თქვენო უწმინდესობავ,
მთელი ცხოვრება ფიქრში გაქვთ გატარებული, ბიბლიას, სახარებას, წმინდა მამათა ნააზრევს ზედმიწევნით იცნობთ, ალბათ, სხვა მრავალი ფილოსოფიური და სამეცნიერო ლიტერატურაც წაგიკითხავთ და ღრმად გაგიაზრებიათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ დაგროვილი და კარგად იცით, რას ამბობთ და რისკენ მოუწოდებთ ერს. ერი გენდობათ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მოღვაწე ბრძანდებით, მსოფლიოს ლიდერებს, გამოჩენილ და წარმატებულ ადამიანებს პირისპირ ესაუბრებით, ყველაფერი იცით, რაც გარშემო ხდება. ქართული ეკლესია თქვენს ხელში ახლიდან დაიბადა, თქვენს თვალწინ დაიკიდა ერმა ჯვარი, თქვენს სიტყვას უდიდესი წონა აქვს, ერი მოგყვებათ და უდიდეს პასუხისმგებლობას გაკისრებთ. თქვენ ეს კარგად იცით.
მე რიგითი ქართველი ვარ, თქვენო უწმინდესობავ. რიგითი ქრისტიანის კვალობაზე სახარებაც კარგად ვიცი და ბიბლიაც, ფილოსოფიური და სამეცნიერო ლიტერატურა მეც წამიკითხავს და შეძლებისდაგვარად გამიაზრებია. გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება მეც მაქვს, თქვენო უწმინდესობავ. ურიგოდ არ მიცხოვრია, ბევრი რამ გამიკეთებია, მაღალ თანამდებობებზეც მიმუშავია სწორედ იმიტომ, რომ მოქალაქეობას და ადამიანობას ყოველთვის წინ ვაყენებდი, რთული გადაწყვეტილებებიც მიმიღია, საკუთარი ვიწრო ინტერესიც არაერთხელ გამიწირავს საზოგადოს სასარგებლოდ და შეცდომაც ბევრჯერ დამიშვია. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ, სიკეთე მიყვარს, ჩემი ქვეყანა მიყვარს, ადამიანები მიყვარს, სხვისი სიკეთის არ მშურს, საზოგადო სიკეთე მიხარია და ხელსაც ვუწყობ, სადაც როგორ შემიძლია. ჩემებურად ვცდილობ, უკეთესი ადამიანი ვიყო.
კითხვები მიჩნდება, თქვენო უწმინდესობავ, რაზეც პასუხს ვერავინ მცემს. ისეთი კითხვებია, ჩემს პირად ინტერესს რომ სცილდება, ისეთი კითხვებია, მთელი საზოგადოების ინტერესს რომ წარმოადგენს და მათზე მსჯელობა ღიად რომ სჯობია. ამიტომ, კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, ღიად რომ მოგმართავთ.
კითხვა ბევრია, თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ ბოლო კითხვით დავიწყებ. თქვენი საკვირაო ქადაგება მოვისმინე, სადაც ბრძანებთ, რომ ჩვენს ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ და მედიამ მკვლელობებისა და ომების შესახებ „ნაკლებად“ უნდა გადმოსცეს, რადგან საზოგადოების ტრავმირებას ახდენსო. თქვენ ასევე ისაუბრეთ სიკეთეზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მრავლად ხდება და გამოთქვით იმედი, რომ ჩვენ ბოლოსდაბოლოს მივხვდებით, რა ხალხი ვართ. „ჩვენ უფლის რჩეული ერი ვართ, ასე რომ არ იყოს, ამდენ სიკეთეს არ მოგვცემდა უფალიო“ - ბრძანეთ.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენ საუბარი იმით დაიწყეთ, რომ მედია მკვლელობების შესახებ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში მკვლელობაც ბევრი ხდება და ბოროტებაც მრავლად ყოფილა. ცხადია, სიკეთეც ბევრია, სიკეთეც ხდება, თუმცა რამდენად „ბევრია“, ეგ კი არ ვიცი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს არაერთი საზოგადოება, სადაც სიკეთე გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენთან: სადაც საზოგადოების წევრები ნაკლებად მტრობენ ერთმანეთს, სადაც საერთო საქმისთვის ხალხი უფრო ადვილად ერთიანდება, სადაც ნაკლებია შური და ტყუილი, მეტია განათლება, სოლიდარობა, უანგარობა და სიყვარული. არსებობს ასეთი ქვეყნები.
თქვენ ბრძანებთ, რომ უფლის რჩეულობის ნიშანი სიკეთის სიმრავლეა. მაშ, სადაც მეტი სიკეთეა, ისინი ჩვენზე უფრო მეტად რჩეულები ყოფილან. ასე გამოდის თქვენი სიტყვებიდან და მეც გეთანხმებით. ნამდვილად არსებობენ ჩვენზე მეტად „რჩეული“ ქვეყნები, ჩვენზე უკეთესი საზოგადოებაც არაერთია დედამიწაზე, თუმცა მე მუდამ მწამდა და დღესაც მწამს, რომ ჩვენ, როგორც ერს, სადღაც მიძინებული გვაქვს საიმისო რესურსი, რომ ჩვენც რჩეულთა შორის ვეწერებოდეთ. რთულმა ისტორიამ თავისი დაღი დაგვასვა, დრო გვჭირდება მის განსაკურნებლად, მაგრამ ეს დრო თავისით არ მოვა, თუ სწორად არ გამოვიღეთ ხელი.
დიახ, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ რჩეულ ერთა შორის ვიყოთ და ამისათვის სიკეთე უნდა გავამრავლოთ. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, თუ თვალს დავხუჭავთ ბოროტებაზე? რა მოცულობით გავაშუქოთ სიმართლე? როგორ გავავლოთ ეს ზღვარი? თქვენ ხომ კარგად იცით - მედია ყოველთვის გააშუქებს იმას, რაც საზოგადოების ინტერესს იწვევს და ვერასდროს გააშუქებს იმას, რაც ბუნებაში არ ხდება. შესაბამისად, მედია ირჩევს იმ მოვლენებს, რაც რეალურად ხდება და იმავდროულად საზოგადოების ინტერესს იწვევს, მით უმეტეს, როდესაც კერძო კომპანიებზე ვსაუბრობთ.
თანაც, მედია ხომ რაღაც გარედან თავსმოხვეული ინსტრუმენტი არაა. ის ჩვენივე ნაწილია, ჩვენი უნარია, რომ სარკეში ჩავიხედოთ და ხარვეზები დავინახოთ. თუ არ დავინახეთ, ვერც აღმოვფხვრით. საზოგადოებაც ხომ ცოცხალი ორგანიზმია და ისიც მუდამ უნდა ცდილობდეს გაუმჯობესებას. როგორ წავალთ წინ, თუ ბოროტებას წავუყრუეთ?
თქვენო უწმინდესობავ, ჩვენი მიზანი არ არის სახლში გამოკეტვა, ჩვენი მიზანი ცოცხალი საზოგადოებრივი ცხოვრება და განვითარებაა. საკუთარ სახლში წმინდანივით რომ ცხოვრობდეს ადამიანი, მის გვერდზე თუ უკეთურება ხდება, პასუხისმგებლობა მასაც აქვს. თუ მას ვინმეს გადარჩენა შეუძლია, უნდა გადაარჩინოს, მიუთითოს, ასწავლოს, იშრომოს იმისათვის, რომ სხვებიც იხსნას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამდენად ძნელია საზოგადო ცხოვრება სიკეთის მსახურისთვის. ძნელია, რადგან რასაც ხედავს, ყველაფერი ეხება, ყველასა და ყველაფრის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს. მას თუ თვალებს ავუხვევთ, ის განდეგილს დაემსგავსება, რომელსაც უარი აქვს ნათქვამი წუთისოფლის მოუსვენრობაზე და განზეა განმდგარი. მაგრამ ყველა განდეგილი ვერ იქნება, თქვენო უწმინდესობავ, ყველა უარს ვერ იტყვის საზოგადო ცხოვრებაზე. მაშინ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე, საერთო მომავალზე, საერთო სიკეთესა და განვითარებაზე. იმის თქმა მინდა, თქვენო უწმინდესობავ, რომ საზოგადო პასუხისმგებლობის გარეშე ვერ იარსებებს საზოგადოება, ხოლო საზოგადო პასუხისმგებლობა ვერ იარსებებს ბოროტებაზე თვალის დახუჭვით. ამიტომ, თვალი კი არ უნდა დავხუჭოთ, არამედ - უფრო ფართოდ უნდა გავახილოთ, მეტი დავინახოთ და მეტი ვიფიქროთ. გზაზე თვალახელილმა ვიაროთ, ასე უფრო ადვილად წავალთ წინ.
