Skip to main content

well, თუ მართლა კარასინია ჩვენი ბატონი...

კარასინის დავალების შესაბამისად, ივანიშვილი პოლიციას უკანონოდ სთხოვს, რომ რამე რეაგირება მაინც მოახდინონ ხურვალეთში ჩემს მიერ გამოთქმულ მკაფიო პროტესტთან დაკავშირებით. შედეგად ვიღებთ აი ასეთ არაპროფესიონალურ წერილებს, რაც შეურაცხყოფს პოლიციის ღირსებას, შეურაცხყოფს საზოგადოებას და ანგრევს ძირითად ღირებულებებს, რასაც ეყრდნობა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ივანიშვილი აიძულებს პოლიციას, ებრძოლოს საკუთარ პოლიტიკოსებს, რომლებიც მთავრობის უნიათობას აპროტესტებენ, მთავრობას კი რუსებზე მადლობას ახდევინებს, რომ თურმე ისინი „ჩვენს დროშას პატივისცემით მოექცნენ“.

*** 
დღეს მომივიდა წერილი, რომლითაც შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველო მთხოვს 24 ივლისს გასაუბრების მიზნით მივიდე „სამმართველოს წარმოებაში არსებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გორის რაიონის სოფ. ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წლის 16 ივლისს მომხდარ ინცინდენტს.

წერილში ბევრი რამ არის საყურადღებო.

1)     ბლანკზე მითითებულია ტელეფონის ნომერი 8 (270) 7-37-06. რამდენიმე წელია, ამ ნომერზე დაკავშირება შეუძლებელია, კოდები შეიცვალა! როგორც ჩანს, ჩვენი რეფორმირებული შსს ისეთ კარგ ფორმაშია, რომ დღემდე ვერ მოახერხა, ეს ელემენტარული ცვლილება განახორციელოს და ბლანკზე სწორი ნომერი დაწეროს. მოკლედ, უნდა იყოს: 0-370-27-37-06

2)     „კანონი პოლიციის შესახებ“ (21.3) პირდაპირ ამბობს, რომ „მოწვევის შესახებ შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს, რომ პოლიციაში გამოცხადება და პოლიციის დატოვება ნებაყოფლობითია." დასახელებულ წერილში ასეთი არაფერი წერია, რაც მინიმუმ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს, რომ არაფერი ვთქვათ კანონის დარღვევაზე.

3)     ამავე კანონის მიხედვით, პოლიციას უფლება აქვს, გასაუბრების მიზნით შეტყობინებით მოიწვიოს პირი პოლიციაში, თუ:
  • არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს საჭირო ინფორმაცია, რომელიც პოლიციას თავისი ფუნქციის შესრულებაში დაეხმარება;
  • ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განსახორციელებლად.

ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ნაწილია. ჯერ ერთი, თავად ის ფაქტი, რომ 16 ივლისის ინცინდენტთან დაკავშირებით პოლიციაში რაღაც მასალები არსებობს, თავისთავად უნდა მიანიშნებდეს, რომ მოკვლევა მიმდინარეობს შესაძლო დანაშაულის ფაქტზე. საქართველოს პოლიციისთვის ეს ცალსახად უნდა იყოს ოსებისა და რუსების მიერ ჩვენს ტერიტორიაზე ე.წ. „სასაზღვრო“ ბანერის განთავსება.

შესაბამისად,პოლიციას ჩემთან გასაუბრება უნდა სურდეს იმ ეჭვით, რომ მე მათ შეიძლება დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო ამ დანაშაულის ჩამდენთა შესახებ.

სამწუხარო და საოცარი აქ ისაა, რომ ეს დანაშაული ჩუმად არ მომხდარა. ვინმე გაზაევი და რამდენიმე ნიღბიანი რუსი ღიად გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ჯერ ბანერი განათავსეს, შემდეგ კი ჟურნალისტების მიერ აღმართული დროშა კამერების წინ ჩამოხსნეს და მუქარებიც არ დაგვაკლეს.

ნიღბიანი რუსების სახელები არ ვიცი, თორემ პოლიციას აუცილებლად განვუცხადებდი. გაზაევს კი თავადაც იცნობენ. რას ელის პოლიცია ჩემგან?

ერთი წამითაც არ მინდა დავუშვა, რომ საქართველოს პოლიცია კარასინის დავალებას ასრულებს და დევნის პროცედურებს იწყებს იმ პირთა მიმართ, ვინც რუსების აღვირახსნილობასა და მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებს. თუ, იქნებ, სწორედ ეს უნდა დავუშვათ?

