“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0
ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა.
ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა თვალები ფართოდ, სწორედ აქაური მოვლენაა პროტესტანტული რეფორმაცია და განმანათლებლობა. ეს სწორედ ის კულტურაა, რისკენაც ასე მიგვიწევს გული.
გამოდის, ნამდვილ ევროპად ბერძნების მიერ არასწორად გაგებული “ერებ” იქცა: ღამედ, რომელიც სინათლით მოიფინა, ღამედ, სადაც იძლია სიბნელე, სადაც ადამიანმა გაიღვიძა, თვალი ფართოდ გაახილა, საკუთარი თავი შეიცნო და ღმერთი დაინახა.
ჰომეროსის აქილევსმა მის პროპოტიპს აქაც აჯობა.
Comments