ბევრი დამეთანხმება, მაგრამ მე ჩემს აზრად ვიტყვი - მედიის ცენზურა (ან თვითცენზურა, თუნდაც კარგი მოტივაციით) ნებისმიერ შემთხვევაში არის:
1) ალოგიკური, როგორც ასეთი,
2) უშედეგო ობიექტურად,
3) დამანგრეველი თავად მედიისთვის,
4) სამოქალაქო ეთიკის თვალსაზრისით მიუღებელი
ვისაც სამოქალაქო საზოგადოებისა რამე გაეგება, ეს კარგად ესმის. და თუ ეს ასეა (საწინააღმდეგო აზრს დიდი ინტერესით მოვისმენ), მაშინ რა შედეგი უნდა მოიტანოს მოწოდებამ, რომ მედიამ სიმართლეს წაუყრუოს? მას ხომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ის დაუჯერებს, ვინც ბრმად ენდობა მოწოდების ავტორს? მაგრამ ბრმა მსმენელნი უკეთ ვერ გათვითცნობიერდებიან საზოგადოების დანიშნულებაში, ვერ მიხვდებიან, რა არის მედიის ფუნქცია, ვერ გახდებიან უკეთესი მოქალაქეები. დიახ, ისინი შეიძლება მეტნი იყვნენ, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ შეიძლება აგრესია გაუჩნდეთ იმათ მიმართ, ვინც სიმართლეს ამბობს. ჩვენ ხომ არაერთხელ ვნახეთ ასეთი აგრესიის მასშტაბიც და ხარისხიც. ვშიშობ, კიდევ უფრო არ დავამძიმოთ ვითარება.
მეც, ძალიან ბევრი ადამიანიც ჩვენს ქვეყანაში, გულწრფელად ისურვებდა, რომ პატრიარქის სიტყვა იყოს გამაერთიანებელი, ანუ იყოს საზოგადოების ყველა წევრისათვის, სხვადასხვა ჯგუფისთვის, უმცირესობებისა თუ უმრავლესობებისთვის ერთნაირად საინტერესო და დამაფიქრებელი, საერთო მიზნის დამნახვებელი, სიკეთის, პროგრესისა და განვითარებისაკენ მიმანიშნებელი. ამიტომ, ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ, რომ ბევრი ადამიანი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ფიქრობენ, რომ მათ უსამართლოდ აკრიტიკებენ, ხედავენ, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლება აბობოქრდეს დიდი მასა, რომელიც თავიანთ საქციელს ავტორიტეტის სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციით გაამართლებს. მერე აღარ იქნება დრო, ვარკვიოთ, ვინ რამდენად სწორად, ან არასწორად გაიგო თქვენი ნათქვამი. სამწუხაროდ, გვიან იქნება. ვცდები, როდესაც ამ ვარაუდებს გამოვთვამ? თუ ასეა, ეკლესიაში მრავლად არიან მჭევრმეტყველნი და იმედია, ვინმე ღიად გააქარწყლებს ამ ვარაუდებს. ეს ის თემებია, რაზეც ერმა და ბერმა ღიად და ერთად უნდა ვიმსჯელოთ. გავკადნიერდები და იმედს გამოვთქვამ, რომ მეთანხმებით ამაში.
თქვენო უწმინდესობავ,
თქვენ იცით, რომ ბოროტებასაც და სიკეთესაც მხოლოდ კონკრეტული ადამიანები არ სჩადიან, რომ ადამიანის საქციელიც დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ღირებულებები სჭარბობს ზოგადად საზოგადოებაში, რა გარემოში იზრდება საზოგადოების წევრი და რა მექანიზმები აქვს საზოგადოებას იმისათვის, რომ ბოროტებას ებრძოლოს. როგორ ვებრძოლოთ ბოროტებას, თუ მასზე თვალს დავხუჭავთ? ან, ჟურნალისტმა ჩემს მაგივრად რად უნდა გადაწყვიტოს და ძალით დამახუჭინოს თვალი? ნუთუ ის ფუნქცია უნდა მივანიჭოთ მედიას, რომ ვარდისფერი სათვალით გვაცხოვროს? მადლობა ღმერთს, არ ვართ ჩრდილოეთ კორეა და არც გვინდა, ვიყოთ. მაგრამ ასე მხოლოდ იქ ხდება. ბოდიშს ვიხდი უტრირებისთვის, მაგრამ ამ გზაზეც არსებობს გრადაციები, ჩვენი ინტერესი კი ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეა არც ერთ ხარისხში არ ვიყოთ.
მწარე სიმართლე საზოგადოების გამოფხიზლებას ემსახურება: იქნებ, როგორც საზოგადოების წევრი, აღვშფოთდე მოჭარბებულ მკვლელობებზე და სხვა ჩემნაირებთან ერთად მთავრობას უფრო მკაცრად მოვთხოვო კრიმინალთან ბრძოლა. ნუთუ ეს ცუდია? ხომ ნამდვილად არ იქნება უკეთესი, თუ საზოგადოებას მოვადუნებთ და ამასობაში კრიმინალს კიდევ უფრო მეტად გავუხსნით ხელ-ფეხს? ხომ არ შეიძლება, სიტუაცია ისე დავხატოთ, თითქოს სიმართლის თქმა ბოროტებაა, რომ თითქოს სიმართლეს თვალებში იმ მიზნით გვჩრიან, რომ გვმტრობენ და სურთ, დეპრესიაში ჩაგვაგდონ. ეს ხომ საკითხის ძალიან არასწორი დაყენება იქნებოდა.
მაგალითად, ხომ ყველასთვის ცხადია, რომ მკვლელობა, ქურდობა, ჩაყაღობა საზოგადოების ჭირია და მას მოცილება უნდა? ისიც ხომ კარგად გვახსოვს, თვალი ან მარჯვენა თუ გვაცდუნებს, როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორ გავაკეთოთ ეს თვალდახუჭულებმა? ხომ გასაგებია, რომ როგორც კი თვალი ვერ დაინახავს, ესეიგი, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და, პირველ რიგში, სწორედ ეს „თვალი“ უნდა "განვაგდოთ"?
მედია ჩვენი თვალია, თქვენო უწმინდესობავ, თუ ჟურნალისტები მეტ სიმართლეს დაგვანახებენ, მაშინ კარგად უმუშავიათ, მაგრამ თუ დაგვიმალავენ, საყვედური სწორედ მაშინ ეკუთვნით. არც ისეა საქმე, რომ გარშემო 99% სიკეთე ხდება და მედია 99%-ს ბოროტებად წარმოაჩენს. არც მგონია, ამას გულისხმობდეთ.
დიახ, თქვენო უწმინდესობავ, მედია ჩვენი თვალია, რომლითაც თქვენც გიყურებთ. ეს სწორედ ის მედიაა, რომელიც თქვენს სიტყვას მთელს ქვეყანას ამცნობს, ჩვენი სიტყვა და ტკივილი კი თქვენთან უნდა მოიტანოს. მედია მხოლოდ ავტორიტეტებს ვერ დაეთმობა, მათი ვალია, სხვისი ტკივილი, გაჭირვება და სიხარულიც ამცნონ საზოგადოებას. მოკლულებს ხომ ყავთ ოჯახები, ახლობელი ხალხი, ისინი ჩენი საზოგადოების წევრები არიან. ვერ დავავალებთ მედიას, რომ ჩვენი „დანდობის“ მოტივით ისინი საზოგადოებიდან გამორიცხოს და მათ ტკივილზე არ ილაპარაკოს. როგორ განვსაზღვროთ, ვინ ვართ „ჩვენ“ და ვინ - „ისინი“? ასე ხომ ქვეყანაში საყოველთაო უნდობლობა და განუკითხაობა დაისადგურებს.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკლესია, რომელმაც ყველა განვითარებული საზოგადოების პროგრესში გადამწყვეტი როლი ითამაშა, საქართველოში ამ ფუნქციას, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს. პირიქით, ეკლესიის წარმომადგენელნი ხშირად პროგრესის წინააღმდეგ მოუწოდებენ მრევლს. ეს მხოლოდ ჩემი გულისტკივილი არ არის, თქვენო უწმინდესობავ, ეს მთლიანად ერის მომავლის საკითხია. ეკლესია უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რადგან ერის მორალურ სიჯანსაღეზე, თანხმობაზე, სიკეთეზე და განვითარებისათვის ერთსულოვნებაზე ზრუნავს. მაგრამ ეკლესია მხოლოდ მაშინ აღწევს თავის ნამდვილ მიზანს, როდესაც მის რიგებში სჭარბობენ "ორთავ სოფელზე" მზრუნველი, გულისხმიერი, განათლებული, მოყვასისადმი სიყვარულით (ანუ ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობით) აღჭურვილი, გულწრფელი, იდეალისტი და სანიმუშო ადამიანები. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ეკლესიაში დღეს ასეთი ადამიანები სჭარბობენ. პირიქით, ალბათ თვალშისაცემად ცოტაა ასეთი ადამიანების რიცხვი. არადა, თუ სიკეთე გვინდა, მაგალითი თითოეულმა უნდა ვუჩვენოთ - ადამიანობის, თავდადების, სიყვარულის, უანგარობის, რწმენისა და თავგანწირვის მაგალითი. სიკეთეს თუ ვისაკლისებთ, ეს კეთილი ადამიანების ნაკლებობის ბრალია, ეკლესიაში იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. თუმცა, ფუნქციიდან გამომდინარე, პირველ რიგში სწორედ ეკლესიიდან მოველით პროგრესისა და სამოქალაქო ღირსების სანიმუშო მაგალითებს, რომელსაც მთელი ერი გაყვება.
მოვა დრო, როცა სიტუაცია შეიცვლება. ეკლესიაც შეიცვლება. თუ დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ, თუ რუსეთის იმპერიას და მისი მონობის სტატუსს სამუდამოდ ამოვძირკვავთ ჩვენი ყოველდღიურობიდან და მეხსიერებიდან, მაშინ ყველანი უკეთესები გავხდებით. მაგრამ ამ „დროს“ გარედან ვერავინ მოიყვანს და ვერც თავისით მოვა. დიახ, ეს „დრო“ უნდა თავად მოვიყვანოთ და ეკლესიის როლი აქ დიდია. დიდია ლიდერებიც როლი. ეკლესიამაც ისევ საკუთარ თავში უნდა ნახოს გაუმჯობესების რესურსები ისევე, როგორც ეს მსოფლიოს სხვა არაერთ ქვეყანაში მოხდა.
თქვენო უწმინდესობავ,
თქვენი თითოეული სიტყვა სახელმძღვანელოა ათასობით მღვდლისთვის მთელს ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ეს მღვდელი დღეს უკვე ქადაგებს იმავეს, რომ მედია არ უნდა გადმოსცემდეს მკვლელობებს და საზოგადოებას ამგვარად უნდა „გაუფრთხილდეს“. დამეთანხმებით, არ არის ეს მთლად გამართული მოწოდება და, შედეგად, ვიღაც იტყვის, რომ თქვენი ამ ქადაგების მიზანი მხოლოდ „რუსთავი 2“-ის რეიტინგის დაცემა იყო. ბევრი დაიჯერებს კიდეც, რადგან არგუმენტები ექნებათ. თავის მხრივ, ასეთი დასკვნები თავის წვლილს შეიტანს ეკლესიის ავტორიტეტის დამცრობაში, რაც სინამდვილეში არავის სჭირდება. პირიქით, ჩვენ გვჭირდება მაღალი ზნეობრივი სტანდარტის ეკლესია, რომელიც არც ერთი პოლიტიკური ძალის ინსტრუმენტი არ იქნება, მაგრამ ამავდროულად იქნება ერის სიმტკიცის მცველი, საზოგადოების ზნეობის წყარო, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ურთიერთ-შეწყნარების, სიცოცხლის სიყვარულის, იმედის, განვითარებისა და რწმენისათვის ძლიერი იმპულსების მიმცემი ინსტიტუტი.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენ თუ მედიის მდგომარეობა გაღელვებთ, აქ საქმე ნამდვილად ცუდადაა, ის კარგად ვერ ასრულებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის ფუნქციას. ალბათ იცით, რომ სატელევიზიო მედიის სფეროში საქმე განსაკუთრებით რთულადაა და დიდი კომპანიების დიდი უმრავლესობა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ჩემი აზრით, მედიის გაჯანსაღების საქმეს ძალიან წაადგებოდა თქვენი მოწოდება, რომ ჟურნალისტის დამოუკიდებლობა შეუბღალავია, რომ ჟურნალისტი არ უნდა დაემორჩილოს ხელისუფალის, კრიმინალის, ან თუნდაც ეკლესიის წარმომადგენლის ზეწოლას ან მოთხოვნას, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტმა თქვენი მფარველობა შეიძლება მიიღოს. ვფიქრობ, ასეთი მოწოდება კითხვებს არავის გაუჩენდა, ეკლესიის ავტორიტეტს განამტკიცებდა და საზოგადოების სამოქალაქო შეგნებასაც დიდად წაადგებოდა.
მავანი მიამიტობად ჩამითვლიდა ამ წერილს, მაგრამ, სამწუხაროდ, მას იმედი ნაკლებად ახლავს. თითქმის გადაწურული მაქვს იმედი, ვერც სასიკეთო ძვრას ვხედავ რასმე. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ აღშფოთებული ფრაზების ნაცვლად ისევ რამე აზრიანის დაწერა სჯობს, იქნებ სადმე მაინც ნახოს გამოძახილი.
პატივისცემით,
ერთი ქართველი

Comments