ანუ, უნდა დავუშვათ, რომ პოლიციას კითხვები აქვს იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ გაბედა ჩვენი ქვეყნის მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება? თუ მე რატომ ვაპროტესტებ ხელისუფლების უმოქმედობას??

ამავე კანონის მიხედვით, პირს უნდა განემარტოს პოლიციაში მიწვევის საფუძველი. როგორც ხედავთ, ამ წერილში მხოლოდ ზოგადი ფრაზაა იმის შესახებ, რომ გასაუბრება სურთ 16 ივლისის ინციდენტის შესახებ არსებულ მასალებთან დაკავშირებით. ეს არ არის განმარტება. დამნაშავე რუსებს და ოსებს ეძებთ? თუ ქართველ ჟურნალისტებზე გინდათ ჩემგან ინფორმაცია? აბა მე იქ რისთვის ვიყავი, ეგ თავადაც იცით და შეგიძლიათ იმოქმედოთ კანონის სრული დაცვით! გინდათ, სრული ჩანაწერი გამოგიგზავნოთ? ჩემს ფეისბუქის გვერდზე შეიხედეთ, იქაა ყველაფერი.

მოკლედ,თუ პოლიციის მიზნები ამ შემთხვევაში ლეგიტიმურია, ანუ თუ პოლიცია ელის, რომ მე გაზაევისგვარი უნდა დავასახელო კიდევ ერთხელ, მაშინ ალბათ ჩემს ჩასვლას აზრი არა აქვს, მითუმეტეს,რომ ეს გვარი ყველამ კარგად იცის, მე კი ვიღაცის არაკომპეტენტურ ხუშტურებზე აქეთ-იქითსირბილის არც სურვილი მაქვს და არც - ვალდებულება.

თუმცა, კონტექსტის გათვალისწინებით, იძულებული ვარ დავუშვა, რომ პოლიციის მიზნები ამ შემთხვევაში სულაც არ არის ლეგიტიმური. ამ შემთხვევაში კი ვითხოვ, რომ მათ გასაგებად დააკონკრეტონ - რა მასალებს აგროვებენ, კონკრეტულად რა შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით აწარმოებენ მოკვლევას და რასთან დაკავშირებით უნდათ საუბარი?

იმიტომ რომ, თუ საქართველოს პოლიცია წესრიგისა და კანონიერების დაცვის ნაცვლად, ჩვენი მოსახლეობის მშვიდი ცხოვრების წესის დაცვის ნაცვლად და ჩვენს ტერიტორიებზე კრიმინალური ჯგუფების პარპაშის აღკვეთის ნაცვლად, ვიღაც გამყიდველი პოლიტიკოსების ყურმოჭრილი მონა გახდა, ეს უნდა ვიცოდე და მაშინ ალბათ ნამდვილად ექნება ჩემს ჩასვლას აზრი. თუმცა ეს იქნება ჩემი და საზოგადოების გასაუბრება მათთან, და არა მათი - ჩემთან!

დაბოლოს, ვიტყვი იმას, რაც ყველამ იცის: ნამდვილად არაფერს ვერჩი კონკრეტულ პოლიციელებს და არც პოლიციას ზოგადად. მითქვამს და ვიმეორებ - ეს ადამიანები წლების განმავლობაში იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისათვის და მომავალშიც ასე იქნება. მალე მოვა დღე, როდესაც ჩვენ ყველა ისევ ერთად ვიდგებით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალის შენებისათვის. მე ვერჩი იმ ხელისუფლებას და მის არაფორმალურ მმართველ ივანიშვილს, რომელიც კარასინის ინსტრუქციებით ცხოვრობს, რომელიც რუსებს მადლობას უხდის, რომ „ჩვენს დროშას პატივისცემით მოექცნენ“ (!!!), რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს - პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, ხელოვანებსა თუ მეცნიერებს არ უტოვებს შანსს, რომ ღირსეულად იცხოვრონ და ქვეყანა აშენონ. მე ვერჩი სიბნელეს, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დაიბუდა. ვიბრძვი და ვიბრძოლებ სინათლის დასაბრუნებლად!

Comments

Popular posts from this blog

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

ფართოდ გახელილი თვალები

“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0 ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა. ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა...