ჩემებურად გავიგე, რა არის სიკვდილი.

ახლა ახალი საფიქრალი გამიჩნდა, მაგრამ ეს გაცილებით რთული თემა იყო, მეტ ინფორმაციას მოითხოვდა ჩემგან. რადგან ყურადღება ამ მიმართულებით გამიმახვილდა, ცოტ-ცოტას ვკრებდი ინფორმაციას და ერთმანეთს ვაწებებდი, როგორც შემეძლო, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ისიყო, რომ უეცრად გავაცნობიერე - მთელი ეს ბედნიერება, რასაც ჩემს ოჯახთან ერთად განვიცდიდი, დაპყრობილ, მკვდარ, არარსებულ ქვეყანაში ხდებოდა. მახსენდებოდა ის ერთხელ განცდილი უწონობა და ამ ფიქრს ლამის გაგიჟებამდე მივყავდი. „თურმე, საქართველო არ არსებობს,თურმე, ეს ფარსი და მოჩვენებაა, თურმე, რუსები ძმები კი არა, მკვლელები, ადამიანებისა და ქვეყნის მკვლელები ყოფილან“ - ეს ფიქრი არ მასვენებდა. წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ვარსებობ იმაში, რაც არ არსებობს; რომ ჩემი „ქართველობა“ ნამდვილი ფარსია; რომ ასე შეუძლებელია, განსაზღვრო, ვინ ხარ...

ეს ფიქრები ერთ დღეში და ერთ წელშიც არ მოსულა. ეს იყო ცნობისმოყვარე ბავშვური გონების ეტაპობრივი ბრძოლა იმ აპორიასთან, რომლის წინაშეც იმ ყუთმა და მამაჩემის მონაყოლმა დამაყენეს. თუნუქის ყუთი ნამდვილი საქართველოს სიმბოლოდ იქცა ჩემთვის, თითქოს ბოთლში ჩადებული წერილივით მოცურდა ჩემთან და საიდუმლო მამცნო. თითქოს ნამდვილმა საქართველომ გამომიგზავნა ეს საიდუმლო, რომელიც უნდა გამომეცნო, თითქოს ჯადოსნური ზღაპრის გმირივით, აქ უნდა დაწყებულიყო ჩემი თავგადასავალი... ჩვენი თავგადასავალი...


p.s. ბლოგში გამოყენებულია ფოტოსურათები თუნუქის ყუთიდან. სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

Comments

Macie Downs said…
Hello matee great blog

Popular posts from this blog

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ

მოსალოდნელი ომის შესაძლო სცენარები

როგორი შეიძლება იყოს რუსეთის აგრესიის მოსალოდნელი სცენარი? როგორია ამ პირობებში პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა? ანდრო ბარნოვი საუბრობს ერთ-ერთ სცენარზე, სადაც რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში გახვიოს, რის შემდეგაც ხელს შეუწყობს მისთვის ხელსაყრელი კანდიდატის გაძლიერებას. ამ სცენარის ალტერნატივა მუდმივი ქაოსია... იხილეთ ვიდეო ინტერვიუ სრულად .