Skip to main content

კავკასიური ევროპა და ამერიკის მორალური უპირატესობა

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას საქართველოში ბევრი გულისფანცქალით ელოდა. ამ შეხვედრას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდი კითხვა იყო: „განახლდება თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოში?“. მაგრამ საკითხები ამით არ შემოიფარგლებოდა.

მოსკოვში ხელი ერთ რეალურ შეთანხმებას მოეწერა, ერთზეც შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. გამოქვეყნდა რამდენიმე ერთობლივი დეკლარაცია და მემორანდუმი. ამ ყველაფრიდან რეალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა და შეთანხმება ავღანეთისკენ ამერიკული ჯარისთვის კორიდორის გახსნის შესახენ. სხვა საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელი იყო და არც მომხდარა.

რა თქმა უნდა, იყო მოწოდებები თანამშრომლობის შესახებ ირანის, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, ასევე, ღიად ითქვა, რომ ნატოს გაფართოება არ შეიძლება შეჩერდეს რომელიმე მესამე ქვეყნის სურვილის გამო. ისიც ითქვა, რომ საქართველოს შესახებ უთანხმოება შეიარაღებული შეტაკებების გარეშე უნდა გადაიჭრას, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ობამას მხრიდან ითქვა. რუსებმა ის ხელგაშლილად, თუმცა მდუმარედ მიიღეს.



რა შეიცვალა? - თითქოს, არაფერი. კრემლმა ვერ მიიღო ვაშინგტონის თანხმობა საქართველოზე და ამ საკითხზე კითხვები მოიხსნა. პოლონეთსა და ჩეხეთში ინიცირებულ ანტისარაკეტო კომპლექსზეც ობამა მხოლოდ იმას დაპირდა რუსეთს, რომ ამ საკითხში ირანის ბირთვულ თემაზე თანამშრომლობის შემთხვევაში დათმობს. მაგრამ მედვედევი არც აქ აღმოჩნდა მზად რაიმე კონკრეტული დაპირების გასაცემად და რუსებმა გაჩუმება არჩიეს. თუმცა, მიუხედავად ერთი შეხედვით უშედეგო სამიტისა, ამერიკამ მაინც მიიღო რაღაც: ეს არის მორალური უპირატესობა, ანუ სწორედ ის, რისთვისაც ჩავიდა ობამა მოსკოვში. ობამამ რუსებს უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში თანამშრომლობა შესთავაზა. ეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მთავარი ფილოსოფიაა. გუნატანამოს ციხის გაუქმების შესახებ ბრძანებულების ხელმოწერისას, ქაიროში ვიზტისას, მოსკოვის სამიტზე თუ განაში სტუმრობისას ობამა დემოკრატიაზე, მშვიდობაზე და უკეთეს მსოფლიოზე საუბრობს. ასე რომ, დემოკრატიული დისკურსი კვლავ ბრუნდება მსოფლიო ასპარეზზე, ამ ფონზე კი ტერორიზმთან ბრძოლა პოზიციებს თმობს, შეურაცხყოფილ ამერიკას ლიდერი ამერიკა ანაცვლებს.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ობამას რწმენების გამო არ ხდება. ბუშის პრეზიდენტობის დროს ძალიან გართულებული საგარეო ურთიერთობები აისახა ამერიკის მიერ მორალური უპირატესობის დაკარგვის ტენდენციაში, რაც აშშ-ს ხელს უშლიდა მისი უზარმაზარი ძალისა და რესურსების მოძრაობაში მოსაყვანად. ბუშმა აშშ ლამის ყველასაგან მოძულებულ გოლიათად აქცია, ობამა კი თავის საგარეო პოლიტიკას სწორედ ამერიკის საერთაშორისო იმიჯის აღდგენით იწყებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია აშშ დღევანდელი პოლიტიკის შესაფასებლად, რადგან მოსალოდნელია, ამ სამუშაოს პარალელურად აშშ უფრო აქტიური გახდება საერთაშორისო ასპარეზზე.

