Skip to main content

სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

ქართულმა საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ როდესაც არჩეულ პირს უფლებამოსილებას უჩერებენ, ხალხის არჩევანს სანაგვეში აგდებენ. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს უგულავა ან არ მოსწონდეს, მაგრამ არ შეიძლება მოგწონდეს, როდესაც დემოკრატიის ელემენტარული პრინციპები ფეხქვეშ ითელება.

როდესაც ყოფილი მინისტრები ბრალის დამტკიცების გარეშე ციხეში იმყოფებიან, როდესაც არჩეულ მერს უფლებამოსილებას უწყვეტენ, ეს ვერ ჩაითვლება სამართლიანობის აღდგენად და ღირსების დაბრუნებად, ვერ ჩაითვლება უკეთესი დემოკრატიისაკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად. ეს ცალსახად არის უარესი დემოკრატია, ეს არის ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ და ნაბიჯი უკან ჩვენი ევროპული მომავლისგან.

ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც დამახასიათებელია რუსეთისთვის და ძალიან სამწუხაროა, რომ მისი ექსპორტი საქართველოში ასე ენერგიულად დაიწყო და გრძელდება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა უკეთეს დემოკრატიას, პროგრესს, განვითარებას და ევროპულ მომავალს. ჩვენი ქვეყანა "პატარა სოფელი" კი არ არის, არამედ - განვითარების გზაზე მყარად მდგარი საზოგადოების სახლია, ჩვენი საზოგადოება არ არის უღირსი, რომ ცრუ მერკანტილურ ინტერესებზე გაცვალოს საკუთარი ღირსეული მომავალი. ჩვენ მართლაც უკვე გვჭირდება ღირსების დაბრუნება, რომელსაც ძალიან სწრაფად ვკარგავთ და ამიტომ, მოვუწოდებ სამოქალაქო სექტორს, მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას და მოვუწოდებ მთავრობას, რომ დავდგეთ პირად სიმპათიებზე და სიძულვილზე მაღლა, გავიხედოთ შორს მომავლისკენ და, უბრალოდ, სწორად მოვიქცეთ.

შევთანხმდეთ ძირითად რაღაცეებზე, ვთქვათ, რომ დემოკრატია ნამდვილი უნდა იყოს, რომ დამოუკიდებლობა ნებისმიერი კეთილდღეობის უცვლელი წინაპირობაა, რომ რუსეთი ცუდია არა როგორც ადამიანები, არამედ - როგორც ცივილიზაციური მოდელი, რომელზეც ჩვენ უარს ვამბობთ, ვაღიაროთ, რომ პუტინი საშიში კი არის, მაგრამ მასთან გამკლავება უპრინციპობით შეუძლებელია! შევთანხმდეთ ამ ყველაფერზე და წინ წავა ჩვენი ქვეყნის საქმე.

მინდა, მოვუწოდო პოლიტიკოსებს, რომ ნუ განიხილავთ პოლიტიკას ძალაუფლებისთვის თვითმიზნურ ბრძოლად. განიხილეთ ის პასუხისმგებლობად და აღარ შეგეშინდებათ სკამების დაკარგვის. ამ სკამების შიშით აღარ გადაემტერებით ერთმანეთს და არ ჩასვამთ ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გეშინიათ და განადგურება გინდათ.

დაბოლოს, მინდა ვთხოვო სამოქალაქო სექტორს, რომ გამოიჩინოს განსაკუთრებული პრინციპულობა ამ საკითხების მიმართ. დროა, დავძლიოთ კომპლექსები და გავაცნობიეროთ, რომ სიმართლის მხარეს ნაციონალური მოძრაობის წევრიც შეიძლება აღმოჩნდეს, ქართული ოცნებისაც და ბევრი სხვაც, რომელიც შეიძლება სულაც არ გვეხატება გულზე. სიმართლის მხარდაჭერა პარტიის მხარდაჭერას არ ნიშნავს და ჩვენ, როგორც საზოგადოება, მხოლოდ იმას უნდა დავაკვირდეთ, თუ ვინ იდგება ყველაზე ხშირად სიმართლისა და ჩვენი უსაფრთხო მომავლის დასაცავად.

დღეს სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, დღეს სწორედ სამოქალაქო სექტორის ფუნქციაა, რომ წინ წავიწიოთ ევროპის გზაზე და ეს გარემოება უდიდეს პასუხისმგებლობას ანიჭებს თითოეული ჩვენთაგანის სამოქალაქო პოზიციას. სამოქალაქო სექტორის ერთიანი ხმა ბევრ რამეს გადაწყვეტს და ჩვენ არ უნდა დაგვეზაროს ამ ხმის მკაფიოდ გაჟღერება!

მაშ, უარი ვუთხრათ შიშს, უარი ვუთხრათ მერკანტილურ ინტერესებს, ბოღმას და სიძულვილს და დავდგეთ სიმართლის, ობიექტურობის, შორსმჭვრეტელობისა და თავისუფლების დასაცავად. დღესაც და მომავალშიც!

Comments

Popular posts from this blog

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

კავკასიური ევროპა და ამერიკის მორალური უპირატესობა

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას საქართველოში ბევრი გულისფანცქალით ელოდა. ამ შეხვედრას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდი კითხვა იყო: „განახლდება თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოში?“. მაგრამ საკითხები ამით არ შემოიფარგლებოდა. მოსკოვში ხელი ერთ რეალურ შეთანხმებას მოეწერა, ერთზეც შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. გამოქვეყნდა რამდენიმე ერთობლივი დეკლარაცია და მემორანდუმი. ამ ყველაფრიდან რეალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა და შეთანხმება ავღანეთისკენ ამერიკული ჯარისთვის კორიდორის გახსნის შესახენ. სხვა საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელი იყო და არც მომხდარა. რა თქმა უნდა, იყო მოწოდებები თანამშრომლობის შესახებ ირანის, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, ასევე, ღიად ითქვა, რომ ნატოს გაფართოება არ შეიძლება შეჩერდეს რომელიმე მესამე ქვეყნის სურვილის გამო. ისიც ითქვა, რომ საქართველოს შესახებ უთანხმოება შეიარაღებული შეტაკებების გარეშე უნდა გადაიჭრას, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ობამას მხრიდან ითქვა. რუ...