- რონალდ ასმუსის წიგნმა "მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა" დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. `ჯორჯ ბუშის გუნდი ეროვნული უშიშროების საკითხებში, სერიოზულად განიხილავდა საავიაციო დარტყმების შესაძლებლობას, რომ რუსეთის ინტერვენცია შეეჩერებინა. ვლადიმერ პუტინი ტრაბახობდა, რომ მხოლოდ მისი ნდობა შეიძლებოდა. ნიკოლა სარკოზი კი ფატობრივად აძალებდა საქართველოს ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა." - წერს წიგნში ავტორი. ჯდება თუ არა ეს ფაქტები მაშინდელ მოვლენათა მსველობის ლოგიკაში?
პუტინის ტრაბახი, მგონი, ცოტა უფრო ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება. მაგრამ ზოგადად ყველაფერი ჯდება, ყველაფერი რეალური ჩანს. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამერიკა ინტერვენციის სცენარსაც განიხილავდა. გასაკვირი იქნებოდა, რომ ასეთი რამ არც კი განხილულიყო. სცენარი ალბათ ბევრი განიხილებოდა, მაგრამ მთავარი ხომ მაინც ისაა, რაც საბოლოოდ გაკეთდა ან არ გაკეთდა. ეს წიგნი კარგადაა წასაკითხი, ასე ამოგლეჯილი ფრაზებით მსჯელობა ძნელია. გუშინვე ბევრი მელაპარაკა ამ თემაზე და ზოგს ისე ესმის, თითქოს პუტინს ბუშმა უბიძგა საქართველოზე თავდასხმისაკენ. არ ვიცი, საიდან მოაქვთ ეს დასკვნები, მაგრამ წიგნი ნამდვილად საინტერესო ჩანს და ქართულადაც რომ ითარგმნოს, არ იქნებოდა ურიგო.
ფაქტი ისაა, რომ ამ ომით საქართველოს გარდა, ამერიკაც საკმაოდ დაზარალდა. ჯერ ერთი, საგრძნობლად შეირყა ამერიკის იმიჯი. ამას გარდა, ამერიკა რეალურად კარგავს გავლენებს ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთშიც კი. ამ რეგიონებში პოზიციების დაკარგვის შემდეგ ამერიკას დიდი პერსპექტივები აღარც ევროპაში ექნება და ეს სწორედ ისაა, რისთვისაც იღწვის მოსკოვი. ახლა ვინმემ გამაგებინოს, რატომ უნდა სდომებოდა ბუშს პუტინის გალაშქრება პატარა საქართველოზე, სადაც ასე უნდათ ამერიკასთან ურთიერთობა? არ არის ეს აბსურდი? ერთი სიტყვით, ეს უსაფუძვლო სპეკულაციებია.
სინამდვილეში, რამდენადაც მესმის, წიგნში ლაპარაკია იმაზე, რომ მოსკოვმა ისარგებლა ამერიკა-ევროპის უთანხმოებითა და ამერიკის წინასაარჩევნო პერიპეტიებით და წამოიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რადგან კარგად იცოდა – თუ ამერიკა ჩაერეოდა, რუსეთის უმნიშვნელო პასუხიც კი ამერიკა-ევროპას შორის უფსკრულს გააჩენდა და ვაშინგტონი იძულებული გახდებოდა, რომ დაუყოვნებლივ დათმობებზე წასულიყო, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეცნო დამარცხება. ბუნებრივია, ვაშინგტონმა დამარცხებას გამარჯვება არჩია და სხვა გზა ალბათ არც იყო. მათ აცალეს რუსეთს, რომ ცუდად მოქცეულიყო, რის შემდეგაც გაჩერება უბრძანეს. აქ უკვე სიტუაცია სხვაგვარად შემოტრიალდა, რადგან რუსეთის შეჩერება ევროპის ინტერესებშიც შედიოდა და თურქეთისაც. მაგრამ ამერიკას რომ ადრევე განეხორციელებინა სამხედრო ინტერვენცია, მაშინ ყველა ყველაფერს ვაშინგტონს დააბრალებდა, ისე დახატავდნენ სიტუაციას, რომ ამერიკამ ომი დაუწყო რუსეთს. ეს რესპუბლიკელებისთვის საუკუნოვანი კატასტროფა იქნებოდა, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ევროპასა და ამერიკას შორის ურთიერთობები სერიოზულად გაიყინებოდა. შედეგად კი იმას მივიღებდით, რომ რუსეთი უპირობო გამარჯვებას მოიპოვებდა და ამერიკას პრაქტიკულად გააძევებდა კონტინენტიდან. შორიდან ასე ჩანს და რამდენადაც მესმის, ასმუსის წიგნიც ამას ამტკიცებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასმუსის წიგნში ბევრი ისეთი ფაქტი იქნება, რომელიც ამ მოსაზრებას გამყარებს.
კვირის პალიტრის ვერსია >>>
Comments