კითხვა შეეხება ოპოზიციის მოსკოვური ვოიაჟების შეფასებას და მე ცალსახად უარყოფითად ვაფასებ ამას. მარტივი ახსნა ის არის, რომ არ შეიძლება, ოკუპანტის წინაშე ხელისუფლების პოზიცია დაასუსტო პირადი გამორჩენის გამო. მაგრამ არსებობს გრძელი ახსნაც, რომელსაც ასევე მოგახსენებთ:
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პირველი არგუმენტი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. მაგრამ როდესაც ვამბობთ „ჩვენ“, ვგულისხმობთ არა ერთი-ორ პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია, რომ რუსეთის დაინტერესება სათავისოდ გამოიყენოს და სამაგიეროდ ქვეყანას წინააღმდეგობის ბერკეტები დააკარგვინოს, არამედ - მთელ საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს - საქართველოს. პრობლემები ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ სახელმწიფო საბოლოოდ არ შემოგვადნეს ხელში. სახელმწიფოს ყავს არჩეული ხელისუფლება, რომელთან საუბარზე რუსეთი უარს ამბობს ერთი გათვლით - რომ შეარყიოს მისი ლეგიტიმაცია, დაამხოს და ჩაანაცვლოს მის მიერ მართული ძალებით. რასაკვირველია, ამ სიტუაციაში მოღალატეებად მოინათლებიან ისინი, ვინც თანამშრომლობის ხელს გაუწვდიან მოსკოვს. აქ არ არის სამათლებრივ შეფასებაზე ლაპარაკი, ვგულისხმობ იმას, რომ ლოგიკურია, როცა საზოგადოების თვალში ასეთი რამ სწორედ ღალატად აღიქმება.
საქართველო შარშან რუსეთმა ჩაითრია ომში იმ მიზნით, რომ აქ საკუთარი პოლიტიკის განხორციელება მოეხერხებინა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, არ უნდა აყოლოდა და ა.შ. მაგრამ ეს ასე ადვილი სათქმელი არ არის, ამას სჭირდება კარგი ანალიზი და დარწმუნება იმაში, რომ პრეტენზიები ლოგიკურია და არა - ემოციურ ნიადაგზე შეკოწიწებული.
ყველამ ვიცით, რომ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკის მიმართ ჩვენივე საზოგადოების საგრძნობ ნაწილსაც პრეტენზიები აქვს, მაგრამ როდესაც ანალიზს ვაკეთებთ, საჭიროა ზუსტად განვსაზღვროთ, თუ ვის რის მამართ აქვს ეს პრეტენზიები. მაგალითად, რამდენად ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ პუტინს სურს ქართველი ხალხის კეთილდღეობა და ამიტომ ერჩის ჩვენს ხელისუფლებას? ან რამდენად ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დამოუკიდებლობა არ სურს და ამიტომ აქვს პრეტენზიები ხელისუფლებასთან? ცხადია, ყველაფერი პირიქითაა და მოსკოვი ღელავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის, მოსახლეობა კი - საშინაო პოლიტიკის გამო, მაგრამ პუტინს არ შეუძლია ღიად უარყოს სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ამიტომ იგონებენ ტყუილებს, რომ მათთვის ძვირფასია ხალხი, რომ ომი იყო ორივე ერის ტრაგედია და ა.შ. ვინ გაიმეორებს ამ სიტყვებს უჭკუოს, ან მტრის გარდა? ჩემი ღრმა რწმენით, ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას ხელს უშლიან სწორედ ის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი სრულიად უპრინციპო და მდაბიო ქცევით ქვეყანას უსაფრთხოების დამატებით პრობლემებს უქმნიან. თვისი უპასუხისმგებლო ქმედებით ისინი ხელს უშლიან ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბებას, ანუ ხელს უშლიან ქვეყნის დამოუკიდებლობას. მე ის მიკვირს, რომ საზოგადოება და ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ამ ადამიანების წინააღმდეგ ხელისუფლებაზე მძაფრად არ იბრძვის. ხელისუფლებამ შეიძლება ტაქტიკური სარგებელი ნახოს ცოტა ხანს მათი ნებაზე მიშვებით, ჯანსაღი ოპოზიციის იდეა კი ამით დაიღუპება. მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები კოლაბორაციონიზმით ქმნიან ამ საფრთხეებს, აქტიურადაც მუშაობენ მოსახლეობის ტვინების ასარევად და ნერგავენ ათასგვარ აბსურდულ ჭორს და სიძულვილს. ისინი ხლეჩენ საზოგადოებას. ამიტომ, გასაკვირიც არაა, რომ ამ დესტრუქციული მცდელობების დიდი ნაწილი სწორედ საგარეო პოლიტიკაზე მოდის. მაგრამ იმისათვის, რომ დავხატოთ ობიექტური სურათი, უნდა განვასხვაოთ პოლიტიკის მიზანი, მისი მიღწევის გზები, მათი ეფექტიანობა და მათზე ცალკ-ცალკე ვიმსჯელოთ. შემდეგ კი დავსვათ კითხვა: კონკრეტულად რის მიმართ გვაქვს პრეტენზია?
ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანი არის ქვეყნის რეაერრლური დამოუკიდებლობა, უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველყოფა. შეუძლებელია, ამ მიზნის მიმართ პრეტენზიები გვქონდეს, თუმცა სამსჯელოა, რამდენად სწორადაა ეს მიზანი გაგებული და განხორციელებული. ამიტომ, უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტული სტრატეგიისა და მეთოდების შესახებაც:
საგარეო პოლიტიკაში ძირითადი პრეტენზიები ასე ჟღერს: არადიპლომატიური ენა რუსეთთან დამოკიდებულებაში, ნატოში გაწევრიანების იმედების გაცრუება, არასრულყოფილი დემოკრატია, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციას აძნელებს, რუსეთთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობები. მოდით, ყველაფერი განვიხილოთ.
თუ გახსოვთ, სააკაშვილის პირველი ვიზიტი გაპრეზიდენტების შემდეგ სწორედ მოსკოვში შედგა. სააკაშვილი ცდილობდა, დაერწმუნებინა პუტინი, რომ საქართველოს პატივისცემით მოპყრობოდა და რომ ეს იქნებოდა კეთილმეზობლობის საწინდარი, რაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ყოფილიყო რუსეთის ინტერესიც. მაგრამ ეს არ გამოვიდა არა სააკაშვილის კონკრეტული შეცდომების გამო, არამედ იმიტომ, რომ პუტინს სხვაგვარი წარმოდგენა აქვს პოლიტიკაზე და რუსეთის როლზე. შედეგად, როდესაც მას ეუბნებიან, რომ საქართველოს კეთილდღეობა მისთვის სასარგებლოა, პუტინი ფიქრობს, რომ მას ატყუებენ, რადგან მან ზუსტად იცის - იმპერიისთვის საუკეთესო ვარიანტი საქართველოს არარსებობაა. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის არსებობის ერთადერთი ფორმა არის იმპერია და ყველაფერი უნდა იღონოს მის შესანარჩუნებლად. თქვენ შეიძლება ეს გაცვეთილ სიტყვებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვინც რუსეთს კარგად იცნობს, ალბათ დამერწმმუნება, რომ ეს ყველაფერი სწორედ ასეა: მოსკოვის პირველი აღზევებიდან დღემდე 5 საუკუნეა გასული და ეს ლოგიკა არასოდეს ყოფილა სხვანაირი. არც უნდა გიკვირდეთ, რადგან სხვა სცენარი იმპერიისა და იმპერიული აზროვნების გაქრობას ნიშნავს. ამიტომ, სააკაშვილს კი ჰქონდა მცდელობა, რომ პუტინთან საერთო ენა გამოენახა, იქნებ, მოეტყუებინა კიდეც (როგორც, ალბათ, პუტინმა ეს მცდელობა აღიქვა) მაგრამ მთავარი აქ მაინც ისაა, რომ აქედან იყო გაწვდილი ხელი, იქ კი - აწეული ცხვირი.
რა თქმა უნდა, რუსეთი დიდი და საშიშია და პატარა ქვეყანამ ასჯერ უნდა აწონოს სანამ მასთან მიმართებაში ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული მიზანი და ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ასე ჟღერს: ვართ ჩვენ სახელმწიფო? ეს არის სწორედ ის საკითხი, რაც შემდეგ ბევრ დანარჩენს განაპირობებს.
საქართველო არ არის და არ შეიძლება იყოს (ვერ იქნება) რუსეთის მტერი. მაგრამ საქართველო არის იმპერიის იდეის მტერი - რადგან მისგან გაქცევას ცდილობს. რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე არ არის, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ რა მოუვა რუსეთს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ჩვენი საქმე ჩვენი დამოუკიდებლობაა. გაიხენეთ, რომ იმპერიები ჰქონდა და აღარ აქვს არაერთ ევროპულ სახელმწიფოს, მათ გაიარეს და გადაიტანეს ეს. რატომ უნდა ჰქონდეს რუსეთს ექსკლუზივი იმპერიაზე? რატომ უნდა დარჩეს საქართველო რუსეთის კოლონიად? იმედია, მეთანხმებით, რომ ეს სრულიად გაუგებარი და უსამართლო მოვლენა იქნებოდა. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მერე რუსეთი კიდევ დიდხანს დარჩება იმპერიად, მაგრამ აქ ჩარევას არ ვაპირებთ. მხოლოდ ის გვინდა, რომ მონსტრს ხელიდან დავუძვრეთ და თავისუფლად განვითარება შევძლოთ.
ერთი სიტყვით, საქართველოს არჩევანი, რომ იყოს სახელმწიფო, ვერ მიიღწევა რუსეთთან მოლაპარაკებებით - ინტერესების კარდინალური განსხვავების გამო. მგლის თავზე წაკითხულ სახარებას გავს ეს ამბავი - უაზრობაა, იმპერიას ეხვეწო, რომ დამოუკიდებლობა მოგცეს. ამიტომ, საქართველოს სჭირდება არა რუსეთის გულის მოგება, არამედ მისი საპირწონე პარტნიორი, რომ არსებობა გააგრძელოს. ასეთი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს პირდაპირი დაინტერესება, რომ რეგიონში ფეხი მოიკიდოს და აქ საქართველოს სახით ყველაზე საიმედო პარტნიორს ხედავს. ნატო, ევროკავშირი თუ თავად ამერიკა, ჩვენთვის პირველ რიგში არის უსაფრთხოების გარანტები და, გარდა იმისა, რომ საერთო ქრისტიანული კულტურული ბაზა ამ სამყაროს ნაწილებად გვაქცევს, პირველ რიგში ალბათ მაინც უსაფრთხოების რაციონალური მიზნებით აიხსნება საქართველოს ორიენტირება დასავლეთზე. აუცილებელია, ყველამ კარგად შეიგნოს, რომ საპირწონე ძალის გარეშე რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურებას შეუდგება.