ობამა პირდაპირ აცხადებს, რომ გეოპოლიტიკური აზროვნება ცივი ომის გადმონაშთია. ურთიერთხელსაყრელი გარიგებები, ერთმანეთის პატივისცემა, საერთაშორისო სამართლის პრიმატი, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებები, ლიბერალური დემოკრატია და საბაზრო ურთიერთობები - ეს ცნებები ამერიკის მომავალ პოლიტიკას საფუძვლად დაედება. ეს ის დისკურსია, რომლითაც ჩვენ ყველა წლების განმავლობაში ვიცნობდით ამერიკას და მოსალოდნელია, რომ ასევე გავიცნობთ მას მომავალში. ამიტომ, გეოპოლიტიკას ამერიკაში შეხედავენ როგორც ხელისშემშლელ (და დასაძლევ) გარემოებას საგარეო პოლიტიკის ვექტორების განსაზღვრისას. შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობებში უპიტარესობა მიენიჭება სამართალს, ნორმებსა და მორალურ პოზიციებს.

ამის მიუხედავად, ისევ უნდა დაისვას იგივე კითხვა: რა იცვლება? მაგალითად, როგორ მოიქცევა ამერიკა ირანის მიმართ? მისცემს თუ არა მწვანე შუქს ისრაელს, თუ ირანის რეჟიმი არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს დემოკრატიისაკენ და გამჭვირვალობისაკენ? ან, როგორ მოექცევა ობამა რუსეთს, თუ ეს უკანასკნელი არ დაადგება დემოკრატიისა და მეზობლების სუვერენული უფლებების პატივისცემის გზას? რას მოიმოქმედებს ავღანეთში? რას გააკეთებს ერაყში? თუ ამ თემებს დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ძირეული ცვლილებები ამ საკითხებში შეუძლებელია. მაგრამ ცვლილება მაინც იქნება: კერძოდ, თუ ბუშისთვის მთავარი იყო ბანდიტების გაუვნებელყოფა, ობამასთვის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და დემოკრატიის მშენებლობა იქნება გადამწყვეტი. ამიტომ, ამერიკა პარტნიორებს მხოლოდ ანტიტერორისტულ კამპანიაში თანამშრომლობას კი არ მოსთხოვს, არამედ - გაცილებით მეტს. სისხლისმსმელ ყაჩაღებს აღარ ექნებათ ფუფუნება, რომ ჩრდილოეთ თუ სამხრეთ კავკასიაში უაპელაციოდ ხოცონ მშვიდობიანი მოსახლეობა. ერთი სიტყვით, ამერიკა უბრუნდება ტრადიციულ კალაპოტს, ფუკუიამა ცოცხლდება, ჰანტინგტონი იღუპება, ცოცხლდება ზნეობრივი პოლიტიკის იდეა, შიშსა და სიხარბეზე დამყარებული პოლიტიკა კი უკან გადაიწევს.

ამერიკა ირანს მოსთხოვს, რომ პატივი სცეს ერაყის სუვერენიტეტს. რუსეთს მოსთხოვს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემას. სირიისთვის და პალესტინელებისთვის ისრაელის აღიარება, ისრაელისთვის კი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეასთან შეგუება დადგება დღის წესრიგში. ალბათ, დიდი ყურადღება დაეთმობა უმცირესობების საკითხს. მთავარი აქ ერაყის ქურთისტანი იქნება, თუმცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აქაც საკმაოდ მწვავე საკითხად დარჩება. იგივე შეეხება მოლდოვას და, გარკვეული თვალსაზრისით, უკრაინასაც.

