Skip to main content

ანდრო ბარნოვი: სწრაფი ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო

1.  ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაციოანლურმა მოძრაობამ, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისებში მართვის სოლიდური გამოცდილება მიიღო. ახლა ის ოპოზიციაშია და კრიზისები, როგორც ჩანს, გრძელდება. პოლტიკური დაპატიმრებები უკვე დაიწყო. თქვენი აზრით, რა რესურსები აქვს პარტიას იმისთვის რომ კრიზისი დაძლიოს და შეინარჩუნოს ძლიერი ოპოზიციური პარტიის ნიშა.
ჩვენ, როგორც საზოგადოება და სახელმწიფო, მძიმე წარსულიდან მოვდივართ. საუკუნეების მანძილზე, არ გვქონდა დამოუკიდებლობა და, ამიტომ, საზოგადოება გადაჩვეულია პოლიტიკური კატეგორიებით აზროვნებას. მეტიც, ჩვენი თვითგადარჩენის ინსტიქტი ასწლეულების მანძილზე სახელმწიფოს უარყოფა იყო, რადგან ეს უცხო სახელმწიფო იყო და ჩვენი ეროვნული თვითშეგნება ვერ გადარჩებოდა ამ უარყოფის გარეშე. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ საზოგადოებამ წინ წამოსწია არაფორმალური ინსტიტუტების მნიშვნელობა, როგორიცაა ოჯახი, სამეგობრო, სამეზობლო, სუფრა, რელიგია და ა.შ. ეს ინსტიტუტები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არაფორმალაური კულტურის ნაწილებს წარმოადგენს. იმისათვის, რომ სახელმწიფო შედგეს, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსია საჭირო სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ჯერ კიდევ არ გვაქვს. იმდენად ბევრი გვაკლია ამ მხრივ, რომ ისეთი ცხადი საკითხიც კი, როგორიც სახელმწიფოს დამოუკიდებლობაა, გარკვეულ ჯგუფებში სადავო ხდება ან სრული ინდიფერენტიზმის საგანია. რასაკვირველია, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის ეს ძალიან მძიმე რეალობაა.
2003 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა, რომ სახელმწიფოებრიობის ატრიბუტების სწრაფი და ენერგიული დამკვიდრება დაეწყო. ეს ხდებოდა სწორედ ამ რეალობაში, სადაც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ცვლილებებისთვის მზად არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტიას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერდა, საზოგადოების ცალკეულმა სეგმენტებმა მალევე გააცნობიერეს, რომ თანამედროვე სახელმწიფოში ადგილის მოპოვებას ახალი უნარები სჭირდებოდა. ამიტომ, მარგინალიზაციის შიშმა მათ გაუცხოებისკენ უბიძგა.
დღეს ბევრს შეუძლია ილაპარაკოს „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიულ შეცდომებზე და თქვას, რომ პარტია ნაკლებად ენერგიული უნდა ყოფილიყო ცვლილებების გატარებისას. მაგრამ ეს არც ისე ადვილი სათქმელია. ჯერ ერთი, ცვლილებები და მოდერნიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი იდენტობაა, მეორეც - სწრაფი ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის იმ ტიპის ძალა, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი ამოძრავებს, სახელმწიფოებრიობა პარტიის ძირითადი მიზანი და ამოცანაა. ამიტომ, ამ საკითხში კომპრომისები არც კი განიხილებოდა. გასაგებია, რომ საბოლოო ჯამში საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანების საფუძველიც სწორედ ეს უკომპრომისობა გახდა, მაგრამ სამაგიეროდ დღეს გვაქვს რეალობა, სადაც სახელმწიფო ნამდვილად არსებობს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამ წარსულისა და ამ იდენტობის გამო, ერთადერთი ნამდვილი პოლიტიკური ძალაა საქართველოში.
ნამდვილად არ მინდა იმის თქმა, რომ მეტი მოქნილობა შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, ძალიან ბევრი ტაქტიკური შეცდომაც იქნა დაშვებული, მაგრამ საერთო ჯამში პარტია შედგა როგორც ნამდვილი სახელმწიფოებრივი ძალა და ამიტომ მას დიდი მომავალი აქვს საქართველოს პოლიტიკაში.
ამ შეცდომებზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ, რომ საუკეთესო საკადრო რესურსის მიზიდვის მიუხედავად, საკადრო პრობლემები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკმარისად ქონდა. ესეც ჩვენი საერთო რეალობის ნაწილია, ზოგადად ჭირს არა მარტო პროფესიონალიზმი ყველა სფეროში, არამედ ღირებულებებიც და განსაკუთრებით სოციალურ და პოლიტიკურ სფეროშია ეს მართალი, რადგან აქ ჯერ კიდევ ძალიან პატარა გამოცდილება გვაქვს.
2.  რა ძირითადი ტენდენციები იკვეთება ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ლევან ვასაძის პოლიტიკური ხასიათის განცხადებები. მაესტროს ეთერში მან გარკვეულწილად დაუპირისპირა ერთმანეთს ქართული ტრადიციები კონსტიტუციას და კანონებს. შეიძლება ეს განვიხილიოთ როგორც ეკლესიის  ხელისუფლებასთან  დაპირიპსირების მცდელობა?
ტენდენციები, სამწუხაროდ, არ არის იმედისმომცემი. რამდენადაც იდეური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, იმდენად უიდეოა „ქართული ოცნება“. არც თვითონ მალავენ, რომ ეს მხოლოდ გაღიზიანებული ადამიანების ხელისუფლებაა. პრობლემა აქ ისაა, რომ ეს არ არის რაციონალური გაღიზიანება, ესაა გაღიზიანება სახელმწიფოს, როგორც ასეთის, ფაქტის მიმართ. საზოგადოების ნაწილისთვის არაკომფორტული აღმოჩნდა სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებლობას ითხოვს თითოეული მოქალაქისგან, არაკომფორტული აღმოჩნდა საერთო წესებზე შეთანხმების აუცილებლობა, ასევე ის უკომპრომისობა, რომელსაც სახელმწიფო იჩენდა ამ წესებიდან გადახვევის შემთხვევაში. არაკომფორტული აღმოჩნდა, ასევე, მსხვერპლის აუცილებლობის გაცნობიერება, რადგან ის, რისთვისაც ეს მსხვერპლი უნდა გაღებულიყო, ანუ დამოუკიდებლი სახელმწიფო, ზოგიერთისთვის დიდ ღირებულებას არ წარმოადგენდა.
სიმბოლურია და ამ სიტყვების მტკიცებულებაა ისიც, რომ ადამიანები, ვის მიმართაც საზოგადოებას ყველაზე დიდი გაღიზიანება ქონდა, თვეების განმავლობაში ისე იმყოფებიან ციხეში, რომ მათ მიმართ სამართლებრივი დევნა წარმატებით ვერ სრულდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა დანაშაულთან სამართლერივი გაგებით, არამედ - არარაციონალურ გაღიზიანებასთან ლეგიტიმური ძალადობის მიმართ, რომელიც, როგორც იცით, სახელმწიფოს პრეროგატივაა.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამ ყველაფრის უარყოფით მოვიდა და მათი პოლიტიკაც შესაბამისია. თავისთავად კოალიციის დასახელებაც კი - „ქართული ოცნება“ - არარაციონალური და არაფრისმთქმელია. ამ ხალხს არა აქვს პოლიტიკური მიზანი, გარდა იმისა, რომ დასაჯონ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც საქართველოში ნაციის, ანუ სახელმწიფოს შექმნა სცადა და გამოუვიდა. ამიტომ, დღეს ჩვენ ვაკვირდებით ბრძოლას სახელმწიფოებრიობის მოსურნე და სახელმწიფოებრიობის მოძულე ძალებს შორის. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეა.
ალბათ, გამოჩნდებიან ოპონენტები და ამ სიტყვების საწინააღმდეგოდ რამდენიმე კონკრეტულ დანაშაულს დაასახელებენ, მაგრამ რაც არ უნდა დაასახელონ, საერთო სურათი სწორედ ასეთია და მისი შეცვლის უნარი „ქართული ოცნების“ ძალებს აღემატება. მათი პოლიტიკური იდენტობა თავიდანვე განისაზღვრა როგორც არა აღმშენებლობა, არამედ - ნგრევა, არა გაერთიანება, არამედ - შურისძიება და ძალადობა. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლეგიტიმურ ძალადობას ედავებოდნენ, დღეს ძალადობას ქუჩაში უხსნიან გზას და ამას საზოგადოების დაკვეთას ეძახიან. თუ თავად საზოგადოება სწრაფად არ გამოფხიზლდა, ეს ყველაფერი გარდაუვლად მიგვიყვანს სახელმწიფოებრიობის დასუსტებასა და გაუქმებამდე.
რაც შეეხება ტრადიციების კონსტიტუციასთან დაპირისპირებას, ბოდიში უნდა მოვითხოვო ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ეს სრული სისულელეა. თქვენს წინა კითხვაზეც ვახსენე არაფორმალური ინსტიტუტები. ტრადიციები სწორედ არაფორმალურ ინსტიტუტებს მიეკუთვნება და სახელმწიფოსთან არანაირი შეხება არა აქვს. ფორმალური ინსტიტუტები კანონით ფიქსირდება, ამიტომ როდესაც ტრადიციებს კონსტიტუციას ვუპირისპირებთ, გამოგვდის იმის მტკიცება, რომ ვთქვათ, კანონი კრძალავს ქეიფს, მეგობრობას და ა.შ. ფორმალური სფერო საერთო საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი შეთანხმების სფეროა და მას არაფერი ესაქმება სიყვარულთან, რწმენასთან, მეგობრობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან და ა.შ. ეს პირადი და კერძო საკითხებია და მათი საერთო-ეროვნულ დონეზე განხილვა სახელმწიფოებრიობისათვის პირდაპირი საფრთხეა. სუბიექტური შეხედულებების განზოგადოება და ყველასათვის თავსმოხვევის მცდელობა იდეოლოგიური დიქტატურის გამოვლინებებია. ეს პირდაპირ ემუქრება როგორც პიროვნულ, ასევე - ეროვნულ თავისუფლებას. ჩვენ სახელმწიფო სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ პიროვნული თავისუფლებები გარანტირებული იყოს. ოღონდ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს პიროვნული თავისუფლება თემის, საზოგადოების თავისუფლების გარეშე. ამიტომ, საზოგადოებრივი თანხმობა აუცილებელია არა სუბიექტური შეხედულებების შესახებ, არამედ - ისეთი თემების შესახებ, რომლებიც საზოგადოების დაცულობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
3.  სააკაშვილის მმართველობის მთავარი პოლიტიკური ბრენდი ეს რეფორმებია სხვა საქმეა რა ხარვეზები იყო დაშვებული ან ვის როგორ მოსწონდა ეს ცვლილებები, თუმცა, ეკლესია მაინც დარჩა საერთო რეფორმების მიღმა. შეიძლება ეს ფაქტორი ნაციოანლური მოძრაობის არჩევნებში მარცხადაც ჩაითვალოს?
საქმე ისაა, რომ როდესაც საზოგადოების ნაწილმა სახელმწიფოებრივ სფეროში მიმდინარე ცვლიებებს ფეხი ვერ აუწყო, ეკლესიამ ბუნებრივად ისარგებლა ამით და ეს მარგინალიზებული ადამიანები გულში ჩაიხუტა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სპეციალურად, ვინმეს გათვლით მოხდა ასე. უფრო მგონია, რომ ეს იყო ობიექტური პროცესი და ადამიანებმა უბრალოდ ეკლესიაში იპოვეს ის ადგილი, სადაც მათი ადვილი რეალიზების საშუალება იყო.
სახელმწიფოებრიობისთვის უარყოფითი როლი იმან კი არ შეასრულა, რომ ადამიანებმა გამოსავლის ძებნა ეკლესიაში დაიწყეს, არამედ იმან, რომ თავად ეკლესიის ბევრი მსახურიც არაფრით განსხვავებული აღმოჩნდა მრევლისაგან. იმის მაგივრად, რომ ეკლესია გვერდში ამოდგომოდა სახელმწიფოს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში, სინამდვილეში ძალიან ჭრელი სურათი მივიღეთ. ეკლესიის ცაკლეულ მსახურებზე ნამდვილად აუგს ვერ ვიტყვი, მაგრამ მთლიანობაში ეკლესიაშიც იგივე მდგომარეობა გვაქვს, რაც ზოგადად საზოგადოებაში. ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს გაუნათლებლობა. სამწუხაროდ, ისეთი მღვდლებიც ვიცი, ბიბლია და სახარება ჩემზე გაცილებით ცუდად რომ იციან. აღარაფერს ვამბობ სხვა კანონიკურ ტექსტებზე. ბევრს ქრისტიანობის ძირითადი არსებაც კი არ ესმის. ამიტომ, საზოგადოების ეს ნაწილი ფაქტობრივად გაუნათლებელ ე.წ. ღვთისმსახურთა მძევლის როლში აღმოჩნდა, რომლებსაც რთული თემების ირგვლივ მსჯელობა არ შეუძლიათ, გაურბიან ამ თემებს და ადვილ გამოსავალს სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში ხედავენ. რა თქმა უნდა, ძალიან საშიში და სამწუხარო რეალობაა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეკლესიაც სოციალური ინსტიტუტია და მიზნად მასაც ადამიანის კეთილდღეობა აქვს. არ შეიძლება, სიყვარულზე და მორჩილებაზე დაფუძნებული რელიგია ძალადობას და სიძულვილს ქადაგებდეს.
ერთი სიტყვით, შედეგად მივიღეთ ის, რომ საზოგადოების ამ ნაწილის მარგინალიზაცია სახელმწიფოებრივი სივრციდან კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს არის რეალობა, რომელიც არც ეკლესიას უქადის კარგს არაფერს. თუ რეალური ინტერესი ვერ ნახეს, ერთ მშვენიერ დღეს ხალხი დაიღლება ეკლესიით. უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ვართ და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ძალიან გაზრდილია. ამიტომ, ჩემი აზრით, ეკლესიის მსახურნი კარგად უნდა დაფიქრდნენ ამაზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ. საზოგადოებას ეკლესიაში სიმშვიდე და სულიერება აინტერესებს. თუ ეკლესიამ ეს ვერ უზრუნველყო, საერო ხელისუფლებასთან დაპირისპირების მოკლევადიანი სტრატეგიით ფონს ვერ გავა და სოციალურ ფუნქციას დაკარგავს. ეს კი ნამდვილად არ არის ის, რაც მე შეიძლება რომ ვისურვო.
4.  არსებობს ვარაუდი რომ მუსულმანური რელიგია შეუთვასებელია დემოკრატიულ ფასეულობებთან, იმიტომ რომ ღმერთი მორჩილებას ითხოვს და არა თავისუფლებას. 17 მაისის შემდეგ ისეთი განცდა გაჩნდა, რომ საქართველოშიც გარკვეულ ძალებს სურთ რელიგია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და გვითხრან ქრისტე ეს შეზღუდვებია და არა ფასეულობები.
პირველ რიგში, დიდი პატივისცემა მინდა დავაფიქსირო ჩვენი მუსულმანი თანამოქალაქეების და, საერთოდ, ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლის მიმართ. აღმსარებლობის თავისუფლება ერთ-ერთი ძირითადი საკითხია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ტყუილია, რომ რომელიმე რელიგია ხელს უშლის დემოკრატიას. დემოკრატიას ხელს უშლის არა რელიგია, არამედ - ფუნდამენტალიზმი, რაზეც ზემოთაც ვთქვი. რელიგია პირველ რიგში პიროვნული თავისუფლებაა. რელიგია და ზოგადად რწმენა ის ფენომენებია, რაც თავისებურად ასაზრდოებს პიროვნულ თავისუფლებას და თავისუფლებას დოგმის ხასიათს კი არ აძლევს, არამედ, ასე ვთქვათ, ცოცხლად ინახავს. ყველა ძირითადი რელიგია იმისთვის არსებობს, რომ ადამიანს რაღაც უფრო მაღალთან და მარადიულთან მიახლოების საშუალება მისცეს. ამიტომ, მორჩილებაზე აქცენტის გაკეთება არასწორია. არც ერთი რელიგია არ ქადაგებს, რომ რწმენის საწინააღმდეგოდ რაიმეს დამორჩილდე. პირიქით, შიში, ფარისევლობა თუ შეუწყნარებლობა ყველაზე დიდ ცოდვებად ითვლება და ეს ლოგიკურიცაა.
პოლიტიკური მიზნებისთვის რელიგიას ის იყენებს, ვისაც არაფრის სწამს და ფარისევლობითაა მხოლოდ დაკავებული. მე ვფიქრობ, სწორედ ეს, ფარისევლობაა ძირითადი პრობლემა და სრულიად აუცილებელია, რომ ეს ჩვენ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ფარისევლობა როგორც ეკლესიაში, ასევე პოლიტიკაში და მთლიანად საზოგადოებაში.
5.   90-იან წლებში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა იმიტომ, რომ პოლიტიკოსებმა ზვიად გამსახურდიამ და გია ჭანტურიამ საერთო ენა ვერ გამოძებნეს. შედეგად გამოჩნდა კიტოვანი საკუთარი გვარდიით, იოსელიანი მხედრიონით, ამას სამოქალაქო ომი მოჰყვა... რამდენად ვდგავართ ასეთივე საფრთხის წინაშე ახლა, რამდენად შესაძლებელია რომ თუ მთავარი პოლიტიკური ძალები - ქართული ოცნება და ნაციონალები ვერ მოილაპარაკებენ, მაშინ გამოჩნდება მესამე, რომელიც სახიფათო იქნება ორივე მათგანისთვის და 90-იან წლებში დაგვაბრუნებს.
არა, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს იმავე რეალობის წინაშე ვართ. სტრუქტურულად მოვლენები რაღაცით გავს 90-იან წლებს, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: საზოგადოება ძალიან გაიზარდა ამ პერიოდში და, ვფიქრობ, ნამდვილად გაჩნდა კრიტიკული მასა საზოგადოებაში, რომელიც ახალ არეულობას მხარს არ დაუჭერს. ახალი რეალობაა ისიც, რომ პირველად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დღეს საქართველოში არსებობს რეალური ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამაშიც პირველი აღმოჩნდა და ამ პარტიის დიდ პოლიტიკურ და ისტორიულ მნიშვნელობას ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
6.  მესამე უკვე გამოჩდა. მათი მოთხოვნებია: სამართლიანობის აღდგენა, ვადამდელი არჩევნები და მოლოდინი რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას დატოვებს...  წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აგრესიული მეთოდების გამოყენებით იმუქრებიან. ამ აგრესიამ უკვე გააჩინა მხედრიონისა და გვარდიის ასოციაციები...
თქვენ ალბათ კუკავას, ბურჯანაძეს, ვასაძეს, ხაბურძანიას გულისხმობთ. ჩემი აზრით, ეს მარგინალური ჯგუფია, რომელიც, ვფიქრობ, პირდაპირ იმართება რუსეთიდან და კაპიტალიზაციას აგრესიასა და არეულობაზე აკეთებს. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების 2-3%-ზე მეტი მათ პოლიტიკას არასოდეს დაუჭერს მხარს.
7.  თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი ქვეყნისთვის, რა არის ის, რაც პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს აგვაშორებს.
დღევანდელი მმართველი ძალის პირობებში ძნელია, დარწმუნებით ისაუბრო იმაზე, რომ პოლიტიკური კრიზისი არ დადგება. პირადად მე ყველაზე ძალიან მეშინია არა მათი სრული არაკომპეტენტურობის,  რაც ასევე ფაქტია, არამედ - უღირებულებობის, რაც თითქმის ტოტალურად ემუქრება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მეშინია, ასევე, უკიდეგანო პოპულიზმის, რაც ასევე დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს და მეშინია მათი უმიზნობისა და უიდეობის, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ პოლიტიკური ძალის ერთადერთ მიზნად ხელისუფლებაში დარჩენა იქნება, ეს კი ნიშნავს კორუფციის დაბრუნებას, განვითარების შეწყვეტას, სიღარიბეს, ქაოსს და ყველა იმ უკეთურებას, რაც ბოლო წლებში თითქმის დაგვავიწყდა.
გამოსავალი, ცხადია, ისაა, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭროს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. ეს დევნა, რაც პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ მიმდინარეობს, სწორედ საზოგადოების ზეწოლით უნდა დამთავრდეს და ოპოზიციას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ხელისუფლებაზე ეფექტური ზეწოლა განახორციელოს მაშინ, როცა ეს რეალურად საზოგადოების ინტერესებშია. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ რეალურად დავლადგეთ როგორც ქვეყანა და საზოგადოება, და განვარგძოთ წინსვლა.
8.  დაბოლოს, მინდა გკითხოთ, რატომ შეხვედით ნაციონალურ მოძრაობაში ახლა, როცა პარტიას მძიმე მდგომარეობა აქვს და ბევრი მას დაშლასა და გაქრობასაც კი უწინასწარმეტყველებს. რა იყო თქვენი მიზანი და როგორ ხედავთ საკთარ როლს და ადგილს პოლიტიკაში?
რა არის იცით? მე არ მგონია პოლიტიკა და საჯარო სივრცე ისეთი სფერო, სადაც რაიმე მოგებისათვის უნდა წახვიდე. საერთოდ მეკარგება ხოლმე საჯარო სივრცის მიმართ ინტერესი, როდესაც ვხედავ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. მაგალითად, 2004-2008 წლებში საერთოდ არ ვიყავი ჩართული ამ სფეროში და არც მიცდია ჩართვა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უკვე საკმარისი გამოცდილება მქონდა დაგროვილი. არსებობს სხვა ბევრი სფერო ცხოვრებაში, სადაც ადამიანმა საკუთარი თავის რეალიზაცია შეიძლება მოახერხოს და პოლიტიკაში ყოფნა ნამდვილად არ არის ყველაზე სასიამოვნო ცხოვრება.
თუმცა მგონია, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც დაგროვილი მაქვს, როგორც პასუხისმგებლობით აღჭურვილ მოქალაქეს, არ მაძლევს უფლებას, რომ მშვიდად ვიჯდე და თბილი ადგილი ვეძებო მაშინ, როდესაც ვხედავ, რომ საზოგადო ინტერესი სხვა რამეს მოითხოვს. ეს უბრალოდ ვერ ჯდება ჩემს ბუნებაში. ეს იყო იმის მიზეზი, რომ თავის დროზე საერთოდ დავიწყე საჯარო სამსახური და ნებაყოფლობით წავედი ჯარში მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ვმუშაობდი და დიდი გეგმებიც მქონდა, ეს პასუხისმგებლობა იყო იმის მიზეზიც, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ექსპერტის რანგში დავიწყე აქტიურობა, იმის მიზეზი, რომ 2009 წლის პოლიტიკური კრიზისისას, სრულიად დამუკიდებლად, ძალიან ბევრი ვიშრომე იმისათვის, რომ კრიზისი ჩამცხრალიყო, იმის მიზეზი, რომ 2010 წელს თავდაცვის აკადემიის რექტორობას დავთანხმდი და ძალიან რთული პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, შემდეგ მინისტრის მოადგილის რანგში ასევე ძალიან ბევრი რთული პროექტი წამოვიწყე და, პრაქტიკულად, ისე გაიარა ამ წლებმა, რომ პირად ცხოვრებაზე და რაიმე მოგებაზე არც კი მიფიქრია. მე ასეთი ცხოვრებით ვარ ბედნიერი, როცა ვიცი, რომ ვიხარჯები რაღაც უფრო დიდისთვის, ვიდრე ჩემი ვიწრო ინტერესი შეიძლება იყოს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდთან შეერთებას, მე მგონი, ამისი ბევრი მიზეზი ზემოთ უკვე დავასახელე. მე სრული იდენტიფიკაცია მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიმაჩნია, რომ ეს სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც აქვს უნარი, პასუხისმგებლობა და გამოცდილება, რომ ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.

თუმცა, იყო სხვა არგუმენტებიც, რის გამოც კიდევ ერთხელ დავანებე თავი უნივერსიტეტს და პოლიტიკურ სივრცეში გადავინაცვლე. გაგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ჯერ არ გვქონია სიტუაცია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ოპოზიციური ძალა გადარჩეს. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ მივიღეთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პროცესი წინ წავიდეს და საზოგადოება სწრაფი ტემპით განვითარდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლება არ ცდილობს, ეს შანსი გამოიყენოს და მეც სრულიად აშკარად ვხედავდი, რომ დაწყებული იყო პირდაპირი დევნა არა პარტიის ცალკეული წევრების, არამედ - ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ხელისუფლების მიერ კეთდებოდა ყველაფერი იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სრულიად გაენადგურებინათ. ამიტომ, როდესაც პრეზიდენტისგან მივიღე შემოთავაზება, რომ შიდა ქართლში, ჩემს მშობლიურ რეგიონში წავსულიყავი გუბერნატორად, მე ეს მივიღე როგორც დიდი პატივი და გამოწვევა და, ცხადია, დავთანხმდი ბევრი ფიქრის გარეშე. სირთულეების მიუხედავად, ბედნიერი ვარ რომ რამდენიმე თვე რეგიონში ვიმუშავე და ბედნიერი ვარ ახლაც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვხელმძღვანელობ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის განცდა, რომ საერთო საქმისთვის რაღაცას აკეთებ და რაც შეგიძლია, მაქსიმალურად იხარჯები ამაში. ყველას ვუსურვებ, ეს განცდა ყველა საქმეში თან სდევდეს.

PRIME TIME - # 21 (219) ორშაბათი, 27 მაისი, 2013 წ.

Comments

Popular posts from this blog

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

ფართოდ გახელილი თვალები

“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0 ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა. ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა...