„არ ვამბობ, რომ ევრაზიის ინსტიტუტი მთავრობასთან ტანდემში მოქმედებს, თუმცა ძალა, რომელიც ორივეს მართავს, რუსეთია“
19 December, 2013 3 საათის და 11 წუთის წინ
ევრაზიის ინსტიტუტის მიერ დაანონსებულმა სახალხო მოძრაობამ „ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ საქმიანობა დაიწყო. ევრაზიის ინსტიტუტის საინფორმაციო პოლიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ სახალხო მოძრაობის გამგეობის წევრების ერთი ნაწილი - პროფესორი გვანცა კოპლატაძე, გრიგოლ რუხაძე, გულბაათ რცხილაძე, შოთა აფხაიძე და ირაკლი ყიფიანი შიდა ქართლის კონფლიქტური ზონის ქართული სოფლის - ბერშუეთის მოსახლეობას შეხვდნენ. მისივე ცნობით, ქართველი გლეხები რუსეთთან დაახლოების მოთხოვნით გამოდიან. აღნიშნულ ფაქტს თავის ბლოგში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა, რომლის აზრით, დამოუკიდებლობის იდეის მიზანმიმართული დისკრედიტაცია დაიწყო. ბარნოვი დღეს სოფელ ბერშუეთს სტუმრობდა და ადგილობრივებს შეხვდა. “Frontnews” მას უფრო დეტალურად სახალხო მოძრაობის კამპანიაზე, ადგილობრივების განწყობასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ესაუბრა.
– რა სახის კამპანიას აწარმოებს ევრაზიის ინსტიტუტი კონფლიქტურ რეგიონებში?
– მათ ვებ–გვერდზეც აქვთ განთავსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიწყეს აქტიური მოძრაობა კონფლიქტისპირა სოფლებში, ხვდებიან ხალხს და არის როტორიკა, რომ რუსეთთან მეგობრობის და რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნების გარეშე საქართველოს არაფერი ეშველება, რომ მათი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები არ გადაიჭრება და ა.შ. ასეთი რიტორიკით ცდილობენ, ხალხს, რომელიც გაჭირვებულია, წინ აქვს ზამთარი, ტვინი აურიონ. ისინი ეუბნებიან მათ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვლაპარაკობთ საქართველოს ერთიანობაზე, მაგრამ ვიდრე ეს მიზანი იქნება მიღწეული, გიშუამდგომლებთ რუსეთთან და აბა, რა გიჭირთო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად, იგივე რიტორიკას იმეორებს. ისინიც აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. გვახსოვს ბოლო ერთი წლის ისტორიაც, რომ ამ ხალხს სიტყვა ოკუპაციის გამოყენებაც კი ძალიან უჭირდა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ მათ ხმა ამოეღოთ და ეთქვათ ხმამაღლა, რომ საქართველოს ოკუპაცია რეალობაა. მიდის ხალხის ტვინების არევა და და დამოუკიდებლობის იდეის დისრკედიტაცია. ძალიან საინტერესოა, რატომ ელაპარაკებიან ხალხს ამ თემაზე და რატომ ცდილობენ, ხალხში მოიპოვონ ეს მხარდაჭერა, თითქოს მთავრობა აღწევს ამ ურთიერთობების დარეგულირებას და ვინმე ხელს უშლიდეს, არამედ პირიქითაა – მთავრობა ვერ აღწევს თავის მიზანს, ტყუილი დაპირებები გასცა და რეალურად არაფერი შეუძლია. ამ სიტუაციაში გამოდის ეს ხალხი და დამატებით ცდილობს, ადგილობრივები უფრო დააბნიოს.
– თქვენ დღეს იყავით სოფელ ბერშუეთში. ადგილობრივების რეალური განწყობა როგორია?
– ადგილზე დამხვდა ასეთი სიტუაცია: მოსახლეობამ მითხრა, რომ ვინც იმ შეხვედრას ესწრებოდა, არ იცოდა, სად მიდიოდა და რას ესწრებოდა. შემდეგ 1–2 ადამიანი ალაპარაკეს და აჩვენეს ეს სიმრავლე, რომ დაეხატათ სურათი, თითქოს მოსახლეობაში ფართო მხარდაჭერა აქვს ევრაზიის ინსტიტუტის და ამ მოძრაობის რიტორიკას. რეალური სიტუაცია კი არის საკმაოდ განსხვავებული. მე ვესუაბრე ადგილობრივებს, ისინი უკიდურესად გაღიზიანებულები არიან როგორც რუსეთის ქმედებების გამო, ასევე იმ დუნე პოზიციის გამო, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ამჟღავნებს და თვითონ ევრაზიის ინსტიტუტის ქმედებების გამო. ასე რომ, ასე ცალსახად იმის დაშვება და თქმა, რომ იქ მოსახლეობა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების თხოვნით გამოდიან, ეს მიაჩნიათ უპირველეს პრიორიტეტად და მითუმეტეს ეს ხდებოდეს ევროკავშირში ინტეგრაციის უარის თქმის ხარჯზე, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და რეალობას არ შეესაბამება. ამდენად, როგორც ჩანს, დიდი ნაწილი მოსახლეობისა გაუგებრობაში მოყვა. ასევე მინდა, აღვნიშნო ვაშლის მოსავლის რუსულ ბაზარზე შეტანაზე. ადგილობრივებმა მითხრეს, რომ მათმა ნაწილმა მართლაც წაიღო მოსავალი რუსეთში, მაგრამ იმდენი დაუჯდათ ტრანსპორტირება, რომ ვალებით დავბრუნდით უკანო. ისინი ამბობენ, რომ ვაშლის ფასი რუსეთში ჩვენი ვალუტით 1.5 ლარის ფარგლებშია და ამ ფასად ხარისხიან მოსავალს ადგილზეც გავყიდითო.
– თქვენს ბლოგში ნახსენებია, რომ ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურობენ საპატრიარქოსთან დაახლოებული პირები. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, ვინ არიან ისინი?
– მაგალითად, იქ იყო გვანცა კოპლატაძე, რომელიც ჩემი ყოფილი ლექტორია. ვიცი ამ ადამიანის შესახებ. ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანი წლების განმავლობაში ასწავლიდა სემინარიაში და საპატრიარქოსთან დაახლოებულია. გამიკვირდა და მეწყინა, რომ ის იქ ვნახე და მოძრაობის დამფუძნებლებში მისი სახელი და გვარი ფიგურირებს. ასევე შოთა აფხაიძე და ა.შ.
– ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, რომლის რიგი წარმომადგენლები უკვე ღიადაც ამბობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება თურმე, ადვილი არ იქნება და ეს მხოლოდ სააკაშვილის რიტორიკის ბრალი არ ყოფილა...
– მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ხვდება ამას. შეიძლება, ვიღაცეები ხვდებიან, მაგრამ ისინი ხმის ამოღებას ვერ ბედავენ და ფორმალურად არიან მინისტრები, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი მარიონეტები, თოჯინები არიან. როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება? – უნდა დაუპირისპიროს ამ რიტორიკას სწორი რიტორიკა, ხალხთან უნდა დაამყაროს კონტაქტი და აუხსნას, სინამდვილეში რა ხდება, მაგრამ როცა ხელისუფლებაც იგივეს იმეორებს, რა სიკეთეს უნდა ველოდოთ?! თქვენ წარმოიდგინეთ, ხვალ დაიწყება იგივე, რაც ხდება უკრაინაში. ზეწოლა იქნება, აუცილებლად და იმ შემთხვევაში, თუ გატყდება ხელისუფლება, როგორც უკრაინაში მოხდა, რას დავუპირისპირებთ ამას, თუ ხალხის ტვინებიც არეული იქნება და დაბნეული მოსახლეობა გვეყოლება?! ეს არის წინასწარ შემზადება იმისა, რომ უმტკივნეულოდ ჩავბარდეთ რუსეთს.
– ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთის მხრიდან ზეწოლას არც მთავრობაში გამორიცხავენ, მაგრამ განსხვავებით უკრაინისგან, რა ბერკეტი შეიძლება, გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს „გამოსაჭერად“?
– ხალხი... მე ეს ადრეც ვთქვი. რუსეთის ძირითადი ბერკეტი შემდეგშია: დაშალოს საზოგადოება და მოშალოს ერთიანობა, გააჩინოს დაბნეულობა მიზნების მიმართ და შემდეგ ისარგებლოს ამ სიტუაციით, მოახდინოს ზეწოლა კონკრეტულ მიზნებზე ხელისუფლებაში და მიაღწიოს თავის მიზანს. ეს არის რუსეთის მოქმედების სტილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც მთავრობის პოზიცია არ არის საბოლოოდ გარკვეული და ჩამოყალიბებული, მეტიც, ხშირ შემთხვევაში დესტრქუციულია და როცა ასე უპასუხოდ გზას უხსნიან ისეთ დესტრუქციულ ორგანიზაციას, როგორიც ევრაზიის ინსტიტუტია, თქვენ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა გველის ხვალ?!
– როგორც ცნობილია, უკვე თითქმის მესამე თვეა, გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირებისთვის დროებითი სამთავრობო კომისია შეიქმნა. თუ ფლობთ ადგილობრივებისგან ინფორმაციას, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა კომისიის საქმიანობით?
– თუ ვიმსჯელებ იმ გამოცდილებით, რაც გამაჩნია, ანუ იმ ადამიანების საუბრების მიხედვით, ვისთანაც კონტაქტი მქონია, არ მგონია, რომ იქ ამ კომისიის მუშაობას ვინმე გრძნობდეს. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს კმაყოფილი ადამიანი.
– კომისია ძირითადად ჰუმანიტარული, სოციალური დახმარებებით შემოიფარგლება...
– გასაგებია, მაგრამ ჰუმანიტარული დახმარებები ამ რეგიონში ატარებს პერმანენტულ ხასიათს და არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს. შაქარი და ფქვილი ვერ წყვეტს იმას, რომ ადამიანებს საკარმიდამო ნაკვეთები მოაჭრეს და ოკუპანტების მხარეს აღმოჩნდა. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა, მოსახლეობისთვის თვალების ახვევა და მცდელობა იმისა, რომ ხალხს რაღაცნაირად თვალი დაახუჭინონ ძირითად პრობლემებზე, რომელიც სინამდვილეში არსებობს. ანუ, ეს არის პრაქტიკულად, იგივე კამპანია, რასაც ეწევა ევრაზიის ინსტიტუტი. მე არ ვამბობ, რომ ისინი საქართველოს მთავრობასთან ტანდემში მოქმედებენ, თუმცა ის ძალა, რომელიც ამ შემთხვევაში ორივეს მართავს, არის რუსეთი.
– ანუ საქართველოს მთავრობა, თქვენი აზრით, რუსული სიგნალებით იმართება?
– ცხადია, არაპირდაპირ. მე არ ვამბობ, რომ ისინი რუსეთის დავალებით მოქმედებენ, მაგრამ ისინი მოქცეული არიან იმ ტყუილებში და ფუჭ იმედებში, რომელსაც, როგორც ჩანს, რუსეთი ფარდის უკან უფენს.
თელარა გელანტია
ახალი ამბების სააგენტო „Frontnews”
Comments