ერთი სიტყვით, გარდა პალესტინისა, ერაყისა, ირანისა და ავღანეთისა, აშშ-ს თავის ტკივილს დღეს რუსეთი, სამხრეთ კავკასია და აღმოსავლეთ ევროპაც წარმოადგენს. დიდი სტრატეგია ასეთია: აშშ-მ უნდა შეინარჩუნოს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროპის უსაფრთხოებისთვის, ამისათვის კი უნდა უზრუნველყოს დივერსიფიცირებული ენერგო მომწოდებლები, უზრუნველყოს ახალი მარშრუტების უსაფრთხოება, შეაჩეროს რუსეთის აგრესიული ექსპანსია და განამტკიცოს ევროპის შიდა უსაფრთხოების სისტემა.

ამერიკას სჭირდება, ისეთი გარემო ჩამოაყალიბოს, სადაც რუსეთის შესაკავებლად პრინციპული პოზიციის დაფიქსირება აღარ იქნება ერთადერთი ბერკეტი. პრინციპული პოზიცია ძლიერი, თუმცა თავისთავად რთული პოზიციაა და ლავირების ნაკლებ საშუალებას შეიცავს თავის თავში. ამის ნაცვლად აშშ-ს სჭირდება, რომ მოწინააღმდეგეების მიმართ მრავალფეროვანი და მშვიდობიანი ზეწოლის ბერკეტები ჰქონდეს მომარჯვებული.

როგორ მიაღწევს ამერიკა ამ ყველაფერს? ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩამოთვლილ გამოწვევებს აშშ მარტო გაუმკლავდეს. დღეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში არ მალავენ სურვილს, გაშალონ ფართო თანამშრომლობა ტრადიციულ პარტნიორებთან და გადაწყვეტილებების მიღებისას მათი ინტერესები და სურვილები გაითვალისწინონ. ამისათვის ამერიკა ორ ძირითად მეთოდს მიმართავს: ერთია ე.წ. ღრმა ალიანსების შექმნა და პირდაპირი ურთიერთობა მოსახლეობასთან, რისი საუცხოო მაგალითიცაა პრეზიდენტ ობამას საჯარო გამოსვლები ქაიროსა თუ მოსკოვში. მეორე მეთოდი კი არის ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების შეთავაზება ტრადიციული თუ სასურველი პარტნიორებისათვის. თუმცა, ამ სტრატეგიის განხორციელებისას მთელი მსოფლიო ამერიკის სასურველი პარტნიორია და კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, ვინ როგორ აკმაყოფილებს პარტნიორობისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოსთვის და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ თურქეთის როლი ამ სტრატეგიაში, ალბათ, ერთ-ერთი ცენტრალური იქნება. თუ ვინმეს უნდა უსმინოს დღეს ამერიკამ, პირველ რიგში ეს სწორედ თურქეთია. თურქეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, რომელიც ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას, ხმელთაშუა, შავ და კასპიის ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბირთვულ შეიარაღებას თუ არ ჩავთვლით, თურქეთი სიძლიერით მეორე სახელმწიფოა ნატოში და იქნებ, მსოფლიოშიც კი. ამიტომ, მასთან თანამშრომლობა მხოლოდ ორმხრივად სასარგებლო მოლაპარაკებების საფუძველზეა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ დაინტერესებულია თურქეთის მიერ რეგიონში პრივილიგირებული როლის მიღებით და ეცდება, ძალიან მჭიდრო კონტაქტები დაამყაროს ანკარასთან. ძირითადი დამაბრკოლებელი გარემოება აქ თურქეთში მზარდი ისლამისტური ტენდენციებია, რასაც ვაშინგტონი არ შეეგუება. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ამერიკა ფართოდ გაშლის თანამშრომლობას თურქეთის სამოქალაქო საზოგადოებასთანაც და ეცდება, ხელი შეუწყოს თურქეთის შუა გზაზე გაჩხერილი ტრანსფორმაციის პროცესის შემდგომ გაღრმავება-გაძლიერებას.

ანკარა-ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების მთავარი საფრთხე მაინც ისაა, რომ თურქეთმა გადაჭარბებულად არ აღიქვას თავისი შესაძლებლობები. ანკარამ უნდა გაიგოს, რომ დღეს თურქეთს არა აქვს იმის რეალისტური შესაძლებლობა, რომ რეგიონში მარტომ იმოქმედოს, რუსეთთან თანამშრომლობა კი, მოსკოვის საპირისპირო ინტერესების გამო, დამღუპველი ილუზიაა. სამაგიეროდ, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით თურქეთს შეუძლია განიმტკიცოს სატრანზიტო ფუნქცია, გააძლიეროს ეკონომიკა, გადაიქცეს უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ევროპის ენერგო-უსაფრთხოების თვალსაზრისით, დააკონსერვოს ქურთისტანის პრობლემა და, ზოგიერთი სცენარით, მოიპოვოს გავლენა ირანზეც კი. ძნელი წარმოსადგენია, რომ თურქეთი მეტ მოგებას ნახავს ამერიკასთან უმჭიდროეს თანამშრომლობაზე უარის თქმით. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სანაპირო დაცვის მიმდინარე წრთვნები ამერიკის და თურქეთის სამხედრო ხომალდებთან ერთად შეიძლება სწორედ ამგვარი თანამშრომლობის ნიშანი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთისა და ამერიკის თანამშრომლობის გაღრმავება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი და, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიისთვის თურქეთის პოზიცია უმნიშვნელოვანესია, თურქეთი მაინც ვერ იქნება რუსეთის იმგვარი შემკავებელი, როგორიც შეიძლება იყოს ამერიკა. ამიტომ სამხრეთ კავკასიისთვის მთავარი ისაა, რომ თურქეთს ჰქონდეს ხელშემწყობი პოზიცია და აშშ-სთან უნისონში მოქმედებდეს. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს, უპირველეს ყოვლისა კი საქართველოს, ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლიათ ამგვარი ტენდენციების მხარდასაჭერად.

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ძალიან მჭირდო თანამშრომლობა ამერიკასთან დიდწილად განსაზღვრავს თურქეთის პოზიციასაც. ბუნებრივია, აქ არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. პირიქით, სამხედრო თანამშრომლობა შეიძლება ბოლო პრიორიტეტადაც კი მივიჩნიოთ თანამშრომლობის პრიორიტეტებს შორის. ყველაზე კარგი, რაც საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეიძლება გააკეთონ, ეს რეგიონში ამერიკის აქტივობის ლეგიტიმური საფუძვლების შექმნა და გაძლიერებაა. ამ სახელმწიფოთა პოლიტიკა ისე უნდა წარიმართოს, რომ ერთის მხრივ, მაქსიმალურად ეფექტიანად შეძლონ ამერიკის მორალური უპირატესობის გამოყენება, მეორეს მხრივ კი - გააძლიერონ ეს უპირატესობა. ამის გაკეთება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ეცდებიან, ერთმანეთთან და ამერიკასთან მჭიდრო კონსულტაციებით გადაწყვიტონ ყველაზე მწვავე პრობლემები.

შიდა დემოკრატიის განმტკიცება და კონფლიქტების მოგვარება ამ მხრივ ყველაზე მწვავე თემები იქნება. ერთი შეხედვით, შეიძლება რთული წარმოსადგენი იყოს, რომ ამ პრობლემების გადაჭრა რეალურად შესაძლებელია, მაგრამ აქ გადამწყვეტი იქნება დისკურსის ხარისხი და გაქანება, რომელიც ამ სახელმწიფოთა ლიდერებმა საკუთარ მოსახლეობას შეიძლება შესთავაზონ. რეგიონში, სადაც ყველა პრობლემის სათავე უნდობლობა, შიში, აგრესია და არაინფორმირებულობაა, გამოსავალი მხოლოდ ისეთი დისკურსით მოიძებნება, რომელიც ნდობის, თანამშრომლობის, განათლების, დემოკრატიის, განვითარებისა და რეგიონის საერთო უსაფრთხოების მშენებლობისაკენ იქნება მიმართული. ამ ყველაფრის ერთობლიობას კი „პატარა ევროპა“ შეიძლება ვუწოდოთ. მოსახლეობასთან პირდაპირი კონტაქტით, მთავრობებთან უმჭიდროესი მუშაობით, ანუ მომავლის ხედვისა და ამ ხედვის განხორციელების მექანიზმების შეთავაზებით ამერიკას შეუძლია, რომ დედამიწის ამ ნაწილში სიკეთისა და პროგრესის განსახიერება გახდეს.

საერთაშორისო საზღვრების ურღვევობა, ადამიანის უფლებები, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებები, რეალური თვითმმართველობა, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოები, დამოუკიდებელი და კომპეტენტური მედია, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები, ექსკლუზიურად თავდაცვაზე ორიენტირებული სამხედრო სისტემები, მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში, რეგიონის სახელმწიფოთა მჭიდრო ეკონომიკური, კულტურული და სტრატეგიული თანამშრომლობა - ეს არის მოდელი, რომელიც სამხრეთ კავკასიას მართლაც პატარა ევროპად გადააქცევს. მაგრამ ამ მოდელის განხორციელებას სჭირდება ორი ძირითადი რამ: ძლიერი უსაფრთხოების ქოლგა რეგიონის საგარეო საფრთხეების ნეიტრალიზებისათვის და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიურობა შესაბამისი ხედვებისა და ცნებების პოპულარიზაციისათვის მოსახლეობაში. თუმცა, ამის გარდა, აუცილებელია ლიდერობა - ამერიკის ლიდერობა და ადგილობრივი საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ლიდერები. აუცილებელია, რომ რეგიონის უფრო და უფრო მეტმა ლიდერმა შეიძინოს მომავლის მტკიცე ხედვა. დღეს მსოფლიოს და მათ შორის სამხრეთ კავკასიასაც სჭირდება ფილოსოფოსები, რომლებსაც მომავლის რწმენა ამოძრავებთ. ამერიკის სახით დღეს მსოფლიოს ჰყავს არა მხოლოდ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, არამედ - ზნეობრივი და ინტელექტუალური ლიდერიც, კარგი იქნება, თუ ასეთ ლიდერებს სამხრეთ კავკასიაშიც ვიხილავთ.

