წინ 9 აპრილია. ხელისუფლება და ოპოზიცია გულდასმით ემზადებიან ამ დღისათვის. სურათი ისეთია, რომ კომპრომისი შეუძლებელი ჩანს: ორივე მხარე ბოლომდე აპირებს ბრძოლას. აშკარაა, რომ არათუ დიალოგი, ელემენტარული კომინიკაციაც კი გადაულახავი პრობლემა გახდა. ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე ზოგადი განცხადების მიუხედავად, რომ დიალოგი აუცილებელია, რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით ვერ იდგმება. ამიტომ, ესკალაცია პიკისაკენ მიექანება. ყველაზე სამწუხარო ამ ვითარებაში ისაა, რომ ნებისმიერი მხარის სრული გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა დღევანდელზე გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ერთის მხრივ, ობიექტურად შეუძლებელია, რომ გამარჯვებული ოპოზიცია არსებულ ეკონომიკურ სიძნელეებს გაუმკლავდეს: ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ჩასატარებელი იქნება ორი არჩევნები, რაც თავისთავად გარკვეულ დანახარჯებს მოითხოვს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიცვლება არაერთი თანამდებობის პირი და ახალდანიშნულების სიტუაციაში გარკვევისათვის გარკვეული დრო იქნება საჭირო, ისედაც ჩამკვდარი ეკონომიკური აქტივობა კი, რომელიც დღეს დიდწილად საგარეო ინექციებით საზრდოობს, კიდევ უფრო მინელდება. ამიტომ, არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი ხელისუფლება საბოლოოდ დაკომპლექტდება, მოსალოდნელია ისეთი რთული სოციალური ვითარება, რაც ახალი ხელისუფლების მიმართ მნიშვნელოვან, მზარდ, უკმაყოფილებას გამოიწვევს. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამარჯვებული ოპოზიცია ვერ მიიღებს ისეთ საგარეო მხარდაჭერას, რაც 2003 წლის რევოლუციის შემდეგ გვახსოვს და, ხალხის უკმაყოფილების ფონზე, დაიწყება ახალი რევოლუციის მომწიფების მორიგი რაუნდი.
მეორეს მხრივ, უკეთესი პერსპექტივა არც ხელისუფლების სრული გამარჯვების შემთხვევაში ჩანს: თუ ეს გამარჯვება ძალით იქნა მოპოვებული, მაშინ ქვეყნის უარესი იმიჯის წარმოდგენა ალბათ რთული იქნება. თანაც, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს. ხოლო თუ ხელისუფლების გამარჯვება ოპოზიციის შეცდომებმა და ხალხის თავისით დაშლამ გამოიწვია, მაშინ ქვეყანაში დაისადგურებს ურთულესი ვითარება, სადაც რეალურად იარსებებს მხოლოდ ხელისუფლება და მკვდარი ოპოზიციის მკრთალი აჩრდილი. ამ ვითარებაში აღარ დარჩება ხელისუფლების დაბალანსების რაიმე ეფექტური პერსპექტივა, ხელისუფლების ლეგიტიმაცია დარჩება უკიდურესად დაბალი, რაც გარე ძალების მიერ ხალხით მანიპულირებას ძალიან გააადვილებს.
ამ გარემოებათა გამო, ნებისმიერი მხარის გამარჯვების შემთხვევაში ტრიუმფი მოჩვენებითი იქნება, რეალური კი იქნება კატასტროფა, რომელიც ჯერ ქვეყანას დაუდგება და შემდეგ – თავად ხელისუფლებას. ასე რომ, ტრიუმფი აქ გამორიცხულია ნებისმიერი მხარის გამარჯვების შემთხვევაში.
რატომ არის დიალოგი პრობლემა
მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული შედეგები არავის აწყობს, კომუნიკაცია ვერ ხერხდება. ეს რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული: მხარეებს შორის უკიდურესი უნდობლობის გამო მათ უბრალოდ არ სჯერათ, რომ დღეს პატიოსანი თამაში შესაძლებლია. ამას გარდა, სისუსტის გამჟღავნების შიშით, დიალოგისთვის მზადყოფნის დაფიქსირებას ყველა თავს არიდებს. ისეთი მოთამაშეებიც არსებობენ, ვისაც, საკუთარი დაბალი რეიტინგის გამო, დიალოგი ლოგიკურად არ აძლევს ხელს და პროცესების სათავეში მოქცევას ესკალაციის გზით ცდილობენ. კიდევ ერთი მიზეზი კი ისაა, რომ საზოგადოების რადიკალური განწყობა დიალოგს ბუნებრივად უღობავს გზას და რეიტინგზე გამოკიდებული პოლიტიკოსების თავშეკავებულობას განაპირობებს. ამიტომ, სიტუაცია უკიდურესად იძაბება და ჩიხში შედის.
კომუნიკაციის პრობლემა ურთულესი დასაძლევია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. თუმცა, როდესაც დიალოგი იწყება, საინტერესოა, თუ რას შეიძლება შეეხებოდეს იგი. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს დიალოგი არ არსებობს, ისაა, რომ არ არსებობს რაიმე კონსტრუქციული ფორმულა, რის გარშემოც ლაპარაკი შესაძლებელი იქნებოდა.
ამ ფორმულის ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს. კერძოდ, უნდა მოიხსნას უკიდურესი მოთხოვნები. მაგალითად, თუ ოპოზიცია თანახმაა იმაზე, რომ სხვა პირობების გათვალისწინების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე დარჩეს, ეს უკვე დიალოგისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მეორეს მხრივ, თუ ხელისუფლება თანახმაა, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას დაბალანსებული პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად, ესეც დიალოგისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუ ეს პირობები დაკმაყოფილდა, მაშინ დიალოგისთვის სივრცე გაიხსნება.
შემდეგი კითხვაა, თუ რა პრინციპს უნდა დაეფუძნოს დიალოგი. ამის გასარკვევად ჯერ უნდა ვნახოთ, თუ რა სურთ მხარეებს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილს სურს ლეგიტიმაციის დაბრუნება და საპრეზიდენტო ვადის იმგვარად დასრულება, რომ დარჩენილ ვადაში სრულყოფილი მოღვაწეობის საშუალება ჰქონდეს. მისი გუნდის წევრების სურვილიც იგივეა. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ მთავარია ვნახოთ, თუ რა სურს ხალხს. ვფიქრობთ, ეს არის ზნეობრივი გამარჯვება ხელისუფლებაზე, ანუ იმის დამტკიცება, რომ ხალხის ნება გადამწყვეტია და ქვეყნის რეალური ბატონ-პატრონი სწორედ ხალხია. ამ განწყობას შეგვიძლია პირობითად “სამართლიანობის აღდგენა” დავარქვათ, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებს ლეგიტიმაციის აღდგენას, თუ დიალოგის პროცესში სამართლიანობის პრინციპს დაეყრდნობა. მეორეს მხრივ, სამართლიანობის პრინციპის დაცვა მოუწევს ოპოზიციასაც.
აქ უნდა ვიკითხოთ: რა არის ხელისუფლების სიმართლე? ალბათ, პირველი ისაა, რომ ხელისუფლების შეცვლა არ არის გამართლებული იმ პირობებში, როცა მისი ქმედუნარიანობა ეჭვ-ქვეშ არ დგება. მეორე ალბათ ისაა, რომ ხელისუფლების რევოლუციური ცვლა ქვეყანას ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აყენებს. მესამე ისაა, რომ დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში არ არის გამოკვეთილი ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის ამღები ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას ხელში აიღებს. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს დიალოგისთვის მზადყოფნას და ოპოზიციის მხრიდან ამის უპასუხოდ დატოვება თავად ოპოზიციის ქმედებების ლეგიტიმურობას ამცირებს.
ხალხის, და მასზე დაყრდნობილი ოპოზიციის, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა წლების მანძილზე გადამეტებული ძალის გამოყენებისა და უსამართლობის გამო. მართალია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამოწურა ურთიერთობის ყოველგვარი რესურსი რუსეთთან და ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებთან. ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე საზოგადოება გავლენას თითქმის ვერ ახდენს.
ამ ორი ზოგადი განსაზღვრების შემდეგ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ასევე ზოგადი ფორმულა, რომ სამართლიანი იქნება დიალოგი, რომელიც ერთის მხრივ, შექმნის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ლეგიტიმურად და მშვიდობიანად დასრულების პირობებს, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფს ისეთი დაბალანსებული სისტემის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რაც შეზღუდავს სახელმწიფოს ძალას და სამართალს გააჩენს. ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნას ის საკითხები, სადაც სახელმწიფოს ობიექტურად უდგას პრობლემა. ამიტომ, დიალოგი უნდა წარიმართოს იმის შესახებ, თუ როგორ, რა სისტემური ცვლილებების მეშვეობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი.
რა შემთხვევაში შეიძლება წარიმართოს დიალოგი
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას სწორედ ამ ცვლილებების შესახებ. ამ შემოთავაზების მიზანი ის კი არ არის, რომ დიალოგი სწორედ ამ შედეგებით დასრულდეს, არამედ ის, რომ გაჩნდეს რაღაც ტექსტი, რაზეც მხარეები კომენტარს გააკეთებენ. ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა დიალოგისაკენ.
1. მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეძლოს საპრეზიდენტო ვადის ლეგიტიმურად და მშვიდ პირობებში დასრულება. ამ პერიოდში მან უნდა შეძლოს სრულყოფილი მოღვაწეობა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა. ამისათვის აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა შეინარჩუნოს მისი გუნდის საკვანძო წევრები და გავლენა პოლიტიკის განხორციელებისათვის აუცილებელ ინსტიტუტებზე. ამასთან, მან უნდა შეინარჩუნოს ის ინსტიტუტები, რომლებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი წესრიგისა და მისი პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის:
2. ოპოზიციამ, რომელსაც დღეს ხალხის დიდი ნაწილი ლეგიტიმაციას აძლევს:
a. უნდა შესძლოს სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა; უმოკლეს ვადებში დაინიშნოს არჩევნები და აირჩეს ახალი პარლამენტი:
i. ცესკოს თავმჯდომარედ დაინიშნოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი პირი
ii. დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი (ახალი თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფს)
iii. საპარლამენტო საარჩევნო სისტემა დაეფუძნოს 2008 წლის გაზაფხულზე ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით შეთანხმებულ მოდელს
b. უნდა მიიღოს კონტროლი საბიუჯეტო ხარჯებზე
i. კონტროლის პალატის თავმჯდომარე დაინიშნოს საპარლამენტო უმცირესობის წარდგინებით
3. საზოგადოებამ:
a. მიიღოს სამართლიანი სასამართლო
i. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი
ii. იუსტიციის მინისტრად დაინიშნოს ოპოზიციასთან შეთანხმებული კანდიდატურა
b. მიიღოს დაუმახინჯებელი ინფორმაცია:
i. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნოს პრინციპული, ავტორიტეტული, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პირი
ii. მეორე არხის დირექტორად დაინიშნოს სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე, ხალხის მხარდაჭერის მქონე პირი
ამას გარდა, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებით დაინიშნოს ახალი პრემიერი, რომელიც აღიჭურვება გაზრდილი ფუნქციებით და შეირჩევა პროფესიონალიზმის ნიშნით. ამ ცვლილების მიზანი ის უნდა იყოს, რომ ახალმა პრემიერმა შესძლოს პრეზიდენტის “ჩანაცვლება” ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტურ რეგიონებთან და ზოგიერთ მეზობელთან ურთიერთობა. ამისათვის საჭიროა, რომ პრემიერს რეალური გავლენა ჰქონდეს ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრაზე. ამავე ლოგიკით, სასურველი იქნება რეინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე მშვიდობიანი, არაკონფრონტაციული პოლიტიკის მხარდაჭერით ცნობილი პირის დანიშვნა. აქვე ვახსენოთ თბილისის მერის არჩევითობა, რაც აბსოლუტურად გაუგებარი არგუმენტების გამო დღემდე ვერ თუ არ გადაწყდა.
ბუნებრივია, იქნება კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების საგნად შეიძლება იქცეს. თუმცა, ჩვენი აზრით, ზემოთ მეტ-ნაკლებად მოვხაზეთ ის ძირითადი სფეროები, სადაც ცვლილებები ობიექტურად სასურველია.
დიალოგი არ შეიძლება იყოს თვითმიზნური. მეტიც, დიალოგის მიზანი უნდა იყოს არა რომელიმე მხარის “დაკმაყოფილება”, არამედ – საქმის ისე შემოტრიალება, რომ საბოლოოდ ქვეყანამ იხეიროს. დღეს, როდესაც ლაპარაკია 1989 წლის 9 აპრილს დაწყებული უბედურების დასრულებაზე, ალბათ უნდა გავიხსენოთ, რომ თავის დროზე ეს ყველაფერი პატრიარქის მოწოდების უგულვებელყოფით დაიწყო. ამიტომ, თუ ამ ქაოსის დასრულება გვინდა, 20 წლის მერე მაინც დავიჯეროთ უწმინდესის შეგონება, რომელიც დღეს ამბობს, რომ დაპირისპირების ნაცვლად ორივე მხარემ “სამშობლოს საკეთილდღეოდ უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას და დაძაბულობა მშვიდობიანი გზით განიმუხტოს”.
დაბოლოს, აქვე ვთხოვთ ოპონენტებს, რომ ნუ დაგვაბრალებენ სანდროს, ბუტას და მათნაირი სხვა ბიჭების დავიწყებას. ჩვენ დღეს ვდგავართ ასეთი დილემის წინაშე – გზა მივცეთ შურისძიებას თუ გზა მივცეთ გონიერებას, რათა ყველა დანაშაულის ცივილიზებულ გარემოში განხილვის სივრცე გავაჩინოთ.
ანდრო ბარნოვი
ლევან შენგელია
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი
03 აპრილი, 2009
(გამოქვეყნდა გაზეთ "რეზონანსის" 2009 წლის 4 აპრილის ნომერში)
Comments