- ბატონო ანდრო, რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების დამდგენი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა. თქვენი აზრით, რა შეიცვალა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე ამ პერიოდში?
ვფიქრობ, პირველ რიგში ის შეიცვალა, რომ გაქრა ამ დასკვნის ლამის ფატალისტური მოლოდინი. ამას გარდა, დადასტურდა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულობების უამრავი ფაქტი, რაც სამომავლოდ საქართველოს სამართლებრივი ბრძოლის ძალიან კარგ საშუალებებს აძლევს. ეს დოკუმენტი ევროკავშირის ქვეყნებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება მომავალში. არც ერთი ფრაზა, რომელიც აქ წერია, საქართველოს დადანაშაულების რეალურ საფუძველს არ იძლევა. სამაგიეროდ, იძლევა რუსეთის დადანაშაულების საფუძველს ყველაფერში, რაც მათ ჩაიდინეს.
– ექსპერტების ნაწილის მტკიცებით, ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო რეიტინგი კიდევ უფრო მეტად დაკარგა. როგორია თქვენი მონაცემები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
მე არ ვიცი ვინ არიან ეს ექსპერტები. კარგი იქნებოდა მათი მოსმენა. პირადად მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი იძლევა საფუძველს, დავასკვნათ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება არ იყო საკმარისად ეფექტიანი სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ამ დოკუმენტის შემდეგ ობიექტურ მკითხველს ნაკლები პრეტენზიები გაუჩნდება ხელისუფლების მიმართ, ვიდრე მანამდე შეიძლება ჰქონოდა.
რაც შეეხება სააკაშვილის საერთაშორისო რეიტინგს, დოკუმენტის გამოქვეყნების წინა დღეს ის უფრო დიდი არ ყოფილა, ვიდრე გამოქვეყნების შემდეგ. შეიძლება პირიქითაც კი მოხდა. საერთოდ, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს თუ არ ჩავთვლით, მისი რეიტინგის ვარდნის მიზეზია არა სააკაშვილი, არამედ - ისევ და ისევ აგრესიული რუსეთი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ გვამად გადააქციოს და ამისათვის ყველა დასაშვებ და დაუშვებელ ხერხს მიმართავს. თავისთავად გასაოცარია, რომ ამდენი ხნის ძალიან აგრესიული მცდელობის მიუხედავად, რუსეთმა ეს მაინც ვერ მოახერხა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საშინელი პრობლემები შეგვიქმნა. ერთი სიტყვით, დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ ყველაზე დიდ სკეპტიკოსებსაც კი გაუქრათ იმის ფიქრი, რომ ამ დასკვნას რამის შეცვლა შეეძლო. თუ დაუკვირდებით საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებს, შეამჩნევთ, რომ ის ნელ-ნელა ბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკის სცენაზე. სააკაშვილის საერთაშორისო რეიტინგის აღდგენა რუსული საფრთხის შემცირების, ანუ საქართველოს უსაფრთხოების ზრდის პროპორციულად მოხდება.
- კომისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ კომისიის ანგარიში ევროპისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილს წარმოადგენს. რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, რუსეთმა და ევროპამ?
ევროპამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი ინერტული პოლიტიკის შედეგები. ეს ლამის პირდაპირ წერია დოკუმენტის დასკვნით ნაწილში. რუსეთი არაფერს გაითვალისწინებს, საქართველომ კი ის უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი ბედი პირველ რიგში ჩვენსავე ხელშია. ჩვენ ერთად ვიქნებით ძლიერებიც და სუსტებიც, იმის მიხედვით თუ რამდენად ძლიერი იქნება ერთიანობა ქვეყნის შიგნით.
- უცხოელი ლიდერები აცხადებენ, რომ “ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს აქტიური ნაბიჯების გადასადგმელად”. თქვენი აზრით, რა ნაბიჯებზე შეიძლება, იყოს საუბარი?
იმ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთთან ომის განახლების საფრთხეს გამორიცხავს და ჩვენი მოსახლეობის რეინტეგრაციაში დაგვეხმარება. დიდი ბედნიერება იქნება, თუ ოდესმე ვეღირსებით ასეთი ევროპის ხილვას, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია. თავად ევროპაში პოზიციები არ არის ჰარმონიზებული, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები უკიდურესად რთულია, რუსეთზე დამოკიდებულება - დასაშვებზე დიდი. ამიტომ, ევროპა ბუნებრივად ხელ-ფეხშეკრულია. ამის მიუხედავად, ევროკავშირში ძალიან კარგად ესმით, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედონ და როცა სწრაფ ნაბიჯებს ვერ დგამენ, გათვლას გრძელვადიანზე აკეთებენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ამ მხრივ ძალიან საყურადღებოა და მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი ძალიან დიდ ყურადღებას დაუთმობს მის ეფექტიანად განხორციელებას.
რა თქმა უნდა, ევროკავშირი გააგრძელებს აქტიურობას კრიზისის მართვის ღონისძიებებში და აქ მისი როლი ყველასთვის თვალსაჩინოა. შეგვიძლია გავიხსენოთ ევროპის როლი აგვისტოს ომისას, ან ევროკავშირის მონიტორები, რომლებიც დღეს ოკუპანტების კონტროლის ერთადერთ ფორმატს ახორციელებენ. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რეგიონი ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და, რაც მთავარია, ამის გაგება ბრუსელში ნამდვილად არსებობს.
- ევროკავშირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უცხოური მედია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივების შემცირებაზე ალაპარაკდა. გამოცემა “The National”-ის ინფორმაციით, “ნატო-ს ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსები, რომლებიც 2008 წელს შეერთებული შტატების მხარდაჭერით ესოდენ დიდი იყო, მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს პერსპექტივა ათი წლით მაინც გადავადდა”. დღეს კი ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ ნატო-ს გენმდივნის განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვით, საქართველო შესაძლოა, ნატო-ში მაპ-ის გარეშე გაწევრიანდეს. თქვენი მონაცემებით, რა შანსები აქვს საქართველოს ნატო-ში გაწევრინების?
არ არის აუცილებელი ყველა განცხადების ცალკე ანალიზი. ეს საზოგადოების დაბნევის გარდა არაფერს იძლევა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ მაპ-ი არ არის ნატოში გაწევრიანების არც აუცილებელი წინაპირობა და არც ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი. ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი და მასში ახალი წევრების მიღებაც სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებებით ხდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველოს ნატოში მიღება შეუძლებელია იმის გამო, რომ თავად საქართველო ალიანსის უსაფრთხოებას ვერ გაზრდის, ალიანსს კი დღეს არ შეუძლია, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტორად დადგეს. სამწუხაროდ, ეს არის გრძლი და რთული პროცესი, სადაც ჩვენი ვალი ისაა, რომ ქვეყნის შიგნით არსებული დამაბრკოლებელი ფაქტორების მინიმიზაცია მოვახდინოთ. ვფიქრობ, საქართველო აშშ-ს უახლოეს პარტნიორად დარჩება რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოში ინტეგრაციისაკენ მიმართულ პოლიტიკას, მაგრამ ისე, რომ ამ პროცესში რეალური პოლიტიკის რეალურ ფაქტორებს გავითვალისწინებთ.
- ბატონო ანდრო, მოდით, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზეც ვისაუბროთ. რა შეიცვალა კომისიის დასკვნის შემდეგ ქვეყნის შიგნით?
აქაც იგივეს ვიტყოდი. შეიცვალა ის, რომ გაქრა ფატალისტური დამოკიდებულება ამ დოკუმენტის მიმართ. ამდენი ხნის განმავლობაში დასკვნაში ვერავინ მონახა რაიმე ისეთი, რაც მიხეილ სააკაშვილის დანაშაულს დაადასტურებდა. ამიტომ, ძირითადად გვესმის ან უსაფუძვლო ბრალდებები, ან - საუბარი არასწორ პოლიტიკაზე, რაც ჩვეულებრივი პროცესია და პოლიტიკური დებატების თემას წარმოადგენს. მე მგონი, რაიმე გადამწყვეტი ცვლილება ამ დოკუმენტს არ მოუტანია საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის.
- არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის დასკვნა ხელისუფლებასთან დაპირისპირების და მის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი საბაბი გახდა. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ანგარიშში საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებაში არის დადანაშაულებული, რასაც ხელისუფლება უარყოფს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოქმედებს ეს ბრალდებები საზოგადოებაზე?
რა თქმა უნდა, ეს ბრალდებები თავის შავ საქმეს აკეთებს. რამდენი ადამიანი წაიკითხავს ამ დასკვნას თავისი თვალით? მოსახლეობის უმრავლესობა იძულებულია, რომ სხვის შეფასებებს დასჯერდეს. სამწუხაროდ, ეს ისეთი პროცესია, სადაც ტყუილიცა და მართალიც ერთნაირი წარმატებით იყიდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დოკუმენტი საქართველოს და რუსეთს ერთი-ათთან თანაფარდობით ადანაშაულებს და იმ ერთშიც კი, სადაც საქართველოს ბრალეულობაზეა ლაპარაკი (სოჭის ხელშეკრულების დარღვევას ვგულისხმობ), შეუძლებელია, რომ დასკვნის ავტორებს დაეთანხმო, რადგან საქართველოს რეაქციამდე რუსების მიერ საზღვრის დარღვევა დაფიქსირდა, რაც სამართლის ყველა ნორმით აგრესიად ითვლება და რაც ასევე დასტურდება ამ დოკუმენტით. ასე რომ, ამ ხელშეკრულების დამრღვევიც რუსეთი იყო და არა - საქართველო. ასეა თუ ისე, დასკვნაში ვერსად ნახავთ პუნქტს, რომელიც საქართველოს ერთმნიშვნელოვნად ადანაშაულებდეს რამეში, რუსების დანაშაულობათა აღწერით კი, შეიძლება ითქვას, გადავსებულია დოკუმენტი. მათ შორის, ეთნოწმენდის ფაქტებითაც, რაშიც რუსები არიან დადანაშაულებულნი და არა - ქართველები. და ეს ყველაფერი მოხდა იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, რუსებს ეძლეოდათ იმის საშუალება, რომ გამოქვეყნებამდე გაცნობოდნენ დოკუმენტის სამუშაო ვერსიებს.
- ნოემბერში რადიკალებად წოდებული ოპოზიცია კვლავ საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს. რა შედეგებს უნდა ველოდოთ ამ აქციებისგან იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის მეორე ფრთა არჩევნების გზას ირჩევს? როგორ ფიქრობთ, რომელი გზა უფრო მისაღები იქნება საზოგადოებისთვის?
ე.წ. ”რადიკალების” გეგმა ძალიან მაფიქრებს. იმიტომ კი არა, რომ რეალურად რამე ცუდს ველი, არამედ უფრო იმიტომ, რომ ამდენი ადამიანი თავისი თავის რეალიზაციას ამ ფუჭ საქმეში ცდილობს. უცნაური და სამწუხარო ისაა, რომ მათ შორის გამოცდილი ადამიანებიც არიან. თავად განსაჯეთ - რა არის მათი მიზანი, თუ არა რევოლუცია? ვინ გამოიყენებს საქართველოს არეულობას სათავისოდ, თუ არა რუსეთი? გარდა იმისა, რომ რევოლუცია სრულიად გაუმართლებელი და დამღუპველი იქნებოდა, ისიც ცხადია, რომ ამ ჯგუფს არანაირი ლეგიტიმაცია და რესურსი არ გააჩნია. ამის მიუხედავად, იგივეს აგრძელებენ და მხოლოდ იმას უზრუნველყოფენ, რომ ქვეყანაში ქაოსი და დაძაბულობა არ დასრულდეს. ვფიქრობ, ყველა დაიღალა მსგავსი პროცესებით და სრულიად უეჭველი მგონია, რომ საზოგადოება უპირატესობას ოპოზიციის მეორე ფრთას მიანიჭებს. თუ რუსეთის საფრთხის ნეიტრალიზება ეფექტურად მოხერხდება, მაშინ საქართველოში გაიმარჯვებს ის პოლიტიკა, რომელიც დამყარებული იქნება კონკრეტულ საქმეებზე და კონკრეტულ დებატებზე, რომელიც იქნება არა თვითმიზნური, არამედ - ორიენტირებული იქნება კონკრეტულ შედეგებზე და კონკრეტულ ხედვებზე. საბოლოოდ, ის დროც მოვა, როცა ხელისუფლებაში ყოფნა მიზნის მიღწევის საშუალება იქნება და არა - თავად მიზანი. მთავარია, როგორმე კრემლს არ შევაჭამოთ თავი.
Comments