Comments

Giorgi Chubinidze said…
საკმაოდ საინტერესო კარგი ანალიზია მაგრამ მაქვს კონკრეტული შენიშვნები.
1) როდესაც საუბარია ობამას მიერ ამერიკის პოლიტიკის გარდაქმნაზე, გეოპოლიტიკის დაძლევაზე,საერთაშორისო ურთიერთობებში სამართლზე და მორალზე დაყრდნობაზე, ჩნდება უამრავი კითხვა: რატომ არის ობამა შემწყნარებელი არადემოკრატიული და ამავდროულად პრო დასავლური რეჟიმებისადმი? თვალსაჩინო მაგალითებია ეგვიპტე,საუდის არაბეთი,სინგაპური და ა.შ
2)რა თქმა უნდა ობამა შეამცირებს გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაზე აქცენტის გაკეთებას, არა იმიტომ რომ ის ახალი იდეალების მატარებელი და გამტარებელია არამედ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ომმა ტერორიზმთან თავისი შედეგი მოიტანა და დღეს აღარ არის საჭირო, შედეგებში ძირითადში ვგულისხმობ ერაყისა და ავღანეთის კონტროლს.
3)სტატიაში ასევე აქცენტია გაკეთებული ობამას მიერ მშვიდობაზე,დემოკრატიაზე და უკეთეს მსოფლიოზე საუბარზე რაც აღნიშნულია როგორც პოზიტივი თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჯორჯ ბუშიც სწორედ ამ სამი იდეაზე პედალირებდა თუმცა რეალობა სხვა იყო.
androbarnovi said…
ბატონო გიორგი, სამწუხაროდ თქვენი შენიშვნების შინაარსი ვერ გავიგე. ანუ რას გვთავაზობთ, ობამამ ურთიერთობა გაწყვიტოს ეგვიპტესთან ან საუდის არაბეთთან? ან, საიდან ასკვნით რომ ერაყსა და ავღანეთზე დღეს ამერიკას კონტროლი აქვს დამყარებული? რაც შეეხება ბუშს, მისი ძირითადი მესიჯი ტერორისტების დევნა იყო და მას ეკუთვნის სიტყვები, რომ "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენს წინააღმდეგააო".
Giorgi said…
თუ ბარაკ ობამას რეალური მიზანი მსოფლიოში დემოკრატიული სისტემის გავრცელება და მხარდაჭერაა, პირველ რიგში ეს მისი პარტნიორი ქვეყნებიდან უნდა დაიწყოს რათა რეალურად ჰქონდეს მორალური უპირატესობა, ხოლო ურთიერთობების გაწყვეტას რაც შეეხება აქ არაფერ შუაშია..
ერაყს დაკარგული აქვს სუვერენიტეტი, მის ცას,ზღვას და უამრავ ტერიტორიებს ამერიკელები აკონტროლებენ.. გამოყვანით შეიძლება ერთხელაც სრულად დატოვონ ამერიკელებმა ტერიტორია მაგრამ ერაყში დარჩება მისი ნავთობ კომპანიები და პრო ამერიკული ქურთისტანი.. (ერაყის პრეზიდენტიც ქურთია)
აქვე დავამატებ კისინჯერის სიტყვებს "control energy and you control the nations",დღეს კი ერაყის უმთავრესი სიმდიდრეები ანგლო-ამერიკული კომპანიების ხელში გადადის..
ავღანეთთან დაკავშირებით კი რა მოგახსენოთ, დღითი დღეს იზრდება ამერიკული კონტინგენტი ამას არ ჰქვია კონტროლი?
ჩემი აზრით სიტყვებით თამაში მხოლოდ მიზნის მიღწევის ერთ ერთი საშუალებაა..
androbarnovi said…
1. დღეს რომ ამერიკამ ეგვიპტის და საუდის დემოკრატიაზე დაიწყოს ლაპარაკი, ეს ურთიერთობების გაწყვეტამდე მიიყვანს.
2. ერაყს დაკარგული აქვს სუვერენიტეტი, მაგრამ მისი პარლამენტის ნახევარს დღესაც ირანი აკონტროლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სიტუაციაზე "ქუჩაში" სადაც შეტაკებები არ წყდება.
3. პროამერიკული ქურთისტანი ერთის მხრივ აწყობს ამერიკას, მაგრამ მეორეს მხრივ თურქებთან ურთიერთობების ფასად დაუჯდა.
3. კისინჯერის სიტყვები ბევრნაირად შეიძლება იქნას გაგებული მაგრამ არა ისე, რომ იარაღით კონტროლი ეფექტური კონტროლია
4. ამერიკამ დღემდე ვერ გადაჭრა ავღანეთთან მისასვლელი გზის პრობლემა და კავკასია თუ ვერ დაიცვა, ძალიან დიდხანს ჩაეფლობა მაგ ომში და ბოლოს წააგებს. თან ისე, რომ შეიძლება ნატოც ხელში შემოეშალოს.
5. დაბოლოს, ობამა ანგელოზი არ არის, მაგრამ მორალური უპირატესობის მოპოვება სჭირდება, რომ სამოქმედო ლეგიტიმაცია მოიპოვოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისთანაც აწყობილი აქვს ურთიერთობები, იმასთანაც გაიფუჭოს.
Giorgi said…
1)რეალისტურად თუ მივუდგებით მაშინ ამერიკა ამ საკითხს არ დასვამს არასოდეს სანამ ეს ორი ქვეყანა მათთვის ფასეულს წარმოადგენენ და მათთვის მისაღებ პოლიტიკას ატარებენ, ეს აბათილებს იმ აზრს რომ ამერიკა იბრძვის მსოფლიოში დემოკრატიის გაძლიერებაზე და გეთანხმებით იმაში რომ დღეს რომ დემოკრატიაზე დაიწყოს საუბარი ამერიკამ ეს გამოიწვევს ურთიერთობების გაწყვეტას..
2)ირანი თუ რეალურად აკონტროლებს ერაყის მთავრობას მაშინ ეს უნდა გამოჩნდეს მათ ქმედებებში და არა ისე როგორც ეხლა გააქვთ ყველაფერი საპრივატიზაციოთ.
ქუჩას რაც შეეხება მაგაზე ვერაფერს ვიტყვი ფაქტია რომ ქუჩის შეტაკებებმა პროცესს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია..
3)თუმცა იგივე ნაბუკოს საკითხში მოახერხეს ამერიკელებმა თურქების დაყოლიება.
4)ალბათ საბოლოოდ ეგვიპტის ტიპის სახელმწიფო ჩამოყალიბდება ერაყისგან..
5)კავკასია თუ დაკარგა მაშინ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიო გეოპოლიტიკურ ვითარებაში..
თუმცა რატომღაც მგონია რომ კავკასიას ამერიკა არ დაკარგავს და შეიძლება კავკასიის პატარა საჭადრაკო დაფა თურქეთს დაუთმოს თუნდა ქურთისტანის სანაცვლოდ, თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები სომხეთის მისამართით სწორედ ამის დადასტურებაა ჩემი აზრით..
ავღანეთის საკითზე სანამ ნაბუკო მოქმედებაში არ შევა მანამ დარჩება ამერიკა ავღანეთში, თუ რატომ მაქვს ამაზე ჩემი მოსაზრება..
საერთოდ მე ავღანეთს განვიხილავ როგორც პლაცდარმ სახელმწიფოს ჩინეთის რკალში მოსაქცევად..
6)კი ბატონო ობამას აქვს მორალური უპირატესობა ირანთან, მაგრამ რა მოიტანა ამან? არაფერი.
აქვს უპირატესობა რუსეთთან, რა მოიტანა ამან? არაფერი.
აქვს უპირატესობა ჩრდ.კორეასთან,შედეგი აქაც ნულია.
ამერიკის ვისაც სჯეროდა აქამდე ის ეხლაც დაიჯერებს ხოლო ვისაც არა ვეჭვობ რომ არც შემდგომ შეიცვლის აზრს..
გერმანიის მაგალითი ყველაზე თვალში საცემია, როდესაც საფრანგეთთან ერთად დაუპირისპირდა ობამას გლობალური ეკონომიკის სტიმულირების გეგმას..
androbarnovi said…
რა გითხრათ გიორგი, ბევრ რამეში მართალი ხართ, ბევრში - ნაწილობრივ, რაღაცეებში არ გეთანხმებით. მოკლედ, გრძელი თემაა...
Giorgi said…
ისე ბატონო ანდრო, დღევანდელ ქართულ პოლიტ-ექსპერტულ ისტებლიშმენტში თქვენ ყველაზე ობიექტური ექსპერტი ხართ.. :)
და იმედია ჩემ მოკრძალებულ ნააზრევსაც გაითვალისწინებთ გეოპოლიტიკის შეფასებისას..
დიდი მადლობა რომ გამოეხმაურეთ ჩემს დაწერილს..
androbarnovi said…
გმარლობთ გიორგი. კარგია, რომ თქვენს თავში დარწმუნებული ხართ, მაგრამ სხვის ნაწერს ყურადღებით არ კითხულობთ :) კიდევ ერთხელ გმადლობთ, საერთოდ ყველა ღირებულ აზრს ვითვალისწინებ.

Popular posts from this blog

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

ფართოდ გახელილი თვალები

“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0 ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა. ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა...