Skip to main content

დიალოგის ლოკუსი, სიმბოლოები და დემოკრატია







ამბობენ, რომ ტექნოლოგიების განვითარება ადამიანს გრძნობებს და ფიზიკურ მონაცემებს უჩლუნგებს: დანის გამოგონებამ ბრჭყალები მოგვიცვითა, ისრის გამოგონებამ მუხლი მოგვისუსტა, აუდიოსისტემებმა სმენა დაგვიბლაგვა, ილიჩის ნათურამ კი მზერა მოგვიდუნაო. რა მოგვიდუნა ტელევიზიამ?
ტელევიზიის მეშვეობით რომ “შორს ვხედავთ”, ამას თავად სიტყვაც გვეუბნება. მაგრამ შორს როცა ხედავ, ახლოს აღარ მიდიხარ, ამიტომ ტელევიზია მოძრაობის მოტივაციას გისუსტებს.
საქართველოში ისე მოხდა, რომ ჯერ ტელევიზია შემოვიდა და მერე – დემოკრატია. სადაც პირიქით მოხდა, იქ მოძრაობის საჭიროებაც არსებობდა და ქალაქებიც შესაბამისად მოეწყობოდა ხოლმე. ჯერ კიდევ ათენსა და რომში ხალხი სპეციალურ მოედნებზე იკრიბებოდა და გამომსვლელების დებატებს უსმენდა. მაშინდელი “ინტერაქტივი” კი ხალხის მხურვალე ტაში და შეძახილი იყო. ხალხი ერთმანეთის ახლოს იდგა, ერთმანეთის ტემპერატურას და ემოციას საკუთარი სხეულით გრძნობდა. დემოსთენეს, ესქინეს, ისოკრატეს თუ ლიკურგეს ხშირად მოუსმენიათ ასეთი აპლოდისმენტები თუ ხალხის უკმაყოფილო ყიჟინა. ამ რეალობის გამოხატულებაა დღევანდელი ევროპული ქალაქების მრავალრიცხოვანი მოედნები, სადაც ასევე ხშირად იკრიბებიან მოქალაქეები და ხელისუფლებას თავიანთი მოთხოვნების შესახებ ატყობინებენ.
ახალ დროში მოედნები ტელე-სტუდიებმა შეცვალა, მაგრამ სადაც დემოკრატია ტელევიზიაზე ადრე განვითარდა, იქ მოედნებიც დარჩა და ფუნქციაც შეინარჩუნა. როდესაც ხალხს რამე აწუხებს, სატელევიზიო ინტერაქტივს ნაკლებად მიმართავს, ამის ნაცვლად გარეთ გამოდის, მოედნებზე იკრიბება და თავის აზრს ღიად აფიქსირებს ხოლმე. მამარდაშვილი ამბობდა, რომ “აგორა არსებობის არტიკულაციის სივრცეაო”. თავად სიტყვა “აგორა”-ც, მისგან წარმომდგარი “აგორეუო”-ს (წარმოვსთქვამ) გათვალისწინებით, ამასვე ნიშნავს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ის სივრცეა, სადაც ადამიანი თავისი, როგორც პასუხისმგებლობის მატარებელი სოციალური არსების, ფიქსაციას ყოველ ჯერზე ახლიდან ახდენს ხოლმე. სრულყოფილად სწორედ აქ რეალიზდება ადამიანის, როგორც ჭეშმარიტი მოქალაქის, ფუნქცია. ამიტომ აგორას არსებობა აუცილებელია პოლისისთვის.
საქართველოში უკვე მეორედ ვაკვირდებით ე.წ. “ტელე-რევოლუციას”. “ტელე-რევოლუცია” იმიტომ ხდება შესაძლებელი, რომ ტელე-სტუდიები მრავლად გვაქვს, აგორა კი – არა. აგორა რომ გვქონდეს, რევოლუციები იქნებ არც მომხდარიყო. იქნებ, არც ყოფილიყო საჭირო, რომ ხალხს უკმაყოფილება დიდი ხნის განმავლობაში ეგროვებინა და მერე ერთბაშად ამოეხეთქა. აგორა რომ გვქონდეს, ვეღარც ქუჩების გადაკეტისთვის დაიჭერდნენ ხალხს, ვერ დაიჭერდნენ, რადგან აგორა ხალხის ექსკლუზიური საკუთრება იქნებოდა.
