ბატონო ანდრო, საპარლამენტო უმრავლესობასთან ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გაურკვეველი დარჩა ხელისუფლებაში დარჩენის რა გზას აირჩევს სააკაშვილი. თქვენი ვარაუდით, 2013 წლის შემდეგ, როგორი შეიძლება იყოს სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი?
პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელი მართლაც საინტერესოა. როგორც ბევრი ცდილობს, მე ვითარების გამარტივების მომხრე არა ვარ. არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენის გარდა, არაფერი აინტერესებს.
თუ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ქვეყანაში მართლაც ბევრი რამ შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი პირველ რიგში ფიქრობს იმაზე, თუ როგორი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღე. როცა რაღაც რეფორმა ტარდება, ეს იგულისხმება და არა უბრალოდ ის, თუ ვინ რომელ სკამს დაიკავებს. როცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ მხრივაა ის ძალიან მნიშვნელოვანი. რა მოდელიც არ უნდა იყოს, ძლიერი პოლიტიკური გუნდი საქართველოს პოლიტიკაში ყოველთვის მოახერხებს მნიშვნელოვანი პოზიციების შენარჩუნებას. ასე რომ, სპეკულირება იმით, თითქოს, კონსტიტუციით მანიპულირება ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ხერხია, ცხადია სისულელეა. მე საზოგადოებას მოუწოდებ არ აჰყვეს ასეთ სპეკულაციებს.
ცალსახაა, რომ ახალ მოდელში იკვეთება ასეთი ფორმულა - ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი და პარლამენტის მიერ მჭიდროდ კონტროლირებადი მთავრობა, რომელსაც პირობითად "სუსტი მთავრობაც" შეიძლება ვუწოდოთ. ჩემი აზრით, წარმოდგენილი მოდელი კარგია. ძლიერ პრეზიდენტში იგულისხმება ის, რომ პრეზიდენტი სასამართლო ხელისუფლებაზე ძლიერ ბერკეტებს ინარჩულებს, ის წარადგენს მოსამართლეებს და იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, ანუ ის რეალურად პოლიტიკური ფიგურაა და არა რაღაც წარმომადგენლობითი ფუნქციების მატარებელი სუსტი პოლიტიკოსი. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს პირობებში გამართლებული იყოს სუსტი პრეზიდენტის ინსტიტუტი. ან უფუნქციო თანამდებობის პირი ქვეყანამ რატომ უნდა შეინახოს? პრეზიდენტს რეალური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და პირველ რიგში, საგარეო პოლიტიკაზე. მათთვის, ვისაც აინტერესებს ხელისუფლებებს შორის ბალანსის არსებობა, კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი საინტერესო უნდა იყოს.
რაც შეეხება სააკაშვილის გაპრემიერმინისტრების შესაძლებლობას. არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე. შემიძლია ვივარაუდო, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში 2013 წლის შემდეგაც დარჩება. ჩემი ვარაუდით, ის ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე იქნება. ის გარემოება, რომ პარლამენტი ძლიერდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის მომავალი პოლიტიკური სარბიელი პარლამენტი იყოს. თუმცა, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, ვინაიდან 2013 წლის არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა. პოლიტიკაში, და არა მარტო საშინაო პოლიტიკაში, ბევრი რამ საკმაოდ სწრაფად იცვლება, ამიტომ, დღეს ამ თემაზე საუბარი სწორი არ იქნება.
რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის თავის თავზე მორგების მიზანი მის შესაძლებლობებს აღემატება?
არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი კონსტიტუციის თავის თავზე მორგებას ცდილობს. მან ანაკლიაში გამოსვლისას თქვა კიდევაც, რომ გამოკითხვების მიხედვით მას შეუძლია პრეზიდენტობის მესამე ვადაზეც ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ ამას არ აპირებს. რაც შეეხება იმას, რომ უნდოდეს, მოახეხებდა თუ არა, სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ მოახერხებდა. დავუბრუნდებოდი იმ არგუმენტს, რომ ხალხი უაზრო პერიპეტიებით ძალიან დაიღალა და რთული საფიქრალია, რომ უპერსპექტივობის გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. საქმე იმაშია, რომ ოპოზიცია ძალიან დისკრედიტირებულია, ხელისუფლებას დღეს მისივე საპირწონე ძალა ქვეყნის შიგნით არ ჰყავს. სააკაშვილს კონკურენტი მოსკოვში ჰყავს და არა საქართველოში.
ვითარებაში, როცა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ოპოზიციის მსგავსად ხელისუფლებაც ჩიხშია, შეძლებს კი ხელისუფლება ახალი კონსტიტუციის უმტკივნეულოდ მიღებას? როცა ჩიხზე ვსაუბრობ, უპირველესად ვგულისხმობ იმას, რომ კონსტიტუციის მიღება ახლოვდება, მმართველ გუნდში გამოკვეთილი ლიდერი მხოლოდ სააკაშვილია და მმართველ გუნდში ჯერაც არ იციან თუ რა პოზიციას დაიკავებს იგი 2013 წლის შემდეგ.
რამე სახის ჩიხს მე ვერ ვედავ. ის, რომ დღეს არ კეთდება განცხადება სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე, შესაძლოა იმას უკავშირდებოდეს, რომ ჯერ არცაა გადაწყვეტილი რა იქნება ხვალ და ზეგ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩიხი სახეზეა. ყოველ შემთხვევაში მმართველი გუნდი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გუნდია. ამ გუნდის შიგნითაც შესაძლებელია ლიდერების მოძიება, მაგრამ დღეს ამ თემაზე კონკრეტული საუბარი და ამ თემით სპეკულირება, პირადად ჩემთვის, საინტერესო არაა, და ზოგადადაც, მასზე საუბარი არაფრის მომტანია. ვიმეორებ, 2013 წლამდე ძალიან დიდი დროა. ტენდენციები კი ისეთია, რომ მე ვერ ვხედავ გუნდის შიგნით ახალი ლიდერების გაჩენის აუცილებლობას. ვფიქრობ, რომ იგივე ლიდერებს შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება.
რაც შეეხება იმას, შეძლებს თუ არა ხელისუფლება კონსტიტუციის ახალი პროექტის უმტკივნეულოდ მიღებას, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მოხდება. ამისათვის ხელისუფლებას ყველა რესურსი აქვს. კარგა ხანია ამ პროექტის განხილვა მიმდინარეობს და ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას, რომელმაც კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებას შეიძლება ხელი შეუშალოს.
ოპოზიცია შემოდგომაზე სერიოზულ გააქტიურებას აანოსებს. შეძლებს ხელისუფლება უზრუნველყოს "არსებული პოლიტიკური სისტემის შეუქცევადობა," რომელზეც პრეზიდენტმა ანაკლიაში ისაუბრა?
არსებული სისტემის შეუქცევადობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მყარად დგას ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, ძლიერი, განვითარებული ეკონომიკის მქონე და საინტერესო ქვეყნად ქცევის გზაზე. შესაძლოა, ჩვენ შუა გზაშიც არ ვიყოთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და ამ გზიდან გადახვევას არაფერი ემუქრებოდეს. ჩვენ რომ რისკებზე ვსაუბრობთ, პრობლემა იმაში კი არაა, რომ ხელისუფლება რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ ჩაანაცვლოს. ამ ტიპის რისკი ბუნებაში რეალურად არ არსებობს. რისკი არის სისტემის დანგრევის ალბათობაში, იმაში, რომ სისტემასა და გეზს გაუჩნდეს პრობლემები, დემოკრატიულობისაკენ სვლას გაუჩნდეს პრობლემები და ქვეყანა რუსეთის ორბიტისაკენ შეტრიალდეს. ცხადია, ამის რისკები არსებობს. მსგავსი მისწრაფებების პოლიტიკური ძალები ბევრი გაგვიჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი ძალიან სუსტები არიან. მათი სისუსტის ნიშანი იმაშია, რომ მათ საზოგადოება მხარს არ უჭერს.
რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიმყარა თუ არა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გახშირდა. თქვენი აზრით, რა ხდება და რამდენად სავარაუდოა ყარაბაღის გამო საომარი მოქმედებების კვლავ დაწყება?
არ ვფიქრობ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების ზოლზე ექსცესები გახშირდა. რაც ეს კონფლიქტი არსებობს, პრაქტიკულად თვე არ გასულა, რომ საზღვარზე რაღაც შეტაკება არ მომხდარა. უკანასკნელი შეტაკება ცუდია იმით, რომ ადამიანი გარდაიცვალა, ასეთი რამ კი იქ ხშირად არ ხდება.
ცხადია, რუსეთის ინტერესში შედის კონფლიქტის განახლება. რუსეთმა 49 წლით გაინაღდა სომხეთში თავისი ჯარების ყოფნის ვადა. გარდა ამისა, რუსეთს არ სურს თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ალიანსის სახით რეგიონში მისი ალტერნატივა არსებობდეს. მოსკოვი ამის წინააღმდეგ ღიად ვერ გამოდის, მაგრამ ცდილობს ვითარების პროვოცირებას. არ შემიძლია ვამტკიცო, რომ ამ კონკრეტული ინციდენტის უკან რუსეთი იდგა თუ არა, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ შეიძლება იდგნენ კიდეც, შესაძლებელია, ვინაიდან სრულიად ცალსახაა, რომ სამხრეთ კავკასიაში ომი რუსეთის ინტერესებში შედის. აზერბაიჯანელებს კარგად ესმით იმ უარყოფითი შედეგების სიმძიმე, რაც შეიძლება დადგეს, თუ ბაქო რუსულ პროვოკაციას წამოეგება. არ მგონია, რომ წამოეგონ, თუმცა გარანტირებული არაფერია.
ყველა თანმხდება, რომ უახლოესი წლები რუსეთის მხრიდან საქართველოზე გააფრთებული შემოტევების პერიოდი იქნება. ვითარებაში, როცა რუსეთს სამხრეთ კავკაშიაში სტაბილურობა მოსვენება არ აძლევს, რა უნდა გააკეთოს საქართველომ?
საბედნიეროდ, დღეს რუსეთს არა აქვს იმის რესურსი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ღია ინტერვენცია წამოიწყოს. დღეს და ხვალ ისინი ამას ვერ გააკეთებენ, ამიტომ ეცდებიან შიდა რესურსების გამოყენებას. დაახლოებით ისე, როგორც ამას შარშან აკეთებდნენ. ქვეყნის შიგნით დაძაბულობის შექმნის შემდეგ შეუძლიათ სამხედრო ძალები ჩართონ, რათა ბიძგი მისცენ გადამწყვეტ ესკალაციას. ამათგან ეს სცენარი მოსალოდნელია. რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევის რისკი არაა, მაგრამ იგი ამაზე მაშინ წავა, თუ შიგნიდან პოლიტიკური გაგრძელების იმედი ექნათ. ეს არის ის მოდელი, რასაც დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ იმედია, არც ახლა გამოუვათ არაფერი.
ამაში პასუხიმგებლობა საზოგადოებას ეკისრება. თუ ხვალ და ზეგ კოლაბორაციონისტების რეიტინგი 1-3% არ გადააჭარბებს, ცხადია, ვერც რუსები და ვერც შიდა ძალები რუსეთის საქართველოს საქმეში ღიად ჩარევის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ცხადია, ხელისუფლების პასუხიმგებლობაა ყველაფერი იღონოს, რომ ოპოზიციამ სისტემურ თამაშში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ძალიან დიდია სამოქალაქო სექტორის პასუხისმგებლობა, მკვეთრი ზღვარი უნდა იყოს სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკოსებს შორის. სამწუხაროდ, მივეჩვიეთ იმას, რომ ვერ ვხედავთ სადაა ზღვარი სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის. ეს ქვეყნას უარყოფითად ახასიათებს. ასეთი ვითარება ერთი მხრივ საზოგადოებას აბნევს და ნიჰილიზმს ბადებს, მეორე მხრივ, ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების სახით არავინ ჰყავს საპირწონე. ეს კი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცუდად აისახება. პასუხიმგებლობა აქვს ყველას, მათ შორის მედიასაც. ჟურნალისტებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ იმ პროცესებში, რაც ხდება. რა თქმა უნდა, მთელ მედიას არ ვგულისხმობ. მედია უნდა შეეცადოს გაცდეს მოძალებულ "სიყვითლეს".
კობა ბენდელიანი
საინფორმაციო სააგენტო
Comments