ბუნებრივია, რუსეთს შეუძლია, რომ საქართველოს სერიოზული ზიანი მიაყენოს. ჩვენ ეს გვახსოვს ისტორიიდან და ვხედავთ დღესაც. მაგრამ რას ცვლის ეს გარდა იმისა, რომ მეტი ძალისხმევა და სიფრთხილე გვმართებს? ცხადია, არაფერს და ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს სულ რომ არ ვჭირდებოდეთ, ისინი ჩვენ გვჭირდება. თუმცა, ასევე გვჭირდება თურქეთი, ირანი და ჩინეთიც, ანუ ყველა ის სახელმწიფო, ვისაც რუსეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია. აქ რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: ვისთან ურთიერთობა არის ყველაზე ხელსაყრელი დღეს? ვის უნდა მივანიჭოთ უპირატესობა? გეოპოლიტის ლოგიკა ისეთია, რომ დიდი მეზობელი ყოველთვის რთული საურთიერთოა. დიდი მეზობლის წარმატება შეიძლება შენი განადგურებით დასრულდეს, რისი მაგალითებითაც სავსეა ისტორია. ამიტომ, ეს ლოგიკა გვკარნახობს, რომ ყველაზე სასურველია ამერიკასთან ურთიერთობა. ცოტა სასაცილოდ ღერს, მაგრამ ჩვენთვის სათადარიგო სკამზე ზის ჩინეთი (თუ ოდესმე გლობალურ გავლენას მიაღწევს). რეგიონში უმნიშვნელოვანესი იქნება ირანთან ურთიერთობა. გეოპოლიტიკის თვალსაზრისით საფრთხეა თურქეთიც, მაგრამ ეს საფრთხე შედარებით ნეიტრალდება თურქეთის დღევანდელი იდენტობისა და მიმდინარე პოლიტიკის წყალობით. რჩება რუსეთი, რომელიც საქართველოსთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს და ეს ასე იქნება მას შემდეგაც კი, როცა და თუ ნატოში შევალთ.
ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ ქვეყნის ზოგადი სტრატეგიული კურსი სწორადაა განსაზღვრული, მაგრამ სად წაუვალთ იმის კონსტატირებას, რომ გვაქვს ძალიან მწვავე პრობლემები, რაც სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს? ან სად წაუვალთ იმის აღიარებას, რომ ეს პრობლემები ალბათ რაღაც შეცდომების წყალობით შეიქმნა? ცხადია - ვერსად.
ჩვენ ვთქვით, რომ სწორადაა განსაზღვრული მიზანი, სწორია სტრატეგიაც, მაგრამ სრულიად აშკარად, გვაქვს პრობლემები ამ სტრატეგიის დეტალურ გააზრებასა და პროფესიონალიზმში, რამაც საბოლოო ჯამში, ალბათ სათანადოდ ვერ დაგვიცვა დღეს არსებული მდგომარეობისაგან. გეტყვით, რას ვგულისხმობ:
ყველაფერს აქვს თავისი ტემპი. ჩემი გაგებით, პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ აჩქარებას ვერ იტანს და ძალიან უხდება სიბრძნე. სიბრძნე კი აქ იმას ნიშნავს, რომ პროცესების ლოგიკა მათ მთლიანობაში გესმოდეს და სწორად საზღვრავდე, სად რა ნაბიჯი გადადგა. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ, ვინმეს რამე დავაყვედრო ან დავაბრალო, მაგრამ ჩემთვის ეს შეცდომა ცხადზე უცხადესია - ეს არის 2007 წლის ბოლოს ნატოში შესვლაზე გადამეტებული ხმაური. საჭირო იყო, ჯერ პირობები უნდა შეგვექმნა, მერე მყარი გარანტიები მიგვეღო და ხმამაღლა მხოლოდ ამის შემდეგ განგვეცხადებინა, მაგრამ რევანშისტული ან ანტაგონისტური რიტორიკა არც ამ შემთხვევაში იქნებოდა დასაშვები. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის სწორედ ის პუნქტი, რითიც დაშინდა პუტინი და სწორედ ამიტომ დააჩქარა ომი საქართველოსთან. მე ამაზე ვწერდი 2007 წლის სექტემბერში „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „პატარა სახელმწიფოს სტრატეგია“, მისი ნახვა დღესაც შეიძლება ჩემს ბლოგსა თუ სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე. სამწუხაროდ, მაშინდელმა პროპაგანდამ ეს ხმა მიაჩუმა და სათანადო ყურადღება ვერ დაიმსახურა მიუხედავად იმისა, რომ დათო აფრასიძემაც დამითმო მისი გადაცემის ეთერი და რადიო თავისუფლებამაც.
ამის მიუხედავად, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს ჩემი პროგნოზი, შესაძლოა, არაფერს ნიშნავდა ერთი მიზეზის გამო: ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან აქტიური კონტაქტები ძალიან ბევრი სახელმწიფოს ადმინისტრაციებთან და მას აიმედებდნენ, რომ 2007 წლის ბოლოს ამ ე.წ. „მაპ“-ის მიღება რეალისტური იყო. დამეთანხმეთ, ძალიან დიდი იყო საცდური და მეც რომ ვყოფილიყავი ამ სიტუაციაში, ნამდვილად ვერ გეტყვით, რას მოვიმოქმედებდი. ბუნებრივია, ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ აჩქარებას ხელისუფლების შეცდომა ვუწოდოთ, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის პინაზე იდო დიდი ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებისაკენ, ანუ ხანგრძლივი და საიმედო მშვიდობის, ევრაზიული გეოპოლიტიკის თვისობრივი შეცვლის, საქართველოს პოლიტიკური წონის ალბათ ისტორიაში ჯერარნახული ზრდის, ეკონომიკის, განათლების, სოციალური სფეროს სწრაფი და შეუქცევადი ზრდისაკენ. დასანანია, რომ ეს აღმოჩნდა ილუზია და პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ მეტი სიფრთხილის გამოჩენა ნამდვილად შეიძლებოდა.
ასეა თუ ისე, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ხელისუფლების არასწორ გათვლაზე და არა - დანაშაულზე. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრა ჩვენი სუვერენული უფლებაა და რუსეთს მასში ჩარევის უფლება არა აქვს. ხელისუფლებას არ დაურღვევია არც საერთაშორისო და არც ეროვნული კანონმდებლობა როცა ამ არჩევანის შესახებ განაცხადა და თუ იდეალიზმსა და რეალპოლიტიკას შორის ბალანსი დარღვეული აღმოჩნდა, ეს ალბათ ბევრი სხვა რამის ბრალიცაა, პირადად ჩემიც და მთლიანად საზოგადოებისაც, არა მხოლოდ - ხელისუფლების.
ახლა შევხედოთ დღევანდელ ვითარებას: რუსეთი დაგვესხა თავს, 2 წლით ადრე გაყვანილი ბაზები რეალურად უკან შემოაბრუნა და ცდილობს, ისეთი რეალობა შექმნას, რომ საქართველოს აღარასოდეს გაუჩნდეს ნატოში გაწევრიანების სურვილი ან შესაძლებლობა. არადა, ჩვენ ვიცით, რომ დღეს ამერიკა ჩვენთვის ყველაზე სასურველი პარტნიორია, ნატო კი ის ფორმატია, რომელიც ამერიკასთან და ევროპასთან ერთად უსაფრთხოების ერთ სისტემაში მოგვაქცევდა - რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთზე უარის თქმა ჩვენთვის არჩევანიც კი არ შეიძლება რომ იყოს.
აქ საინტერესოა ასეთი დეტალი: პოლიტიკაში უძრავად არაფერი ჩერდება. შესაძლოა, დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი უახლოესი დღის წესრიგიდან მოხსნილია, მაგრამ გაურკვეველი ვითარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. თუ რუსეთმა საბოლოოდ წერტილი არ დაუსვა ამ თემას, მაშინ სადავეები მალე გაექცევა ხელიდან და საქართველო აღმოჩნდება ნატოში, რაც აშშ-სთან მჭიდროდ დააახლოვებს. ამიტომ, რუსეთისთვის დღეს არსებობს მხოლოდ ერთი კითხვა - როდის და როგორ მოამთავროს საქმე? ეს კი საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის გაუქმებას ნიშნავს. თავის მხრივ, ეს არ არის მხოლოდ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის უფლების ჩამორთმევა ქვეყნისათვის, ეს არის ასევე იმ პირობების გაუქმებაც, რაც სამომავლოდ დამოუკიდებლობის ამბიციებს წარმოშობს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი, თუ როგორ წყვეტს რუსეთი ამ პრობლემას მაშინ, როცა მაკონტროლებელს კარგავს. გვაქვს ჩერქეზების მაგალითი, ჩეჩნების მაგალითი, აფხაზების მაგალითი. დღევანდელი რუსეთიც კი ბედავს იმას, რასაც ჩრდილოეთ კავკასიაში ბედავს, მიზეზი კი ერთია - იქ მას ვერავინ სთხოვს პასუხს.
როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა 2008 წელს, მათ რეალურად არ იცოდნენ რამდენად შორს შეძლებდნენ შეტოპვას, იმიტომ რომ მათი მხრიდან ეს იყო რისკიანი თამაში და გათვლა იმაზე, რომ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში გააკეთებდნენ შესაძლებლობების მაქსიმუმს. ამიტომ, მრავალი თვის განმავლობაში ცდილობდნენ და მიაღწიეს კიდეც იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულეს, პასუხი გაეცა პრაქტიკულად ღია აგრესიაზე. როგორც ამბობენ, კრემლში დღესაც ამბობენ, რომ იმედი გვქონდა, მოსახლეობაში მეტ დასაყრდენს ვნახავდითო. მაშინ სასაცილოდ არ გვყოფნიდა ბევრს, მაგრამ რეალურად ისე აღმოჩნდა, რომ ცნობილმა ჯაჭვმა მართლაც დიდი როლი შეასრულა მაშინ კრემლის აგრესიის შეჩერებაში. ბუნებრივია, თავისი უდიდესი როლი ჰქონდა ევროპულ დიპლომატიას და ალბათ მაინც გადამწყვეტი როლი ამერიკის მკაცრმა გაფრთხილებამ და სამხედრო გემებმა შეასრულა. თუმცა ცხადია, რომ რუსეთის გეგმები ამით არ დასრულებულა და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოსაგან იოლი ლუკმა შექმნას - ანუ მოამზადოს ისეთი სცენარი, რომელიც გარეგნულად რუსების ჩაურევლად გააკეთებინებს კრემლის საქმეს.
ეს სცენარი, როგორც ჩანს, სამოქალაქო ომის პროვოცირებასა და შემდეგ აქტიურ, თუმცა ფარულ ჩარევაში მდგომარეობს. სავარაუდოდ, რუსეთს აქვს სცენარი, რომ არჩევნების შემდეგ დაძაბულობით ისარგებლოს და მოულოდნელი სერიოზული პროვოკაცია მოაწყოს, რაზეც თავადვე უპასუხებს და შეზღუდულ ინტერვენციას განახორციელებს საქართველოში (მაგალითად, დაიკავებს ერთ რომელიმე ქალაქს და „დიდსულოვნად“ გაჩერდება). ამის შემდეგ გაავრცელებენ ხმებს, რომ დამნაშავე სააკაშვილია და ვითომ ამით აღშფოთებული ჯარის ნაწილი ოპოზიციისკენ გადავიდა. სინამდვილეში, ჯარი არსადაც არ გადავა, მაგრამ რუსები მოძებნიან ვინმეს, ვისაც შესთავაზებენ, რომ გამოიყენოს რუსების სამხედრო მხარდაჭერა და დაიწყოს სამოქალაქო ომი - ვითომცდა ქართული ჯარის ნაწილის მხარდაჭერით. მე უბრალოდ გაგახსენებთ, რომ ასეთი რამ ცოტა ხნის წინ მოხდა დასავლეთ საქართველოში - როდესაც რუსებმა იქ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დამყარება ტანკებით უზრუნველყვეს, ჩვენთვის კი ამას სამოქალაქო ომი ერქვა. ასე რომ, კი შეიცხადებენ ხოლმე, მოღალატე და კოლაბორაციონისტი რა სიტყვებიაო, მაგრამ ფაქტია - ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობენ საქართველოში კრემლის გეგმების განხორციელებას.
რა გავაკეთოთ? არ არის მარტივი კითხვა, მაგრამ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი. უნდა მოვუსპოთ რუსებს იმის ილუზიაც კი, რომ ისინი აქ დასაყრდენს ნახავენ. უნდა ნულოვანი რეიტინგის გარანტია მივცეთ ნებისმიერ იმ პოლიტიკოსს, რომელიც კრემლის ამ ილუზიების გაღრმავებას შეუწყობს ხელს - მით უმეტეს კი მათ, ვინც ღია დაპირებებს იძლევა, რომ რუსული აგრესიის განახლების შემთხვევაში მოტრიალდება და საკუთარ ხელსუფლებას დაუწყებს ბრძოლას. ალბათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასეთი ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში რუსული იარაღით წარმართულ ე.წ. სამოქალაქო ომს, რეალურად კი - ღია სახმედრო ინტერვენციას საქართველოში. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც შიდაპოლიტიკური სტაბილურობის გარანტიას იძლევა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის გაძლიერება, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოება არის ამ ყველა სიკეთის ერთადერთი და გრძელვადიანი გარანტი და უსაფრთხოების მიზნებისგან გადახვევა არავის ეპატიება. უსაფრთხოების მოშლა დემოკრატიის იმ საფუძვლებსაც მოსპობს, რაც უკვე შექმნილია, რადგან მოიშლება საზოგდოების, თემის თვითმყოფადი ფუნქციონირების ყველა პირობა, დემოსი კი სწორედ თემს ნიშნავს და არა - ხალხს, რომელიც არა მხოლოდ თემის, არამედ ბრბოს სახითაც შეიძლება არსებობდეს. ამიტომ, თუ ოკუპანტთან თანამშრომლობას კანონი არ კრძალავს (გაუგებარი კი არის ისე, რატომ არ კრძალავს), საჭიროა რომ საზოგადოებამ მოსთხოვოს პასუხი ასეთ ადამიანებს.
არის ერთი რამ, რაც ძალიან მენიშნება და არ მომწონს. რუსეთის მარიონეტობაზე ეჭვმიტანილი პოლიტიკოსები გამუდმებით გაიძახიან, რომ სააკაშვილი კიდევ ერთი ომის წამოწყებას აპირებს. არადა, ეს მტკნარი სიცრუეა იმიტომ რომ ხელისუფლება შანსს არ ტოვებს, არ განაცხადოს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით აპირებენ პრობლემების გადაწყვეტას.
სრულიად აშკარაა - რუსეთი ეცდება, რომ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს დემონსტრაციულად დაუთმოს რამდენიმე საკითხი. მაგალითად, მოხსნას ეკონომიკური ემბარგო, აღადგინოს საჰარო მიმოსვლა. ამით პუტინს სურს რომ შეარყიოს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ხალხს უთხრას, რომ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ სააკაშვილის გარეშეა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ტყუილი და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ისტორიაში, რომ ეს არ დავიჯეროთ. მაგრამ რა ვქნათ? მაგალითად, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ალბათ ნოღაიდელს ან ბურჯანაძეს მოელპარაკებიან და გახსნიან ბაზარს? ეს ხომ ჩვენი მოსახლეობისთვის კარგი იქნება, ხომ არ ვიტყვით ამაზე უარს? მე ვფიქრობ, პასუხი ნათელია - უნდა შევხედოთ ხალხის განწყობას ან პირდაპირ დავეკითხოთ. თუ ხალხი იტყვის რომ გავხსნათ, მაშინ გავხსნათ. საქართველოს ხელისუფლება არ უნდა გამოვიდეს ხელისშემშლელის როლში. მაგრამ ამ გზით თამაშიდან უნდა ამოვარდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის გაჭირვების გამოყენებას საკუთარი ქულებისთვის აპირებენ. ჩემი ნება რომ იყოს, რუსეთის ბაზარზეც უარს ვიტყოდი და საჰაერო მიმოსვლაზეც - სანამ არ გადაწყდებოდა ძირითადი საკითხები, როგორიცაა ოკუპაცია და სუვერენიტეტის შელახვა. მაგრამ ახლა არის ისეთი რეალობა, რომ შესაძლოა, საზოგადოება არ აღმოჩნდეს საკმარისად მომზადებული და ამიტომ, ალბათ ჯობია რომ წინააღმდეგობა ამ მხრივ ხელისუფლებამ არ დააფიქსიროს.
ახლა - რაც შეეხება ევროპელი ლიდერების თანამშრომლობას რუსეთთან. ესეც გრძელი თემაა, მაგრამ ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ. საქმე ისაა, რომ როდესაც ამერიკა ერაყსა და ავღანეთის ომში ჩაეფლო, პარალელური ეკონომიკური ბუმის პირობებში ენერგიაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და გაიზარდა ფასიც, რამაც რუსეთს საშუალება მისცა, რომ ფეხზე წამომდგარიყო. ამერიკის საგარეო პოლიტიკა აღიზიანებდა საფრანგეთს და გერმანიას, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ამერიკის პოლიტიკის მომსახურებას ეწეოდნენ, საკუთარ ინტერესებს კი ამერიკასთან ერთად ვერ ხედავდნენ. გაფულიანებულმა მოსკოვმა კი ამ ცეცხლზე ნავთის დასხმა დაიწყო და ევროპელებს ეუბნებოდა, რომ მათთვის ღიაა რუსეთის ბაზარი და ხელმისაწვდომია ბუნებრივი რესურსები, ამ მიზნით წამოიწყეს მრავალი ენერგოპროექტიც და ნელ-ნელა შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ევროპა გრძნობს, რომ შედარებით ნაკლებადაა ამერიკაზე დამოკიდებული. საერთოდ, საერთაშორისო პოლიტიკა დიდწილად არის დაფუძნებული იდენტობებზე, ეს კი განაპირობებს, რომ პირველობის და ლიდერობის ამბიცია ბევრ სახელმწიფოს აქვს, მათ შორის რუსეთს, საფრანგეთს, გერმანიას. ხშირად, ეს ამბიციები რეალური შესაძლებლობებისაგან მოწყვეტით არსებობს, მაგრამ ისინი მაინც არსებობს და გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიმღებებზე. ჩვენ ამისაგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და არც ის დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ რადგან მოსკოვთან თანამშრომლობენ, ამიტომ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერზე დათანხმდებიან.
Comments
ირაკლი მარგველაშვილი
ყოჩაღ!
კომპანიის მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს მიწის ბაზრის განვითარებაში და გახადოს მიწა ხელმისაწვდომი ყველასათვის ვისაც აქვს სტაბილური შემოსავალი და სურვილი შეიძინოს მიწა საცხოვრებლად, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებისათვის თუ საინვესტიციოდ. ჩვენ გთავაზობთ დაბალი ფასის მქონე მიწის ნაკვეთებს, რომელთა მიმზიდველობაც მათ ადგილმდებარეობასა და ხელმისაწვდომ ფასშია, ჩვენ ვყიდით არა მხოლოდ ნაკვეთებს არამედ გთავაზობთ მათი განვითარების პერსპექტივებს.
ჩვენ გვყავს ბევრი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე კლიენტები ამერიკიდან, შოტლანდიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან,საბერძნეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ა.შ რომლებმაც არჩევანი სწორედ ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებულ მიწებზე შეაჩერეს, რადგან ვთავაზობთ გადახდის მოქნილ პირობებს და რაც მთავარია გვაქვს პირველად საქართველოში 15 თვიანი 0%–ანი განვადება.
გთხოვთ დამეხმაროთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში ქართულ სათვისტომოსა თუ დიასპორაში, წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
პატივისცემით,
ნინო
შ.პ.ს „ნიუ ბროკერ გრუპი“
მის: ფალიაშვილის 80ა;
ტელ:(+995 32) 22 62 39, 18 40 83
E-mail: info@newbg.ge , n.makhatadze@newbg.ge