დამოუკიდებლობის პერიოდში ხალხის შეკრების ადგილად თბილისში თავისუფლების მოედანი იქცა. ხალხი მიეჩვია, რომ დიდი მანიფესტაციის დროს იქ უნდა მისულიყო. ახალი ხელისუფლების პირობებში თავისუფლების მოედანი გადაკეთდა, ის აღარ არის ხალხის მოედანი. ახლა ხალხი პარლამენტის წინ იკრიბება. ხალხი ადრეც იკრიბებოდა აქ, მაგრამ დღეს, დიდი საქმეა თუ პატარა, ყველა პარლამენტს მიაშურებს ხოლმე. არადა, შეიძლებოდა, რომ საქართველოს მცირერიცხოვანი ქალაქები დემოკრატიული ინფრასტრუქტურით აღგვეჭურვა. არა, მაგალითად, შადრევნებით, არამედ – მოედნებით; არა გაზონებით, არამედ – სახალხო ტრიბუნებით. საქართველოს აკლია დემოკრატიული სიმბოლოები, მასკულინური შადრევნები კი მოგვიმრავლდა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ შადრევანი ცუდია. შადრევანი ძალიან კარგია. კარგია როგორც გაგრილების საშუალება და კარგია როგორც მორთულობა, მაგრამ შინაარსით აშკარად მოიკოჭლებს. სადაც ამის საშუალებაა, ალბათ, სჯობს რამე უფრო შინაარსიანი გავაკეთოთ, რაც ერთის მხრივ მისაღები ტრადიციის გაფორმებას შეუწყობდა ხელს, მეორეს მხრივ კი თავად ამ ტრადიციას განავითარებდა.
გარდა იმისა, რომ ჩვენს ისტორიაში ბევრია პატივსაცემი, ისეთი, რასაც შეიძლება ძეგლი დაუდგა, უნდა ახალზეც ვიფიქროთ. ამჟამად მინდა საზოგადოებას შევთავაზო ერთი ასეთი რამ: დავდგათ პარლამენტის წინ ორი მაღალი ტრიბუნა, დავარქვათ ერთს ხელისუფლების ტრიბუნა, მეორეს კი – სახალხო ტრიბუნა. სახალხო ტრიბუნაზე ასვლა თავისუფალი იყოს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს თუ ჯგუფს შეეძლოს მისი დაკავება. სახალხო ტრიბუნას უნდა იკავებდეს საპარლამენტო ოპოზიციაც.
ასე თუ ვიზამთ, დებატების გახსნა ორივე ტრიბუნიდან იქნება შესაძლებელი. დებატები შეიძლება წამოიწყოს საზოგადოებამ, უმცირესობამ ან უმრავლესობამ. გამვლელებმა თუ ამისათვის სპეციალურად მოსულებმა აუდიტორია შეადგინონ. თუ სახალხო ტრიბუნა დებატებს გახსნის და ხუთიათასი კაცის შეგროვებას შეძლებს, მაშინ ხელისუფლების მოსვლა სავალდებულო იყოს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნაგებობა სერიოზულ გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მისი გამოცდა დღესვე შეიძლება. მაგალითად, პარლამენტის შენობის წინ დღეს მდგომმა მომიტინგეებმა შეიძლება ააგონ ორი სახელდახელო ტრიბუნა და დღევანდელ გამომსვლელთა მიკროფონები სახალხო ტრიბუნაზე დაამაგრონ. ხელისუფლების ტრიბუნა ცარიელი დარჩეს მანამ, სანამ მას ხელისუფლება არ დაიკავებს. ტრიბუნები საკმარისად მაღალი უნდა იყოს იმისათვის, რომ მათ მომიტინგეები კარგად ხედავდნენ. როდესაც დღევანდელი მოვლენები გადაივლის და პოლიტიკური ცხოვრება კალაპოტში ჩადგება, ავაგებთ კაპიტალურ ტიბუნებს და შთამომავლობას დავუტოვებთ როგორც ხსოვნას იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა დემოკრატია საქართველოში.
ანდრო ბარნოვი
4 ნოემბერი, 2007 წელი

Comments

Popular posts from this blog

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

ფართოდ გახელილი თვალები

“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0 ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა. ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა...