რას ნიშნავს განმავითარებელი სახელმწიფო?
განმავითარებელ სახელმწიფოებს (The Developmental States) უწოდებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც სახელმწიფო ინტერვენციონალისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას ეწევა და ეკონომიკაში რაციონალური დაგეგმვის პრიმატს აღიარებს. საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ საქართველოში, ისევე როგორც სხვა პოსტ-კომუნისტურ სახელმწიფოებში, ეკონომიკაში ყოველგვარი დაგეგმვის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება დამკვიდრდა.
ეს მითი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რადგან ფაქტია, რომ ე.წ. “გვიანი განვითარების” სახელმწიფოების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ რაციონალური დაგეგმვის გზით განვითარდა. რაციონალური დაგეგმვის ცნება უპირისპირდება ირაციონალური (იდეოლოგიური, სოციალისტური) დაგეგმვის ცნებას და გუსლიხმობს ბაზრების სტრატეგიულ ხედვას, სახელმწიფოს მეტ ჩარევას ეკონომიკაში და სახელმწიფოს გაზრდილ საკონსულტაციო და საგანმანათლებლო როლს. ასეთ ქვეყნებს “განმავითარებელ სახელმწიფოებს” უწოდებენ და მათ შორისაა იაპონია, ტაივანი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონგ-კონგი, ნაწილობრივ: ფინეთი, საფრანგეთი და გერმანია (გარკვეულ ეტაპზე), ბრაზილია, მექსიკა და ა.შ. განმავითარებელი სახელმწიფოს წარუმატებელ მოდელს წარმოადგენს, მაგალითად, ინდოეთი; ნაწილობრივ წარმატებული მოდელები აქვთ ჩინეთს, თურქეთს და ა.შ.
“განმავითარებელ სახელმწიფოებს”, ზოგადად, ახასიათებს:
1. სწრაფი ეკონომიკური ზრდა;
2. მეტი აქცენტი ბაზრის სეგმენტზე, ვიდრე – მოგებაზე ;
3. ეკონომიკური ნაციონალიზმი;
4. ადგილობრივი წარმოების დაცვა;
5. ფოკუსი უცხოური ტექნოლოგიების დანერგვაზე;
6. შედარებით დიდი სახელმწიფო ბიუროკრატია;
7. კორპორატიზმი (ალიანსი სახელმწიფოს, მეწარმეებსა და დასაქმებულთ შორის);
8. სკეფსისი ნეოლიბერალისტურ მიდგომებთან და ე.წ. ვაშინგტონის კონსენსუსთან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი…) დაკავშირებით;
9. პოლიტიკურ რეფორმებთან შედარებით ეკონომიკური ზრდისათვის უპირატესობის მინიჭება;
10. ლეგიტიმურობა და ეფექტიანობა;
***
როგორც სამეცნიერო ტერმინი, “განმავითარებელი სახელმწიფო” აღმოცენდა იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ტაივანის პოლიტიკისა და ეკონომიკის მკვლევარებს შორის. დღეს ამ ტერმინით ახასიათებენ ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც ეკონომიკაში რაციონალური დაგეგმვის პრიმატს აღიარებენ, ამ ფუნქციას დიდწილად სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელში აქცევენ და სადაც სახელმწიფო ზრუნავს იმისათვის, რომ ეროვნულმა კომპანიებმა საერთაშორისო ბაზრებზე ადგილი დაიმკვიდრონ. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია.
“განმავითარებელი სახელმწიფოს” კონცეპტი ძალიან პოპულარული იყო 1970-იან წლებამდე. ამ იდეის სამეცნიერო პოპულარობის დასასრული განსაზღვრა 70-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ განმეორებით 1990-იან წლებში წამოსულმა ტალღამ სოციალურ მეცნიერებებსა და ეკონომიკაში, რომელიც ნეოლიბერალისტული იდეოლოგიის სახელითაა ცნობილი. ეს მიმდინარეობა ქადაგებს ინდივიდუალიზმს, სრულ საბაზრო თავისუფლებას და სახელმწიფოს მაქსიმალურ შეზღუდვას. ამ ტალღის ძირითადი სამიზნე სწორედ “განმავითარებელი სახელმწიფო” იყო, რომლის იდეაც, თავის მხრივ, მანამდე არსებულ უამრავ განვითარების თეორიას ედო საფუძვლად. ნეოლიბერალები იქამდე მივიდნენ, რომ საერთოდ უარყოფდნენ სახელმწიფოს რამენაირ პოზიტიურ როლს ეკონომიკის განვითარებაში .
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნეოლიბერალისტული ფილოსოფია პოპულარობით სარგებლობს, მეცნიერები მას ბევრ ნაკლს უძებნიან. მაგალითად, ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ ინდივიდების მართალია რაციონალური, მაგრამ არაცენტრალიზებული რეაგირება ფასების ცვლილებებზე არაეფექტიან შედეგებს იწვევს. გარდა ამისა, ლიბერალებიც თანხმდებიან, რომ ბაზრების ტოტალური ლიბერალიზაცია შეუძლებელია და, ამიტომ, დავა რესურსების განაწილების ეფექტიანობის შესახებ ჩიხში შედის.
ასევე, სახელმწიფო ჩარევის მომხრე ეკონომისტები განასხვავებენ რესურსების განაწილების სტატიკურ და დინამიურ ეფექტიანობას (რასაც ნეოლიბერალები ყურადღებას არ აქცევენ) და ამტკიცებენ, რომ დინამიური ეფექტიანობის მოსაპოვებლად სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია. მარტივად რომ ვთქვათ, რესურსების განაწილების სტატიკური ეფექტიანობა გულისხმობს ეკონომიკის ეფექტიანობას დროის მოცემულ პერიოდში, დინამიური ეფექტიანობის მისაღწევად კი ეკონომიკის სტრატეგიული ხედვაა აუცილებელი. სახელმწიფოს ჩარევა სწორედ იმიტომაა აუცილებელი, რომ სახელმწიფო ყველაზე მეტ ინფორმაციას და ყველაზე მეტ რესურსებს ფლობს.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც ნეოლიბერალისტების მოწინააღმდეგეებს მოყავთ, ეს არის ის, რომ “თავისუფალი” ბაზარი პირობითი ცნებაა და მის ასეთად აღქმას მთლიანად საზოგადოების ღირებულებები განაპირობებს. ამის ერთ-ერთი დასტურია, მაგალითად, ბავშვის შრომის აკრძალვა, რაც იმის მიუხედავად, რომ ეს დღეს ძალიან ბევრ საზოგადოებაში შრომის ბაზრის რეგულირებად და ბაზრის თავისუფლების შეზღუდვად არ აღიქმება, თავისი შინაარსით მაინც რეგულირების სფეროა . ასეთი მაგალითი უამრავია, რაც იმას მოწმობს, რომ იდეალურად თავისუფალი ბაზარი არ არსებობს და ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ ყველა საზოგადოებისთვის ერთნაირი, ანგლო-საქსონური, თავისუფლების ნორმა იყოს ლეგიტიმური.
ნეოლიბერალისტური მიდგომის წარმატებული მაგალითის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ ბანგლადეში, რომლის ეკონომიკაც, ნეოლიბერალისტურ-ნეოკლასიკური თვალსაზრისით, ეფექტიანად განვითარდა. კერძოდ, ეკონომიკაში (მზა ტექსტილის წარმოებაში) დასაქმებული 1,5 მილიონი არაკვალიფიცირებული ადამიანი, რომლის 90% ქალები წარმოადგენდნენ, 1990-იანი წლების ბოლოს ქმნიდა ქვეყნის ექსპორტის 76%-ს. სინამდვილეში, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ბანგლადეშის პოტენციური კონკურენტები (შრი ლანკა, პაკისტანი, ჩინეთი, ინდოეთი) 1970 წლიდან შეზღუდულები იყვნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კვოტებით, ბანგლადეში კი ბაზრის თავისუფალ ნიშას იკავებდა. 2005 წლის შემდეგ, როდესაც კვოტა ბანგლადეშსაც შეეხო, ეკონომიკა კონკურენციის პირობებში ჩადგა ქვეყანა დადგა ასეთი არჩევანის წინაშე: ან უნდა შეენარჩუნებინა არსებული ნიშა და სამუშაო დროის გაზრდით და სამუშაო პირობების ინტენსიფიკაციით ფასების კონკურენ-ტულობა შეენარჩუნებინა, ან – უნდა გაეუმჯობესებინა ხარისხი, აემაღლებინა მუშახელის კვალიფიკაცია (Capacity building) და კონკურენციის უფრო მაღალ საფეხურზე გადასულიყო. ნეოლიბერალისტული მიდგომის მიხედვით, ამ ორ არჩევანს შორის განსხვავება არ არსებობს, თუმცა განვითარების მომხრე ეკონომისტები უპირატესობას მეორე არჩევანს აძლევენ და სწორედ ამას ეძახიან “დინამიურ ეფექტურობას”. ამ უკანასკნელ არჩევანში სხვა ლოგიკაც არის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ის რესურსებისადმი დივერსიფიცირებული მიდგომისა და ჯამში გაცილებით მეტი ეფექტურობის მიღწევის საშუალებას იძლევა.
განვითარების მომხრე ეკონომისტების მტკიცებით, კარგი პოლიტიკა ისაა, რომელიც გაზრდილ კონკურენციას უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლით უპასუხებს. ამ პოსტულატს ნეოლიბერალები არ იზიარებენ.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ნეოლიბერალები მათ ყველაზე ძლიერ არგუმენტშიც კი ჩიხში შედიან. კერძოდ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ გრძელვადიანი განვითარების მიზნები რესურსების განაწილების მაქსიმალური ეფექტურობით მიიღწევა, ჩნდება კითხვა – შესაძლებელია კი ეს მხოლოდ ფასების განთავისუფლებით? ეკონომისტთა დიდი ნაწილი დღეს აღიარებს, რომ სახწლმწიფოს ჩარევის გარეშე ეს მიზნიც კი მიუღწეველი დარჩება: უკეთესი ალტერნატივის არსებობა არ ქმნის იმის გარანტიას, რომ ის აუცილებლად განხორციელდება. საჭიროა ჩარევა და პროცესების კომპეტენტური კოორდინაცია.
დასახელებულ მიზეზთა გამო ეკონომისტები დღეს “განმავითარებელი სახელმწი-ფოს” იდეის რეკონსტრუქციაზე საუბრობენ. მათი აზრით, არის რამდენიმე ძირითადი ფუნქცია, რომელიც “განმავითარებელმა სახელმწიფომ” უნდა განახორციელოს :
1. ცვლილებების კოორდინირება: ცვლილებებს სჭირდება კოორდინაცია. მაგალითად, ცნობილია, რომ განვითარებად ქვეყნებში ხალხი თავს იკავებს ახალ დარგებში ინვესტირებისაგან, რადგან ისინი ეჭვობენ, რომ შეიძლება პარალელურად სხვა, მათი არჩევანის შემცვლელი, ინვესტიცია განხორციელდეს. ამიტომ საინვესტიციო პოლიტიკას ცენტრალიზებული კოორდინირება სჭირდება.
2. ხედვის ჩამოყალიბება: ხედვა საჭიროა ეფექტური კოორდინირებისა და “დამალული” რესურსების გამოვლენისათვის, რადგან ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია “არა იმდენად არსებული რესურსების ეფექტურ კომბინირებაზე, არამედ უმეტესწილად მოწოდებაზე, რომ გაბნეული, დამალული და არაეფექტიანად გამოყენებული რესურსების განვითარებისათვის მობილიზება მოხდეს.” ამისათვის კი აუცილებელია არა მხოლოდ მოწოდება, არამედ – ასევე მოწოდების ფორმულირება, ანუ იმ ხედვის ფორმულირება, რომელიც ხსენებულ მოწოდებას ლეგიტიმაციას შესძენს. ამიტომ, შეცდომის ან საზოგადოების მხოლოდ ნაწილის ინტერესების დაკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია ის უნდა იყოს, რომ საზოგადოებაში არსბული შეხედულებები ერთიანად განიხილოს, შეარჩიოს მათგან ყველაზე ხელსაყრელი და კომპეტენტური, შექმნას ერთიანი ხედვა და ის მიაწოდოს საზოგადოებას.
3. ინსტიტუციური განვითარება: დასახული მიზნების განხორციელებას ინსტიტუციური სადგარი ესაჭიროება. ამიტომ, მეცხრამეტე საუკუნის გერმანიიდან დაწყებული დღევანდელ კორეამდე, განმავითარებელი სახწლმწიფოების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ქვეყნები აქტიურად იყენებდნენ წინამორბედების გამოცდილებას და საკუთარ ინსტიტუტებს ქმნიდნენ.
4. კონფლიქტების მართვა: ეკონომიკური განვითარება გულისხმობს რესურსების გადადინებას დაბალ-პროდუქტიული საქმიანობიდან (მიწათმოქმედება) მაღალ-პროდუქტიულ საქმიანობაში (წარმოება). ამ პროცესში ბევრი კონფლიქტია მოსალოდნელი და განმავითარებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია მათი მართვაა. ამ პროცესში სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ შეძლებისდაგვარად თავი დააწიოს ეკონომიკური გარდაქმნის პროცესის გადამეტებულ პოლიტიზებას. ამ შემთხვევაში კონფლიქტების მართვა უნდა ნიშნავდეს არა მხოლოდ სოციალურ და ფინანსურ სქემებს, არამედ – სახელმწიფო უნდა გამოდიოდეს როგორც მოქალაქეების ერთგვარი “დამზღვევი” და გარანტორი იმისა, რომ ისინი არ გახდებიან უსამართლობის მსხვერპლნი.
***
ძირითადი მიზეზი, რომელიც, როგორც წესი, განაპირობებდა ხოლმე “განმავითარებელი სახელმწიფოს” ერთის მხრივ საჭიროებას, მეორეს მხრივ კი – შესაძლებლობას, ყოველთვის იყო ის გარემოება, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები ეკონომიკური ჩამორჩენილობის აღმოფხვრას ისახავდნენ მიზნად.
ძალზედ ზოგადად, ასეთი პოლიტიკის ნიშანი ყოველთვის იყო განვითარებული სახელმწიფოების ბაზრებზე ორიენტირება, დამატებითი ღირებულების სრული ჯაჭვის ერთდროული შექმნა, ფართომასშტაბიანი განათლების პროგრამების განხორციელება (ცაპაციტყ ბუილდინგ) და მიზნობრივი კრედიტების უზრუნველყოფა.
“განმავითარებელი სახელმწიფოს” ყველზე მნიშვნელოვან ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო ბაზრების სტრატეგიული ხედვა და საფინანსო სისტემის იმგვარად მოწყობა, რაც ეკონომიკის დარგების სტრატეგიულ მართვას ხდის შესაძლებელს.
მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულ სახელმწიფოთა უმრავლესობა აქცენტს მძიმე ინდუსტრიაზე და ელექტრონიკაზე აკეთებდა, ასეთი მიდგომა მაინც არ არის კანონი. მაგალითად, იგივე სამხრეთ კორეამ, რომელმაც მოგვიანებით სწორედ ელექტრონიკისა და მანქანათმშენებლობის სფეროში გაითქვა სახელი, 20-ე საუკუნის 60-იან წლებში განვითარება ტექსტილის მრეწველობის განვითარებით დაიწყო. იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთზე და თურქეთზე. თურქეთის მაგალითი საინტერესოა იმითაც, რომ აქ სახელმწიფო მსგავს მიდგომებს სოფლის მეურნეობაშიც იყენებს.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ახერხებს ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, ესაა ფინანსური სახსრების კონტროლი. კრედიტზე დაფუძნებული ფინანსური სტრუქტურები ინდუსტრიული პოლიტიკის რეალურ მამოძრავებელს წარმოადგენდა მაგალითად საფრანგეთსა და იაპონიაში . ასეთი სისტემის უპირატესობა ისაა, რომ მისი მეშვეობით სახელმწიფო გავლენას ახდენს საინვესტიციო პოლიტიკაზე და პრაქტიკულად განსაზღვრავს ეკონომიკის სექტორების მობილურობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ სისტემაში ფირმები, რომლებიც საბანკო კრედიტზე არიან დამოკიდებულები, სწრაფად პასუხობენ სახელმწიფოს სტრატეგიას, რომელიც ხორციელდება საპროცენტო განაკვეთების, ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით. იგივე ხდებოდა, მაგალითად, 1980-იანი წლების ფინეთშიც, სადაც მრეწველობის დაფინანსების ძირითად წყაროს სწორედ საბანკო სესხები წარმოადგენდა და არა – კერძო კაპიტალი .
განმავითარებელი სახელმწიფოს საფინანსო სისტემა
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ახერხებს ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, ესაა ფინანსური სახსრების კონტროლი. კრედიტზე დაფუძნებული ფინანსური სტრუქტურები ინდუსტრიული პოლიტიკის რეალურ მამოძრავებელს წარმოადგენდა მაგალითად საფრანგეთსა და იაპონიაში . ასეთი სისტემის უპირატესობა ისაა, რომ მისი მეშვეობით სახელმწიფო გავლენას ახდენს საინვესტიციო პოლიტიკაზე და პრაქტიკულად განსაზღვრავს ეკონომიკის სექტორების მობილურობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთ სისტემაში ფირმები, რომლებიც საბანკო კრედიტზე არიან დამოკიდებულები, სწრაფად პასუხობენ სახელმწიფოს სტრატეგიას, რომელიც ხორციელდება საპროცენტო განაკვეთების, ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით. იგივე ხდებოდა, მაგალითად, 1980-იანი წლების ფინეთშიც, სადაც მრეწველობის დაფინანსების ძირითად წყაროს სწორედ საბანკო სესხები წარმოადგენდა და არა – კერძო კაპიტალი .
მიუხედავად წარმატებულობისა, სისტემას სერიოზული რისკებიც ახასიათებს და ამ რისკების მართვას პროფესიონალები სჭირდება.
ერთ-ერთი ასეთი რისკია სისტემის შინაგანი არასტაბილურობა. მაგალითად, ის ფირმები, რომელთაც კრედიტზე ხელი მიუწვდებათ, ხშირად სამომხმარებლო ბაზარს საერთოდ თავს არიდებენ და სახელმწიფო “დაკვეთებზე” მუშაობას ამჯობინებენ, რასაც, შემოსავლების კლების შემთხვევაში, მათი ეფექტურობის დაცემა და ბანკების დიდ დავალიანება მოყვება ხოლმე. ასეთ პირობებში ბანკები ზარალდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ დიდ ფირმას ემართება და მისი გაკოტრება სოციალურ რისკებთან არის დაკავშირებული, მაშინ სახელმწიფო იძულებული ხდება, რომ ფირმა გადაარჩინოს და ვალები ჩამოაწეროს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზარალდება.
ეს გარემოება კარგად ესმით თავად ფირმებსაც და ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ზომაში გაიზარდონ. ამიტომ, ყოველთვის საჭიროა იმაზე ზრუნვა, რომ სფეროზე გამოყოფილი კრედიტი ერთი ფირმის ხელში არ აღმოჩნდეს .
მესამე გარემოება ის არის, რომ პატარა ქვეყნის კომპანიები მეტწილად უცხოურ ბაზრებზე ხდებიან დამოკიდებულები და ამიტომ მეტად გრძნობენ საერთაშორისო ბაზრის რხევებს. გლობალური ეკონომიკის დინამიკის ოდნავმა შენელებამაც კი შეიძლება საფუძვლიანად დააზიანოს საშინაო ეკონომიკა.
ამიტომ, თუ სახელმწიფოს სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მიღება სურს, მაშინ ის რისკების სოციალიზაციისთვისაც მზად უნდა იყოს.
განმავითარებელი სახელმწიფოს ბიუროკრატია
თუ ლათინური ამერიკის “განმავითარებელ” სახელმწიფოებზე არ ვილაპარაკებთ (ბრაზილია, მექსიკა), სადაც მთავრობის ცვლილებას ათეულ ათასობით სახელმწიფო მოხელის ცვლა მოყვება ხოლმე და ეს ნორმად აღიქმება, ძალიან საინტერესო მაგალითს გვიჩვენებს ბიუროკრატია იაპონიაში.
იაპონიაში არის მერიტოკრატული პროფესიონალური ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც ქვეყნის საუკეთესო იურიდიული და ეკონომიკური ინსტიტუტების საუკეთესო კურსდამთავრებულებით არის დაკომპლექტებული. დანიშვნები ხდება საყოველთაოდ სავადებულო საერთო-ეროვნული გამოცდების შედეგად (პრემიერ მინისტრს სულ 20-მდე დანიშვნა შეუძლია განახორციელოს – მინისტრების და სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელების). სახელმწიფო აპარატზე გავლენას ვერ ახდენს არჩევნების შედეგები .
სახელმწიფო აპარატის მოვალეობებში შედის ძირითადი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება, მისი განხორციელების გზების იდენტიფიკაცია და, ასევე, იმის უზრუნველყოფა, რომ სტრატეგიულ სექტორებში კონკურენციას ქონდეს ადგილი .
“განმავითარებელი” სახელმწიფო არ არის რაღაც მუდმივი ფენომენი. ასეთი მიდგომა სახელმწიფოს მაშინ სჭირდება, როცა სწრაფი განვითარება უნდა. რაღაც ეტაპზე ყოველთვის დგება დრო, როცა მწარმოებელზე ორიენტირებული ეკონომიკიდან მომხმარებელზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლა ხდება ერთის მხრივ საჭირო, მეორეს მხრივ კი – შესაძლებელი.
ერთი განსაზღვრებით, განმავითარებელი სახელმწიფო არის “არა იმპერიული გაერთიანება, რომელიც საზოგადოებაზე ბატონობს, არამედ – ბიზნეს სექტორის პარტნიორი [ინდუსტრიული] გარდაქმნის ისტორიულ ეტაპზე”. ასევე: “განმავითარებელი სახელმწიფო ნიშნავს, რომ თითოეული მხარე მეორეს იყენებს ურთიერთხელსაყრელ ურთიერთობებში, რათა მიაღწიონ განვითარების მიზნებს და უზრუნველყონ მრეწველობის სიცოცხლის-უნარიანობა. სახელმწიფო დამაჩქარებელი ინსტიტუტია … ხოლო მენეჯერები უჯერებენ სახელმწიფოს რჩევებს” .
განმავითარებელი სახელმწიფო და მსხვილი ბიზნესი
ერთი განსაზღვრებით, განმავითარებელი სახელმწიფო არის “არა იმპერიული გაერთიანება, რომელიც საზოგადოებაზე ბატონობს, არამედ – ბიზნეს სექტორის პარტნიორი [ინდუსტრიული] გარდაქმნის ისტორიულ ეტაპზე”. ასევე: “განმავითარებელი სახელმწიფო ნიშნავს, რომ თითოეული მხარე მეორეს იყენებს ურთიერთხელსაყრელ ურთიერთობებში, რათა მიაღწიონ განვითარების მიზნებს და უზრუნველყონ მრეწველობის სიცოცხლის-უნარიანობა. სახელმწიფო დამაჩქარებელი ინსტიტუტია … ხოლო მენეჯერები უჯერებენ სახელმწიფოს რჩევებს” .
ამის მიუხედავად, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავს სისტემაში ადვილად შეიძლება განვითარდეს კორუფცია. მიუხედავად იმისა, რომ განმავითარებელი სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში მაინც საბაზრო ძალებს ეფუძნება და სწორედ ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით ახორციელებს რაციონალურ დაგეგმვას, ასეთი მოდელი თავის თავში ატარებს შესაძლებლობას, რომ განვითარების მიზნების ნაცვლად ცალკეულ ჯგუფთა ინტერესები იქნას დაცული. ასეთ შემთხვევაში ზინდება მომხმარებელი, ქვეითდება სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი და ა.შ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საბოლოოდ მაინც ყველაფერი სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებაზე რჩება დამოკიდებული.
ხსენებული საფრთხე განსაკუთრებით მაღალია ისეთ ქვეყნებში, სადაც საზოგადოების ტრადიციული არაფორმალური ინსტიტუტები ძალიან ძლიერია. ამ პრობლემის პრევენცია გულისხმობს, რომ სახელმწიფომ მსხვილი ბიზნესის განუზომელი გაძლიერება არ დაუშვას, რათა მსხვილი ბიზნესი სახელმწიფოზე ძლიერი არ უნდა გახდეს და თავად არ უკარნახოს პირობები სახელმწიფოს. ამის საუკეთსო მაგალითია სამხრეთ კორეული “ჩებოლები” (ასევე, ომამდელი “ზაიბაცუ” იაპონიაში), ანუ უმეტესად ერთი ოჯახის დაქვემდებარებაში მყოფი უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფები, რომლებიც დამოუკიდებლად თამაშობენ როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში. მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა აშშ-ც (მაგ. Standard Oil-ის მაგალითი) “კონკურენციის შესახებ” კანონის (Antitrust Law) შემოღებამდე. საინტერესოა, რომ “ჩებოლებს” ეკრძალებათ კერძო ბანკების ფლობა და ამ ბერკეტს სახელმწიფო მათზე გავლენის შესანარჩუნებლად იყენებს. ამას გარდა, 1990 წელს შემოღებული კანონმდებლობით “ჩებოლებს” აღარ შეუძლიათ ექსკლუზიურად ერთ ბანკთან ურთიერთობა. ეს ნორმა შემოიღეს იმის გათვალისწინებით, რომ ადრე “ჩებოლები” ერთ რომელიმე ბანკს შეეკვრებოდნენ ხოლმე და პრაქტიკულად ულიმიტო კრედიტებით სარგებლობდნენ.
კორეა მცირე და უპირატესად სამიწათმოქმედო ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო ჯერ კიდევ 1961 წელს, როდესაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა განეხორციელებინა და ამ მიზნით ბიზნესს კრედიტების გარანტიები მისცა .
როგორც ითქვა, საზოგადოების ტრადიციულ არაფორმალურ ინსტიტუტებს გადამწყვეტი როლი ჰქონდა კორპორატიული სახელმწიფოს შინაარსის ჩამოყალიბებაში. არ არსებობს რაიმე უნივერსალური მოდელი, რომელიც ყველა “განმავითარებელ” სახელმწიფოს ერთმანეთს დაამსგავსებდა. რაც მათ აერთიანებს, არის სახელმწიფოს გადამწყვეტი როლი ბიზნესის განვითარების სფეროში და ფინანსური ბერკეტების სახელმწიფო მონოპოლია. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და საზოგადოების აქცენტი ტექნიკურ განათლებაზე, რაც ძალიან ფასობს და პრაქტიკულად ყველა ოჯახის მიზანს წარმოადგენს, რომ შვილს სწორედ ასეთი განათლება მისცეს. შედეგად, შრომის ბაზარზე კონკურენციაც ძალიან მაღალია .
ანდრო ბარნოვი
12.02.2008
ბიბლიოგრაფია:
Asia's next giant: South Korea and late industrialization - by Alice H. Amsden
Comments